ჩემოდანი პუტინისთვის - ბირთვული ღილაკით თუ მაინც ჯავშანფილებით?
დასავლურ მასმედიაში დიდი ალიაქოთი ატყდა მას შემდეგ, რაც ცნობილმა ბრიტანულმა ტაბლოიდმა The Mirror-მა "სენსაციური" ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ, თურმე, პრეზიდენტ პუტინს 9 მაისის სამხედრო აღლუმზე გვერდიდან არ მოსცილებია თანაშემწე შავი ფერის მომცრო ჩემოდნით, რომელშიც ბირთვული იარაღის გაშვების კოდები ინახებოდა. ამით კრემლი აშინებს დასავლეთს, რომ პუტინს ხელის ერთ გაწვდენაზე სულ თან "ახლავს" "ბირთული ღილაკი"...
მართლაც ასეა თუ არა?
ის, რომ თან სატარებელი "ბირთვული ჩემოდანი" - პორტატული ელექტრონული სამეთაურო მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს შეიძლება სპეციალური კოდების გაგზავნა ბირთვული ძალების ასამოქმედებლად მუდამ თან "ახლავთ" ბირთვული სახელმწიფოების - აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთის, საფრანგეთისა თუ დიდი ბრიტანეთის პირველ პირებს, არახალი ამბავია.
რაც შეეხება კრემლის ბინადართ, პირველი "ბირთვული ჩემოდანი" ჯერ კიდევ ბრეჟნევისთვის მზადდებოდა, მაგრამ მას ვეღარ მოუსწრო და 1983 წლიდან შევიდა ექსპლუატაციაში ანდროპოვისთვის.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკვე რუსულად გადანათლულმა "ბირთვულმა ჩემოდანმა" გაიარა პრეზიდენტების - ელცინისა და მედვედევის ხელშიც, თუმცა ორი ათეული წელია, მასზე წვდომა პუტინს აქვს.
ამჟამად რუსეთის უმაღლესი ხელისუფლებიდან სამ პირს - პრეზიდენტ პუტინს, თავდაცვის მინისტრ შოიგუსა და გენშტაბის უფროს გერასიმოვს აქვთ საშუალება, გამოიყენონ თავიანთი "ბირთვული ჩემოდნები" (კიდევ სამი ასეთივე სათადარიგო "ჩემოდანი" მუდმივ მზადყოფნაშია, მწყობრიდან გამოსულის სასწრაფოდ ჩასანაცვლებლად).
რუსეთის ხელისუფლების განკარგულებაში ამჟამად არსებული "ბირთვული ჩემოდანი" წარმოადგენს რუსეთის სტრატეგიული ძალების ავტომატიზირებული მართვის სისტემის - Казбек-ის პორტატულ სააბონენტო ტერმინალ Чегет-ს, რომელიც ათიოდე კგ-ს იწონის და მისი საშუალებით შეიძლება დაშიფრული სიგნალების გადაცემა რუსეთის ბირთვულქობინიანი რაკეტების სტარტის მისაცემად... თუმცა ამას სამივე "ჩემოდანი" ანუ უფრო სწორად, მათი სამივე მფლობელი - პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი უნდა დაეთანხმნონ...

ამიტომაც გასაგებია დასავლეთში სერიოზული შეშფოთების მიზეზი - მოსკოვში, 9 მაისის სამხედრო აღლუმზე, უზარმაზარი რვაღერძიანი მობილური სარაკეტო დანადგარების ჩავლისას, რომელთაგან გაშვებული საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების ბირთვული ქობინები 23-27 წუთში შეიძლება ნიუ-იორკსა და ვაშინგტონს მისწვდნენ და ამავდროულად პრეზიდენტ პუტინს იმავე წითელ მოედანზე აჩრდილივით დაყვება თანაწემწე ამ რაკეტების გასაშვები "ბირთვული ჩემოდნით"...

თუმცა, როგორც იტყვიან, შიშს დიდი თვალები აქვს და პუტინს ადევნებულ თანაშემწეს მართლაც ეჭირა ხელში შავი ფერის მომცრო ჩემოდანი-დიპლომატი, მაგრამ ის ბირთვულქობინიანი რაკეტების გასაშვებად კი არ იყო გათვლილი, არამედ... პუტინისთვის გადასაფარებლად!
ეს არის სპეციალური ჯავშანჩემოდანი, რომელიც დაკეცილ მდგომარეობაში არ იქცევს ყურადღებას (თუკი რომელიმე დასავლელ ჟურნალისტს ის "ბირთვულ ჩემოდანში" არ აერია), თუმცა ღილაკზე თითის ერთი დაჭერით ხდება მისი შიგთავსის ელვისუსწრაფესად გახსნა და მცველის ხელში აღმოჩნდება თითქმის ერთ მეტრზე გაშლილი ჯავშანფილები, რაც საკმარისია დასაცავი ობიექტის თავისა და სხეულის ტყვიებისგან დასაფარად...
სწორედ ამიტომაც გასახსნელი ჯავშანჩემოდნებით ქვეყნის პირველი პირის დაცვის ყველა სპეცსამსახური სარგებლობს და მასზე უარს არც ბიზნესმენების პირადი მცველები ამბობენ...
რაც შეეხება "ბირთვულ ჩემოდანს", ის, რა თქმა უნდა, ყოველთვის პუტინის სიახლოვეს იმყოფება, მაგრამ ცდილობენ, იშვიათად მოხვდეს ფოტოვიდეოკადრებში და, თანაც, რუსეთის პრეზიდენტისთვის "ბირთვული ჩემოდანი", როგორც წესი, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შავფორმიან პირველი რანგის კაპიტნებს დააქვთ და არა - ჰალსტუხიან თანაშემწეებს...