შეხვედრების სერია დიმიტრი კრიმოვთან სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში
9, 10, და 11 მაისს, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი მსოფლიოში ცნობილი რეჟისორის, მხატვრის, სცენოგრაფისა და პედაგოგის დიმიტრი კრიმოვის სამუშაო შეხვედრებს უმასპინძლებს.
სოხუმის თეატრის მსახიობების გარდა, სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა თეატრის 15 მსახიობი მიიღებს. შეხვედრების ფარგლებში, დიმიტრი კრიმოვი მსახიობებთან იმუშავებს მსოფლიო დრამატურგიის საუკეთესო ორი წარმომადგენლის, უილიამ შექსპირისა და ანტონ ჩეხოვის, პიესებზე.
სამუშაო შეხვედრებზე დასწრება შეუძლიათ სტუდენტებს, დარგის პროფესიონალებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას. ცნობილი რეჟისორი აუდიტორიას უნიკალურ მხატვრულ ენას გაუზიარებს.
2023 წლის 12 მაისს კი, 18.00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ფართო აუდიტორიისთვის, გაიმართება დიმიტრი კრიმოვის შემოქმედებითი საღამო, სადაც ნაჩვენები იქნება ეპიზოდები მისი ბოლოდროინდელი გახმაურებული თეატრალური დადგმებიდან.
„ჩემი სახელით და ყველა მონაწილე თეატრის მსახიობების სახელით მინდა მადლობა გადავუხადო პირადად ქალბატონ თეა წულუკიანს და კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი გახდა მსოფლიოში ცნობილი რეჟისორის საქართველოში ჩამოყვანა. მიხარია, რომ ჩვენი თეატრი მასპინძლობს მას და დაუვუწყარ შთაბეჭდილებებს ვჩუქნით თეატრის მოყვარულებს“, - დავით საყვარელიძე - სოხუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
„15 წლის წინ ვნახე კრიმოვის OPUS #7 და მივხვდი, რომ, მხატვრული ღირებულების გარდა, იყო კიდევ სხვა რამ, რამაც წარმოუდგენელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ეს იყო მცდელობა, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი წარსულის და მომავლის შესახებ დაუფარავად, ობიექტურად საუბარი, თუნდაც დიდი ტკივილის ფასად. დღეს 2023 წელია და რა ბედნიერებაა, რომ ეს ხელოვანი კვლავ თავისი შეხედულებების ერთგულია“, - ნინო კასრაძე
ბილეთები ხელმისაწვდომია TKT.GE-ზე
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და „სილქ ჰოსფითალითი“.
(R)