"შთაბეჭდილება მრჩება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ უფრო დაიშლება" - რას ჰყვება რომან გოცირიძე პარტიის დატოვებასა და ხატია დეკანოიძესთან ტანდემზე? - კვირის პალიტრა

"შთაბეჭდილება მრჩება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ უფრო დაიშლება" - რას ჰყვება რომან გოცირიძე პარტიის დატოვებასა და ხატია დეკანოიძესთან ტანდემზე?

"ნაციონალური მოძრაობის" დაშლა ნამდვილად არ არის დადებითი, კარგი პროცესი"

საქართველოს პარლამენტს ჩვენი საზოგადოება ხშირად საყვედურობს: ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანო ე.წ. მუნჯი დეპუტატებით არის სავსე, რომ პატარა ქვეყანას ასეთი მრავალრიცხოვანი პარლამენტი არ სჭირდება და ა.შ. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი დეპუტატი მაინც ცდილობს, პარლამენტის მუშაობაში ცვლილებები და სიახლე შეიტანოს. მათ შორისაა დეპუტატი რომან გოცირიძე.

- ბატონო რომან, ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ხატია დეკანოიძესთან ერთად ახალი პოლიტიკური ჯგუფის შექმნას აპირებთ, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

- საქმე ის არის, რომ ჩვენს პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებს არანაირი უფლებები არა აქვთ: კანონპროექტის განხილვისას, მხოლოდ 3 წუთით შეგვიძლია გამოსვლა და კოლეგებისთვის ჩვენი აზრის გაზიარება. ისეთი რეფორმები გაატარეს, რომ დამოუკიდებელ დეპუტატებს აზრის გამოთქმის უფლება ჩამოართვეს. ამიტომ მე ხშირად ვამბობ, რომ "სამწუთიანი დეპუტატების" სიაში შეგვიყვანეს ან იმ დეპუტატებისა, რომლებიც წლების განმავლობაში ხმას არ იღებენ. ანალოგიურ მდგომარეობაში არიან: დავით ბაქრაძე, გრიგოლ ვაშაძე, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი და სხვები - არც ერთს ტრიბუნაზე გამოსვლის და 10-15-წუთიანი სიტყვის თქმის უფლება არა გვაქვს.

ამის პარალელურად, როგორ მოიქცა "ქართული ოცნება"? - ძალიან ეშმაკურად: უმრავლესობას გამოეყო ჯგუფი, რომელსაც "ხალხის ძალა" უწოდეს. ამ პრორუსული დაჯგუფების და "ქართული ოცნების" პოზიციები ერთმანეთს იმდენად ემთხვევა, რომ მათი ცალკე გამოყოფა აუცილებლობას საერთოდ არ წარმოადგენს. თუ "ოცნებამ" დაუშვა, რომ რამდენიმე ადამიანი გამოეყო ძირითად პარტიას და დამოუკიდებელი ჯგუფი შექმნა, რაც პრაქტიკულად, ფრაქციის ტოლფასია, ოპოზიციას რატომ არ შეუძლია, რომ ცალკე პოლიტიკური ჯგუფი შექმნას? - თუ მათ აქვთ ამის უფლება, ჩვენ რატომ არ უნდა გვქონდეს?

- რატომ შეურჩიეთ სახელი "ევროოპტიმისტები”?

- უკვე იმდენი პარტიაა, რომელიც თავის თავს დემოკრატს, სოციალისტს, ან კონსერვატორს უწოდებს, რომ მათი ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს. პარლამენტში არიან "ევროპელი სოციალისტები", რომლებსაც ამ სახელთან საერთო არაფერი აქვთ. ჟირინოვსკის შექმნილ პარტიასაც ჰქვია "ლიბერალურ-დემოკრატიული", მაგრამ სად ლიბერალური იდეები და სად - ჟირინოვსკი? ამიტომ გვინდოდა, რომ ჩვენი ჯგუფის სახელი დროის და ჩვენი სულისკვეთების მატარებელი ყოფილიყო. "ფეისბუკით" მივმართეთ ჩვენს საზოგადოებას, რომ სახელის მოძებნაში ხალხიც დაგვხმარებოდა... ყველამ სხვადასხვა იდეა მოგვაწოდა, მაგრამ ყველგან იყო სიტყვა - "ევროპული". ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს ჯგუფს ევროსკეპტიციზმის საწინააღმდეგო სიტყვა - "ევროოპტიმისტები" დავარქვათ, რადგან საქართველოში ევროკავშირის წევრობა და კანდიდატის სტატუსი ძალიან ბევრი ადამიანის ნატვრა და სურვილია. ჩვენ ოპტიმისტები ვართ, ამიტომ დავირქვით "ევროოპტიმისტები" და ეს სახელი ბევრმა მოგვიწონა.

- ამ ჯგუფის შექმნა ხატია დეკანოიძესთან ერთად რატომ გადაწყვიტეთ?

- ამის მიზეზი მარტივია: მე და ხატია თანამოაზრეები ვართ, ჩვენ თანამოაზრეები ვიყავით "ნაციონალურ მოძრაობაშიც". ამ პარტიიდან ჩვენი წამოსვლის მიზეზიც ერთნაირი იყო, არასდროს ვყოფილვართ პოპულისტები და არ გავურბოდით ლაპარაკს ისეთ თემებზე, რომელსაც პარტიების დიდი ნაწილი გაურბის. ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით პარლამენტის როლის გაძლიერებისთვის და ბოიკოტის წინააღმდეგნი ვიყავით. ჩვენი ჯგუფის შექმნა საპარლამენტო აქტივობის გაძლიერებას ისახავს მიზნად, მაგრამ მოხდა საოცრება: "ქართულმა ოცნებამ" უპრობლემოდ დაარეგისტრირა "ხალხის ძალა", რომელსაც "პუტინის ძალა" უნდა ერქვას, ვინაიდან პუტინის იდეებს ახმოვანებს, ჩვენ კი - რეგისტრაციაზე უარი გვითხრა. ამის მიზეზად აბსურდული რამ დაგვისახელეს: "ნაციონალური მოძრაობა" კი დატოვეთ, მაგრამ მაინც ერთიან ბლოკში ხართო! აი, ასე - ვირ-ეშმაკურად დაგვაბრკოლეს. ეტყობა, ჩვენი შეეშინდათ: ამ მდგომარეობით, მე და ხატია პარლამენტის ტრიბუნაზე ვერ გამოვდივართ და ჩვენს აზრს ხალხს ვერ ვუზიარებთ - სანამ რამეს იტყვი, 3 წუთი უკვე გასულია! ეს დიდი დამცირებაა დეპუტატისთვის და, ამავდროულად - ამომრჩევლის უპატივცემლობაც. რატომ ცდილობენ, დაგვბლოკონ? - იციან, რომ განსხვავებული ყაიდის დეპუტატები ვართ და ყოველთვის საგნობრივად ვსაუბრობთ. ჩვენი გამოსვლა 15-წუთიანი რომ იყოს, შევძლებთ, ამომრჩევლებს ჩვენი იდეები და შეხედულებები გავაცნოთ და "ქართული ოცნებაც" ვამხილოთ, როგორც ანტისახელმწიფოებრივი ძალა - აი, რატომ არ სურთ ჩვენი ტრიბუნაზე გამოსვლა.

- თუ რეგისტრაციაზე უარი გითხრეს, ახლა რას აპირებთ?

- რა თქმა უნდა, ვიბრძოლებთ, რომ ჩვენი უფლებები დავიცვათ. მათ ჩვენი პარალიზება სურთ, რადგან ჩვენი უნარების შესახებ იციან, ისიც იციან, როგორ შეგვიძლია მუშაობა: დარბაზშიც და დარბაზის გარეთაც, მაგრამ უტყვი დეპუტატები ურჩევნიათ, რომლებიც პარლამენტში წლობით სხედან და ხმას არ იღებენ. ჯერჯერობით ჩვენი ჯგუფი დაურეგისტრირებელი და არაფორმალურია, მაგრამ სულ მალე სიტუაცია შეიცვლება: ორმაგი სტანდარტი, რომელსაც "ოცნება" ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს, ყოველთვის ვერ გაამართლებს.

- ბატონო რომან, "ნაციონალური მოძრაობა" დატოვეთ, მისი ახალი ლიდერის - ლევან ხაბეიშვილის საქმიანობას როგორ შეაფასებთ?

- მე არ მინდა "ნაციონალების" შიდასაქმეებზე კომენტარი გავაკეთო. პარტიაში ისევ გრძელდება დუღილი, იქ ძალიან დიდი წინააღმდეგობაა და ისეთი პირი უჩანს, რომ პარტია შუაზე კიდევ გაიყოფა. პარტიის თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნებმა "ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი წინააღმდეგობა წარმოშვა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ პარტია კიდევ უფრო დაიშლება, თუ "გამარჯვებული" და "დამარცხებული" მხარეები ერთმანეთთან არ მორიგდებიან.

- ბევრი ფიქრობს, რომ ეს ცოცხალი პროცესია, რომელიც ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას ახასიათებს.

- ჩემი მოსაზრება ასეთია: "ნაციონალური მოძრაობის" დაშლა ნამდვილად არ არის დადებითი, კარგი პროცესი, რადგან მისი წევრები ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. ეს - უარყოფითი პროცესია. ამიტომ, მისმა წევრებმა ყველაფერი უნდა იღონონ, რომ პარტია არ დაიყოს.

- პოლიტიკაში ყოფნის დიდი გამოცდილება გაქვთ, როგორ ფიქრობთ, 2024 წლის არჩევნებამდე მთელი ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს თუ უმჯობესია, ყველა პოლიტიკურმა ძალამ ცალ-ცალკე იბრძოლოს?

- ვინაიდან 5%-იანი ბარიერი საკმაოდ მაღალია და მას მხოლოდ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" გადალახავს, ამიტომ ამ არჩევნებში ერთი მსოფლმხედველობის მქონე პარტიები დიდ ჯგუფებად უნდა გაერთიანდნენ ან იმდენი უნდა მოვახერხოთ, რომ ბარიერი დავწიოთ. ამის გარეშე არ არსებობს შანსი ამ ხელისუფლების დამარცხებისა. "ნაციონალური მოძრაობის" გარდა უნდა შეიქმნას სულ ცოტა, ორი ან სამი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ცალ-ცალკე შევა პარლამენტში და არა - "ნაციონალებთან" შეერთების წყალობით. თუ არჩევნებამდე რამდენიმე ძლიერ მიზიდულობის ცენტრს შევქმნით, მაშინ ამ წყობას ძირს გამოვუთხრით. მოკლედ, ორი ვარიანტი გვაქვს - ან ძლიერი გაერთიანებების შექმნა, ან ძალიან დაბალი ბარიერი - ასეთია რეალობა და ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)