"თურმე ძალა ვყოფილვართ..." - ნდობადაკარგული ოპოზიცია და დაღმავალ სპირალში მიმავალი ხელისუფლება
როგორ აპირებენ პატარა ოპოზიციური პარტიები ელექტორატის გაზრდას, ვინ ვისთან და რა დათქმებით აპირებს გადაჯგუფებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის? - ამ და სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებზე "გირჩის" ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი გვესაუბრება.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:
"ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს თუ გადავავლებთ თვალს და ობიექტურად შევაფასებთ, ვნახავთ, რომ ქვეყანაში ისეთი ღრმა კრიზისია, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს. რა არის ამ კრიზისის მთავარი მიზეზი? ის, რომ საზოგადოებას ერთმანეთთან საუბარი შეწყვეტილი გვაქვს, ქვეყანაში ფაქტობრივად ერთმმართველობაა და პოლიტიკური ბრძოლაც ერთმმართველობისთვის მიმდინარეობს. ე.ი. რჩება განცდა, რომ პოლიტიკური პარტია, რომელიც 2024 წელს გაიმარჯვებს, ასეთივე სტილით გააგრძელებს ქვეყნის მართვას..."
"2020 წელს საარჩევნო ბარიერი 5% რომ ყოფილიყო, დღეს ბევრი ჩვენგანი არ იქნებოდა პარლამენტში, უფრო სწორად, საკანონმდებლო ორგანოში მარტო "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" იქნებოდა. შეიძლება ვიღაცებს არ მოსწონთ პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობა და სიჭრელე, მაგრამ ამ სიჭრელემ გააკეთა ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტს და ჩაშალა კენჭისყრები, ანუ თავად დადგა ოპოზიციის ადგილას..."
"როდესაც საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დადგა და ოპოზიციონერი დეპუტატების მობილიზება გახდა საჭირო, ვიფიქრე, რომ 50 კაციც ვერ შევგროვდებოდით. შევგროვდით! ამას არც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ელოდნენ, დაიბნენ და სიგიჟეების კეთება დაიწყეს. პირველი, რაც თავში მოუვიდათ, კვორუმის ჩაგდება იყო. ე.ი. საკუთარი კანონების მიღებაზე თქვეს უარი. მეორე მხრივ, ოპოზიციამ აღმოაჩინა, რომ მაშინაც კი, თუ უბრალოდ მიხვალ პარლამენტში, ანუ ფიზიკურად გამოცხადდები, სერიოზულ დისკომფორტს შეუქმნი უმრავლესობას. თურმე ძალა ვყოფილვართ..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 11 მაისის ნომერში წაიკითხავთ.
ხათუნა ბახტურიძე