"ანწუხელიძის ძეგლისთვის თანხა, 27.000 ლარი, ერთ თვეში შეიკრიბა" - თუშებმა ალვანში გიორგი ანწუხელიძის ძეგლის დასადგმელად ფული შეაგროვეს
მარადიული ღირებულებები ზოგჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და მხოლოდ ხალხმა იცის, რომელი გადაარჩინოს, რომელი გამოიყვანოს მივიწყების სიცარიელიდან. მათ შორის სამშობლოს სიყვარულის ღირებულება ვერასოდეს მოკვდება. მას ხომ ადამიანის გონებისათვის ჩაუწვდომელი საყრდენი აქვს: გენეტიკური ცნობიერება და კიდევ რაღაც სახელდაურქმეველი, რომელიც მაშინ იღვიძებს, როცა დრო დგება. როდესაც ცხინვალში ტყვედ ჩავარდნილს აწამებდნენ, რომ დაეჩოქებინათ და "ოსური მიწისთვის" ეკოცნა, ვერაფრით დააჩოქეს - 23 წლის ბიჭის დაჩოქება იმ სისხლიანმა ბრბომაც ვერ შეძლო, რომელიც თავზე ადგა. ალბათ, ეს არის ის "რაღაც", რამაც სამშობლოს სახელით გმირად აქცია. იქნებ ამ მომნუსხველი ძალის სახელითაც გავრცელდა ანწუხელიძის წამების ისტორია სოციალურ ქსელში. ამ ვიდეოს ავტორი, ალბათ, ვერასოდეს გააცნობიერებს, რა ძალა შემატა ამ კადრებით საქართველოს, ვის რა გრძნობას გაუღვიძებს დაუჩოქებელი საქართველოს სიმბოლოდ ქცეული ბიჭის მოწამებრივი სიკვდილი.
ეს სამომავლოდ, ამ დღეებში კი თუშებმა ალვანში გიორგი ანწუხელიძის ძეგლის დასადგმელად ფული შეაგროვეს, - ხალხმა შვილებს მოაკლო და საქართველოს აჩუქა გმირის სახელით! თუშეთის განვითარების ფონდის თავმჯდომარის ზურაბ ბაბულაიძის თქმით, ანწუხელიძის ძეგლისთვის თანხა, 27.000 ლარი, ერთ თვეში შეიკრიბა.
- გიორგი ანწუხელიძის ძეგლს, ალბათ, ოდესღაც სახელმწიფოც დადგამდა. თქვენ რატომ ითავეთ ეს საქმე?
- სულზე მისასწრები მხოლოდ ის არ არის, რასაც თვალით ვხედავთ, რომ გვენგრევა, ამიტომ სწრაფად უნდა აღვადგინოთ. გიორგი ანწუხელიძე ახლა 39 წლის შესრულდებოდა. 39 წლის წინ ალვანში ხომ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ აქ დაიბადებოდა ბიჭი, რომელიც დაუჩოქებელი საქართველოს სიმბოლო გახდებოდა. ისიც ხომ თავისმა გარემომ გახადა გმირი:… მშობელმა, მაგრამ მაგალითებმაც. რა ხალხი ვიქნებით, რომ ისეთი გარემო მოვსპოთ, სადაც გიორგისთანა ბიჭები იბადებიან, თანაც, ის მხოლოდ თუშების არ არის, მთელი საქართველოსია. ჰოდა, ამ ძეგლებს თუშები მთელი საქართველოსთვისაც აკეთებენ. თითქმის ერთ თვეში - 27.000 ლარი შეგროვდა.
- ხანდახან გგონია, რომ სიკეთე მოკვდა, ამ დროს ხალხი თავის ნაშრომს გმირის ძეგლის დადგმაში გასცემს. დარწმუნებული ვარ, ამ ხალხიდან ბევრს ძალიან უჭირს.
- უჭირს, იმიტომ, რომ 5-ლარიანებიც არის გადმორიცხული და 10-ლარიანებიც. ესე იგი, რაც ჰქონდათ, ის გაიღეს. ზოგმა ბევრი გაიღო, მაგალითად, 5.000 ლარი, მაგრამ სახელი არ გაამხილა. ახლა მოქანდაკე ძეგლის გაკეთებას შეუდგება.
ძეგლის იდეასა და თანხის შეგროვების შესახებ გიორგის ცოლ-შვილს ვუთხარით. სამწუხაროდ, გიორგის მშობლები აღარ არიან - დედამისს გულმა ვერ გაუძლო და 59 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როდესაც გიორგი ანწუხელიძის სადღეგრძელოს მთელ საქართველოში სვამენ, თუშიც წელში იმართება. ნათელი დაადგეს მის სულს, მთელ საქართველოს მოგვცა სიამაყის საშუალება, რომ მისი თანამედროვენი ვართ.