"მხოლოდ რუსეთის დემონტაჟი" - მსოფლიო უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ რუსეთის სახელმწიფო უნდა დაიშალოს"
როგორ შეეძლო მსოფლიოს თავიდან აეცილებინა უკრაინაში მიმდინარე ომი? როგორ შეიძლება შევაჩეროთ რუსეთი და მსოფლიო დავიცვათ ახალი აგრესიისგან? რატომ არის გარდაუვალი რუსეთის ფედერაციის დაშლა? რა შეცდომა დაუშვა დასავლეთმა საბჭოთა კავშირთან და არის თუ არა რისკი, რომ იგივე შეცდომა დაუშვას რუსეთის ფედერაციასთან მიმართებითაც? ამის შესახებ გამოცემა "რადიო თავისუფლებამ" პროექტ Донбасс.Реалии-ის ფარგლებში ახმედ ზაკაევს ესაუბრა, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გახლდათ, ამჟამად კი - ჩეჩნეთიდან დევნილია.
- ვინ არის პუტინი?
- თუ მის პოლიტიკურ საქმიანობაზე ვსაუბრობთ, ძალიან კარგი შეფასება გააკეთა ანალიტიკოსმა ანდრეი პიონტკოვსკიმ, როცა მას "რუსეთის სახელმწიფოს დანგრევის კომისიის თავმჯდომარე" უწოდა, თუ სამართლებრივად ვსაუბრობთ - ის სამხედრო დამნაშავეა.
მსოფლიომ და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, როცა ჰააგის სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ვფიქრობ, ის ისტორიაში შევა, როგორც სამხედრო დამნაშავე და ადამიანი, რომელიც ნგრევათა სათავეში იდგა, რომელმაც საბოლოოდ დაანგრია რუსეთის იმპერია.
- თქვენი აზრით, არსებობს თუ არა რუსეთის ფედერაციის კრახის წინაპირობა ?
- როცა პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია წამოიწყო, ნათელი გახდა, რომ ისეთი სახელმწიფო, რომელიც 2022 წლამდე, უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე არსებობდა, აღარ იქნება. ვფიქრობ, რომ ეს ტრანსფორმაცია აუცილებელია და ის პროცესები, რომელიც ახლა ხდება, სწორედ ამას მეტყველებს.
- შესაძლოა თუ არა რუსეთში არეულობა ან სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს? და თუ შესაძლებელია, რუსეთის რომელ ნაწილში?
- ვფიქრობ, არეულობა, შესაძლოა, რუსეთის ცენტრალურ ნაწილში, მოსკოვსა და მის შემოგარენში დაიწყოს. ხოლო იმ რეგიონებს, რომლებიც ცენტრალური რუსეთიდან მოშორებით არიან, არ მგონია, რაიმე ქაოსი შეეხოს.
- ომის შემდეგ, რომელ სცენარს არ ელოდება ევროპა?
- სამწუხაროდ, დასავლეთი დღეს არ არის მზად იმისთვის, რომ რუსეთი სხვაგვარ სახელმწიფოდ ტრანსფორმირდეს ან რუსეთი დაიშალოს.
ჩვენ გვახსოვს, როცა 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის დეცენტრალიზაციის პროცესი მიმდინარეობდა და ის დსთ-ად გარდაიქმნა, დასავლეთი ამისთვის არ იყო მზად და საბჭოთა კავშირის, მიხეილ გორბაჩოვისა და მისი რეფორმების გადარჩენას ცდილობდა. მაშინ მათ ეს ნაწილობრივ გამოუვიდათ და შედეგად 20 წელზე მეტის შემდეგ, 2022 წელს, რუსეთმა მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესია წამოიწყო.
ახლა, თუ ეს ქვეყანა საბოლოოდ არ იქნება დაშლილი და თუ მსოფლიო რაღაც რეფორმებს დასჯერდება, ცუდ პუტინს შეცვლიან კარგი ნავალნით ან ხადარკოვსკით, მომავალშიც იგივე განმეორდება.
მსოფლიო უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ რუსეთის სახელმწიფო, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამდენი წლის განმავლობაში არსებობს, უნდა დაიშალოს და გარდაიქმნას სხვა სახელმწიფოდ.
- ამ შემთხვევაში რა ბედი ელის ბირთვულ იარაღს, რომელსაც რუსეთი ფლობს?
- თუ მსოფლიო იქნება მზად იმისთვის, რომ რუსეთი რამდენიმე ათეულ სახელმწიფოდ დაიშალოს, ბირთვული იარაღი, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოექცევა, აღარ იქნება საშიში და - არც პრობლემა საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რადგან დასავლეთსა და ცივილიზებულ სამყაროს აქვს მსგავსი გამოცდილება.
როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და დსთ წარმოიქმნა, სწორედ მსგავსი სიტუაცია შეიქმნა. ბელარუსმა, უკრაინამ და ყაზახეთმა თავისი ნებით განაცხადეს უარი ბირთვულ იარაღზე. სწორედ ასე მოიქცევიან სხვა ახალწარმოქმნილი სახელმწიფოებიც.
რაში დასჭირდება ამ პატარა სახელმწიფოებს ბირთვულ იარაღზე ფიქრი? ამის საჭიროება მათ უბრალოდ არ ექნებათ. მათ არ ექნებათ ელემენტარულად იმის უნარი, რომ ეს ბირთვული იარაღი შეინახონ და ამიტომ თავადვე იტყვიან უარს.
- ჩეჩნეთი? როგორ ხედავთ მის მომავალს?
- ჩეჩნეთს ვხედავ, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს კავკასიაში. კავკასია უნდა იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი. დარწმუნებული ვარ, ომში დამარცხების შემდეგ პირველი რეგიონი რომელიც რუსეთს უნდა გამოეყოს - კავკასიაა.
კავკასიაში ჩვენ ყოველთვის მეგობრულად ვცხოვრობდით მეზობელ ერებთან.
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მომავალს ვხედავ, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, რომელიც იქნება კონფედერაციულ საერთოკავკასიურ სახლში გაერთიანებული, ე.წ. კავკასიურ კავშირში, რომელიც ევროკავშირის ანალოგი იქნება.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი განხორციელდება და ამით იქნებიან დაინტერესებული ძლიერი სახელმწიფოები - ისეთი, როგორიცაა აშშ და თურქეთი და ის უკრაინაც, რომელიც დღეს იბრძვის იმისთვის, რომ რუსეთის იმპერიამ შეწყვიტოს არსებობა.
- თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ეს მოხდეს? არის რაიმე უმტკივნეულო ხერხი?
- 11 მაისს იგეგმება კონფერენცია, რომელზეც მთიელთა დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 105 წლის იუბილე აღინიშნება. აქ გაჟღერდება იდეა, რომ კიდევ ერთხელ უნდა შევქმნათ მაშინდელი გაერთიანება.
ვფიქრობ, ამ შემთხვევაში უმტკივნეულოდ მოხდება მთიელთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენა, რადგან მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში ომს წააგებს, მათ არ ეცლებათ კავკასიისთვის და არც ბევრი სხვა რუსული რეგიონისთვის.
- როგორ უნდა გააკონტროლონ რუსეთი მომავალში უკრაინამ, დასავლეთმა და მთელმა მსოფლიომ?
- მხოლოდ ამ გზით - დაშლით. შეიძლება არა ათეულობით სახელმწიფოდ, მაგრამ რამდენიმე სახელმწიფოდ, რომლებიც საერთაშორისო სამართლის სუბიექტები იქნებიან.
და იმ მასას, რომელიც დღეს მხარს უჭერს პუტინსა და პუტინისტურ რუსეთს ანუ იმპერიულ პოლიტიკას, უნდა გამოეცალოს ყველაზე მთავარი იარაღი, რომელიც მათ ცნობიერებაშია - იმპერიალიზმი, იმპერიული შოვინიზმი: ჩვენ ყველაზე მთავარი ვართ, ჩვენ ყველაზე დიდი ვართ, ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი რესურსი.
მათ სწორედ ეს უნდა დაკარგონ: "ყველაზე, ყველაზე", ამის შემდეგ დაიწყებენ თავისთვის ცხოვრებას და არ შეუშლიან ხელს სხვა ერებსა და სახელმწიფოებს. მხოლოდ ამაში ვხედავ ამ რუსული იმპერიის - ბოროტების იმპერიის პრობლემის მოგვარებას", - განაცხადა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ახმედ ზაკაევმა. (წყარო)