"საქართველოს მთავრობის “კარგი ქცევის” შედეგია" - რას აცხადებს გიორგი გახარია რუსეთის გადაწყვეტილებაზე?
„საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნა მთავრობის „კარგი ქცევის“ შედეგია.
მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს აგრესორის მხარეს აყენებს.
"რუსეთის გადაწყვეტილება ფრენების აღდგენაზე და სავიზო შეზღუდვის მოხსნაზე არის საქართველოს მთავრობის “კარგი ქცევის” შედეგი, რისთვისაც საქართველოს მთავრობა ხშირად იმსახურებს რუსეთის მაღალჩინოსნების ქებას. ივანიშვილი საქართველოს აგრესორის მხარეს აყენებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას ქართველი ხალხის სურვილის წინააღმდეგ”, - აცხადებს გახარია.
ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.
"ინტერპრესნიუსი"