როცა მე ვარ დაზარალებული და ბრალს მე მდებენ, ანუ, როგორ დავარღვიეთ ზღვარი ადამიანისა და ცხოველის უფლებებს შორის! - კვირის პალიტრა

როცა მე ვარ დაზარალებული და ბრალს მე მდებენ, ანუ, როგორ დავარღვიეთ ზღვარი ადამიანისა და ცხოველის უფლებებს შორის!

მე არ ვარ ცხოველთმოძულე! ძალიან მოსაწყენი დასაწყისია, მაგრამ იძულებული ვარ ასე დავიწყო, რადგან მაიძულებენ მუდმივად ვიყო თავის მართლების პოზიციაში. ფეხქვეშ გათელილია ჩემი არჩევანი - მყავდეს ან არ მყავდეს შინაური ცხოველი, მიყვარდეს, ან არ მიყვარდეს, მეშინოდეს, ან არ მეშინოდეს. ქუჩაში ვკვებავდე, ან არ მქონდეს ამის სურვილი. ძაღლების ვითომ სიყვარული გადაიქცა სექტად, თუ ამ სექტაში არ მოგიაზრებენ, გერჩიან.

სამი ამბავი ერთდროულად გადამხდა. ჩემი ოჯახის წევრი ქუჩის ძაღლებმა დაკბინეს, აქაც თავს გავიმართლებ - ჩემი ძმა აგრესიული არ არის, ქუჩაში ყურადღებასაც არ აქცევს მათ. სახლში ჰყავს მიკედლებული ძაღლი... სიტუაცია სახარბიელო ვერ არის და ბევრის თქმა არ მინდა ამ ეტაპზე.

ჩემი მეგობრის ფისო, რომელსაც მართლა სიყვარულით ზრდიდა, მეზობლის უპატრონოდ, სასეირნოდ "გაგდებულმა" პიტბულმა, დაგლიჯა. გადაირია ჩემი მეგობარი, მაგრამ პიტბულის პატრონმა ბოდიშის ნაცვლად უთხრა: "კატა იყო რაა, რა მოხდა..." და მორჩა!

ამ ორივე ამბავს იმდენი ემოციური ფაქტი ახლდა თან, დანა პირს არ მიხსნიდა. მივდიოდი სახლისკენ და ვიწრო ქუჩაზე თავი ვერ ავარიდე, უბრალოდ, შენობას ზურგით ავეკარი და მაინც, ალიკაპის გარეშე ვიღაცის შავი ძაღლი მუცელზე მომახტა. სავარაუდოდ, აგრესია არ ყოფილა ძაღლის მხრიდან, ალბათ გამეთამაშა, არ ვიცი, მაგრამ აგრესია იყო პატრონის მხრიდან, რომელმაც საბელიც კი არ მოქაჩა. როგორ თუ შევშინდი და ამოვიკვნესე, რამდენი ცხოველთმოძულე დადიხართ ამ ქვეყანაშიო - მომაძახა და აი, მაშინ დავიწყე ყვირილი, დაიცადეთ, პატრულს უნდა დავუძახო-მეთქი. რა თქმა უნდა, არ გაჩერდა. სამაგიეროდ, მე ისევ დავიმსახურე მოძულეს სახელი და კიდევ ერთხელ ვიგრძენი თავი დაუცველად.

ეჭვი მეპარება, რომ მაქვს უფლება ვიცხოვრო ჩემს ქალაქში მშვიდად.

უშუალოდ ძაღლების სიყვარული დღეს არის მოდა! შენ, მართლა რომ გიყვარდეს შინაური ცხოველები, პიტბულს თუ სხვას ქუჩაში არ გაისვრიდი, გინდაც გიჭირდეს. შენ რომ მართლა ცხოველი გიყვარდეს, გეცოდინება, რომ მე მაქვს უფლება მძულდეს იგი. გეცოდინება, რომ მე, როგორც ადამიანს მაქვს ღირსება და არ გაქვს უფლება მამცირებდე. გეცოდინება, - შენ და მე, ერთი რამ გვაერთიანებს - გვეკრძალება ვაწამოთ და დავაზიანოთ ცხოველი! დავიცვათ კანონი! მეტი არაფერი!

წლების წინ, "რადიო-იმედის" პირდაპირ ეთერში, მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებულ ჩემს გადაცემებს, მთელი "ნაც.საზოგადოება" თავს ესხმოდა და უშვერი სიტყვებით მლანძღავდა.

შეგახსენებთ საქმის ვითარებას: სააკაშვილის მმართველობის დროს, ხელისუფლების ნებართვით, ძაღლებს ქუჩაში ხოცავდნენ. რიგ შემთხვევაში, ბავშვების თვალწინაც. მაშინაც მეშინოდა მშიერი, გაავებული ქუჩის ძაღლების.

"... დაგვჭამონ ლამის ძაღლებმა, ჩვენ რა ვქნათ, არ ვიცით და ძაღლებზე დარდობთო?", - ასე მპასუხობდნენ. მე კი, ეს სადიზმი არ მომწონდა და ვამბობდი.

მოკლედ, ამ, თუ სხვა გზით, სააკაშვილის დროს მიუსაფარი ძაღლები შესამჩნევად შემცირდა, მაგრამ პრობლემა ბოლომდე არ მოგვარდა... აქ, მთელი რიგი ამბები იყო, რომლის შესახებაც სხვა დროს დავწერ. ფაქტი ისაა, რომ დღეს ქუჩაში ისევ ბევრი ძაღლია. ფაქტია, რომ შინაური ცხოველების პატრონებმაც არ იციან, როგორ მოგექცნენ.

ასევე, ადამიანები, რომლებიც „ნაცების“ მმართველობის დროს ძაღლის გატყავებას ამართლებდნენ, დღეს ხალხს ჰუმანურობისკენ მოუწოდებენ! ...

დღეს, როდესაც ადამიანს ადამიანის სიყვარული დაუკარგავს და როგორ გავნონ არ იციან, ძაღლის სიყვარულს გიმტკიცებენ...

2-3 წლის წინ, ამ საკითხზე მწვავე ბლოგი მქონდა მერიისა და ხელისუფლების მისამართით. მომეჩვენა, რომ მოქმედება დაიწყო: დაწესდა ჯარიმები, აიკრძალა ცხოველის წამება, დაიწყო მზადება მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრისთვის... არცერთი "ძაღლ მოყვარულისგან" არ გამიგია გონივრული შენიშვნა, ეს ნაბიჯები რას არგებს და რას - არა. საერთოდ, პროფესიონალები ხომ ყოველთვის უკანა პლანზე არიან.

სამაგიეროდ, გაუთავებლად მესმის - "რა ალიკაპი, "თქვე ისეთებო"... "რატომ არ აჭმევთ ქუჩის ძაღლებს, თქვენი..?" ან, გაიხედავ და ზიზღის შემცველი პოსტები, „..ვისაც ძაღლები არ გიყვართ, ასე მოგივიდეთ...“

ეკითხები: "რამე მოხდა? კონკრეტული ფაქტი იცი?“ არა! უბრალოდ უნდა, რომ თავის "ჰუმანურობას" ხაზი გაუსვას და მეტი არაფერი... რომ გაიღვიძებ, შენ უნდა იგრძნო, როგორი არარაობა ხარ და ის როგორი ჰუმანურია.

ზუსტად ვიცი, ევროპის ქვეყნებში, თუ ფაქტს არ დაასახელებდა ასეთი ადამიანი, პასუხს მოსთხოვდნენ საზოგადოების დაკნინებისთვის. თუ ფაქტი იცი, მაშინ შესაბამის სამსახურს უნდა შეატყობინო, თუ კანონი არ მუშაობს, ხმა ამოიღო.

დაასახელეთ განვითარებული ქვეყნები, სადაც ქუჩაში ამდენი მაწანწალა ძაღლია და აიძულებენ მოსახლეობას, ისინი აბსოლუტურად ყველას უყვარდეს? მიუხედავად ამდენი სპეციალური ჯიხურისა, უამრავი ძაღლი მშიერია. ხალხს კი უფრო ნაკლები რესურსი აქვს მათი გამოკვებისთვის. როგორც კი ვიწყებ ამ საკითხზე საუბარს ცხოველთმოძულედ მაცხადებენ და ძაღლების დაცვას იწყებენ ჩემგან.

ჩვენ ევროპის ქვეყნებიდან არაფერს ვსწავლობთ. ჩვენ, ყველაფერი ვაქციეთ სექტად, ცხოველების ვითომ სიყვარულიც კი. ნელ-ნელა და შეუმჩნევლად, დავარღვიეთ ზღვარი ადამიანისა და ცხოველების უფლებებს შორის...

ევროპაში კი ასე არ მიგრძნია. თუ პატრონიანი ძაღლის გამო შეგეშინდა ან ტროტუარიდან გადახვედი, ბოდიშს გიხდის, რომ დროზე არ მოგარიდა. ჩვენთან რატომ ხდება ცალმხრივად ცნობიერების გაზრდა? რატომ უნდა მყნოსავდეს ალიკაპის გარეშე ძაღლი ტრანსპორტში და ვალდებული ვიყო ავიტანო? მიუსაფრებზე არაფერს ვამბობ, რადგან ვერც ერთ ძაღლს ქუჩაში ვერ ნახავ, ვერ გამოაგდებ, კანონი მკაცრად მოქმედებს!..

ჩვენთან, ძაღლებს იცავენ და შენ თუ ცუდად გრძნობ თავს, პატრონიანი თუ უპატრონო ძაღლი გაწუხებს რიგში, ტრანსპორტში, ქუჩაში, ან ფობია გაქვს, ან შიში, აქეთ გდებენ ბრალს!

ასე მარტივად არ ვაპირებ დავასრულო ჩემი „პროტესტი“... არც გაბრაზებულ გულზე დამიწერია ეს ბლოგი. უბრალოდ, ვერ ვარკვევ სად არის ჩემი და ჩემნაირების უფლებები?...