"ისე გავიზარდეთ, როგორც დანარჩენი დევნილები ცხოვრობდნენ საქართველოში, 25 კვ.მ. ფართობში ერთად ვიყავით"
"ისეთ საქციელს არასოდეს ჩავიდენ, რისი აღიარებაც შემრცხვება" - დიმი ლიპარტელიანის პირადი ცხოვრება
27 წლის დიმი ლიპარტელიანი "პრაიმ ჰაუსის" მესამე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე გახლდათ. მან პროტესტის ნიშნად, ახლახან პროექტი თვითნებურად დატოვა (ნიკოლოზ ქართველთან ერთად)...
დიმი ლიპარტელიანის პირადი ცხოვრება
27 წლის დიმი ლიპარტელიანი "პრაიმ ჰაუსის" მესამე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე გახლდათ. მან პროტესტის ნიშნად, ახლახან პროექტი თვითნებურად დატოვა (ნიკოლოზ ქართველთან ერთად)...
- პროექტიდან წამოსვლის მთავარი მიზეზი უსამართლობის შეგრძნებაა, რომელიც მაშინ გამიჩნდა, როცა "პრაიმ ჰაუსი" სალომემ დატოვა. თითქმის იმ დროიდან, როცა აუტსაიდერი გავხდი, ვამბობდი, რომ თავს დამნაშავედ ვგრძნობდი და პროექტში არ უნდა დავრჩენილიყავი; ასევე, უსამართლობის შეგრძნება წამყვანის - გიორგი ნაზღაიძის მიმართ გამიჩნდა. 3 კვირა ვაჟღერებდი, რომ ის მიკერძოებული იყო, ჩემ მიმართ ცინიკური დამოკიდებულება ჰქონდა, რაც ვიდეომტკიცებულებებით მაყურებელმაც დაადასტურა.
- ცინიკურ დამოკიდებულებაში რას გულისხმობთ?
- იყო დაცინვაც, ბულინგიც და ასევე, ისეთი რაღაცები, რაც კადრში არ ხვდებოდა, მაგრამ პროექტში, ჩვენ შორის იყო.
- პროექტის დატოვებამდე, ამ თემაზე თავად გიორგისთან გისაუბრიათ?
- არა, მაგრამ როგორც შემეძლო, გავაგებინე და იცოდა, რომ მისგან ამას ვგრძნობდი, ინფორმირებული იყო... "ლაივის" დასრულების შემდეგ, ეს ყველაფერი პირადადაც ვუთხარი. უბრალოდ ვკითხე, - ბოლოს და ბოლოს, წამყვანი ბრძანდებით თუ სამივე სეზონის მე-16 მონაწილე-მეთქი? მიპასუხა, - უბრალოდ, წამყვანი ვარო და ჩემთან საუბარს თავი აარიდა.
- როგორ ფიქრობთ, პროექტის დატოვება თავად რომ არ გადაგეწყვიტათ, ნიკო ასე მოიქცეოდა თუ მის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა მოახდინეთ?
- ეს საერთო გადაწყვეტილება იყო. პროტესტის გრძნობა ერთად გაგვიჩნდა. ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ნიკოს ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ შესაძლოა, ერთმანეთზე ზეგავლენა მოვახდინეთ. ამის პარალელურად, მოლაპარაკების პროცესს ერთად გავდიოდით, პროექტში დავბრუნებულიყავით თუ არა.
- განაცხადეთ, რომ "პრაიმ ჰაუსის" მხილებას აპირებდით, - უსუსურ მონაწილეებთან ბრძოლას არ ვაპირებ, რომლებიც პროექტის ფინიები არიან. ვგეგმავ, პროექტის რეალური სახე გაჩვენოთო...
- აქ გიორგი ნაზღაიძესთან დაკავშირებით ვსაუბრობდი. დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით, ალბათ ხალხი დამელოდება: ტელევიზიის და ჩემი იურისტები მოლაპარაკების რეჟიმში არიან. როგორც კი მოლაპარაკებები მორჩება და სასამართლო ჩაინიშნება, მერე უკვე გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე...
- პროექტის თვითნებურად დატოვების გამო თქვენი დაჯარიმების საკითხი როგორ გადაწყდება?
- ველოდები, ამ თემასთან დაკავშირებულ სასამართლო დავას თავად როდის დაიწყებენ, რადგან იურისტებს არაერთი ბერკეტი აქვთ ხელში, რომ ჯარიმის თანხა არიდებული ან ნაკლები იყოს.
- პროექტში თქვენი მონაწილეობის მიზანი რა იყო?
- ძირითადი მიზანი ის იყო, რომ რეალითი შოუში შევსულიყავი, სადაც ყველას თამაშის ინდივიდუალური წესი ექნებოდა. რეალურად, პროექტში თამაში არ დამჭირვებია - საერთოდ, არც ერთ სიტუაციაში არ მითამაშია. ალბათ ზეწოლას, თუნდაც - წამყვანისგან, ამიტომ ვიღებდი... "პრაიმ ჰაუსში" მონაწილეობასთან დაკავშირებით მარკეტინგული გათვლა მქონდა - მსურდა, ჩემი სოციალური მედია ამემუშავებინა, ბლოგის მიმართულებით დავბრენდილიყავი, როგორც ახლა ვიბრენდები და ქართველ დიზაინერებთან მემუშავა, რომლებსაც პიარს მსოფლიოს მასშტაბით გავუწევდი... პროექტში შესულს იმისგან განსხვავებული რეალობა დამხვდა, რასაც ველოდი, მაგრამ ის სარგებელი უკვე მივიღე, რაც მინდოდა და მჭირდებოდა, ამითაც კმაყოფილი ვარ...
- პროექტში შესვლამდე რას საქმიანობდით?
- უამრავი სხვადასხვა საქმით დაკავებული გახლდით. ძირითადი მომსახურების სფეროა, რომლის ერთ-ერთი უძლიერესი წარმომადგენელი ვარ. ასევე, სომელიე, ძალიან კარგი მზარეული, ბარმენთა ასოციაციის წევრი გახლავართ. სრულად ვიცი, სასტუმრო-რესტორნის სისტემა როგორ ვმართო - ბევრ ადგილას ვმუშაობდი... პარალელურად, ჩემი საყვარელი საქმიანობა ხელნაკეთი აქსესუარების შექმნაა - მრავალნაირ თილისმას ვამზადებ... ვწერ კიდეც: 3 ადამიანს პროექტი გვაქვს დაწყებული - 3 მწერლის 1 წიგნი იქნება...
- როგორც აღნიშნეთ, დედასთან ერთად მუშაობდით...
- მომსახურების სფეროში მუშაობა ნამდვილად დედასთან ერთად დავიწყე, როცა 13 წლის ვიყავი. ეს მხოლოდ ფინანსური საკითხის გამო არ მომხდარა - უმეტესად, ჩვენმა ოჯახურმა სიტუაციამ განაპირობა: სკოლაში, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, სამეცადინოდ დედასთან სამსახურში მისვლა მიწევდა. დედა ერთ-ერთი რესტორნის მზარეული გახლდათ. იმ სივრცეს ისე მივეჩვიე, რომ სამუშაო სფეროს შესწავლის სურვილი გამიჩნდა. პარალელურად, ვიაზრებდი, რომ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა არ მქონდა. ამიტომ ვეცადე, უმაღლესი განათლების გარეშე, ჩემი პროფესია შემექმნა. ჭურჭლის გამშრალებით დავიწყე და მერე, მომსახურების სფეროში, აბსოლუტურად ყველა პოზიციაზე ვიმუშავე. ჩემი საბოლოო პოზიცია ყველაზე მაღალი - გენერალური მენეჯერობა იყო.
- უმაღლესი განათლების მიღების სურვილი მოგვიანებით აღარ გქონდათ?
- 2 წელი სეუ-ში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ვისწავლე. შემდეგ სტუდენტის სტატუსი შემიჩერდა, შარშან კი სწავლის გაგრძელების შანსი საბოლოოდ დავკარგე, რადგან ამის საშუალება არ მქონდა: ცოლი მოვიყვანე, 2 შვილი შემეძინა და ა.შ.
- ყოფილ მეუღლესთან, შვილებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- ყოფილ მეუღლესთან სტაბილური, ნორმალური ურთიერთობა მაქვს (შემიძლია, "მეგობრული" ვუწოდო,) შვილებთან კი - განსაკუთრებული. რა თქმა უნდა, მათ მიმართ მაქსიმალური ყურადღებით გამოვირჩევი, ხშირად ვნახულობ... ახლაც თბილისში იმის გამო ვცხოვრობ, რომ განქორწინების მერე, ისინი თბილისში არიან.
- მანამდე სად ცხოვრობდით?
- ჩემი ძირითადი საცხოვრებელი ბათუმშია, იქ ჩემი ოჯახი ცხოვრობს.
- როგორ გარემოში გაიზარდეთ? თქვენი პიროვნების განვითარებაზე განსაკუთრებული ზეგავლენა ვინ მოახდინა?
- ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული წვლილი ბებიამ (მამაჩემის დედამ) შეიტანა, ვისი გაზრდილიც ვარ. დევნილობაში გავიზარდე. ქუთაისში, ოჯახის 6 წევრი (4 დედმამიშვილი და მშობლები) 25 კვ მ ფართობში ერთად ვცხოვრობდით. ცალკე ოთახი არ არსებობდა - სამზარეულო, საძინებელი, მისაღები ერთ სივრცეში იყო. ისე გავიზარდეთ, როგორც დანარჩენი დევნილები ცხოვრობდნენ საქართველოში. ყველაზე დიდი სტიმული ზუსტად ეგ იყო, რომ ცხოვრებაში რაღაც კონკრეტულისთვის მიგვეღწია. ამისთვის მთელ ოჯახი ვიბრძოდით. საბოლოოდ, ის შედეგი მივიღეთ, რაც გვაქვს. ამისთვის ღმერთის მადლობელი ვარ.
- პროექტში ახსენეთ, რომ ამჟამად დედათქვენი ემიგრაციაშია, მამაზე არაფერი გითქვამთ...
- მამაჩემზე ხშირად არ ვსაუბრობ, რადგან თავად არ უყვარს, როცა მასზე ვლაპარაკობ (იღიმის). ძმაკაცები ვართ. ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. ერთმანეთთან ახლაც განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს. საუკეთესო მეგობრად მიმაჩნია. არ გვქონია სიტუაცია, რომელსაც ერთმანეთს დავუმალავდით... 20 წელზე მეტია, რაც მამა სამშენებლო ბიზნესშია. აფხაზეთის ომის ვეტერანია - 2 ტყვიითაა დაჭრილი...
- დიმი, პროექტში მერიემის მიმართ თქვენი რომანტიკული გრძნობები რეალური იყო?
- (იღიმის) რა თქმა უნდა, რეალური იყო, მაგრამ როცა ოჯახი ერთხელ უკვე დანგრეული გაქვს და 2 შვილის მამა ხარ, ყველაფერს მეტი ყურადღებით, დაკვირვებით უდგები ადამიანი. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობდი, ეს ურთიერთობა დასაწყისშივე სერიოზულ ფაზაში არ გადამეყვანა. ზუსტად ამ დაკვირვების რეჟიმმა მიმიყვანა იმ ქმედებებამდე და პირობებამდე, რაც ჩვენს ურთიერთობას მოჰყვა...
- პროექტში მერიემისთვის ანონიმურად გაგზავნილი თაიგულის და უსიამოვნო წერილის შესახებ გაჩნდა აზრი, რომ თქვენ, სალომემ და ნიკომ გაგზავნეთ...
- ღმერთმა დამიფაროს, მსგავსი საქციელი ჩავიდინო. ჩემ მიმართ მერიემის მიერ ჩადენილი საქციელები (ღალატი, ტყუილი, ცილისწამება...) ძალიან მარტივად მივიღე. მის მიმართ მწვავედ არასოდეს მისაუბრია. მაქსიმალურად ვცდილობდი, ყველაფრის მიუხედავად, გვერდით ვყოლოდი, ცუდი პერიოდის გადალახვაშიც დავხმარებოდი. ამიტომ სწორად არ მიმაჩნია, რომ თავად მერიემმაც ასე მიიჩნია, თითქოს ჩვენ გავუგზავნეთ - გადაცემის გარკვეული ეპიზოდი ვნახე... იმ ყვავილების გამგზავნი ჩვენი სამეულიდან არც ერთი არ ყოფილა. ღმერთმა დაგვიფაროს, რომელიმე მაგ დონემდე დავეცეთ და მერიემთან ბრძოლა უსუსური გზებით დავიწყოთ...
- აბა, ვინ გაუგზავნა, რას ფიქრობთ?
- მაქვს ინფორმაცია, რომ ეს პროექტის ერთ-ერთმა მაყურებელმა გააკეთა, რომელსაც ვიდეოც კი აქვს ჩაწერილი, თუ როგორ წერდა წერილს, როგორ გზავნიდა... პარალელურად, აყოლებდა ფრაზას, - როცა საჭირო იქნება, თავად გავასაჯაროებ, ვინ ვარო... მერწმუნეთ, ისეთ საქციელს არასოდეს ჩავიდენ, რისი აღიარებისაც შემრცხვება.
- ინტერნეტში ფოტო გავრცელდა, თითქოს მოდის ჩვენებასა თუ კონკურსში მონაწილეობდით...
- "მის ბათუმი" და "მის აჭარა" ტარდებოდა, რომელზეც "მისტერ ბაქო 2022" გახლდათ მოწვეული. აზერბაიჯანიდან რამდენიმე სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელი ჩამოვიდა. მე იმისთვის მიმიწვიეს, რომ ღონისძიების ორგანიზებაში დავხმარებოდი და რაკი ჩვენებაში მხოლოდ გოგონები მონაწილეობდნენ, ჩემს ქალაქში ჩამოსული სტუმრისთვის - "მისტერ ბაქო 2022"-ისთვის თანადგომა უნდა გამეწია და მასთან ერთად, აზერბაიჯანელი დიზაინერის სამოსი წარმედგინა. ეს გასაკვირი საერთოდ არაა: ქართულ ბრენდებთან ახლაც ვთანამშრომლობ. ჩემი მიზანიც ზუსტად ესაა, ბლოგი შევქმნა და ამ მიმართულებით ვიმუშაო.
- მოდის სფეროთი როგორ დაინტერესდით?
- ბავშვობიდან ქართული სამოსი მეცვა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ყველაფერი ქართული მცმოდა და თუნდაც მხოლოდ ერთი ხელი სამოსი მქონოდა. ელემენტარულად, ჩემთვის პირადი მოქალაქეობრივი ვალია, ევროპულ ბრენდს ქართული ვამჯობინო და შემოსავალი ქართველის ოჯახში შედიოდეს, ვიდრე ქვეყნის გარეთ გავიდეს.
- საინტერესოა, რომ პროექტში ტაროლოგის სტატუსით შეხვედით...
- ამდენი საინტერესო თემის ფონზე, ტაროლოგია იყო საკითხი, რაც პროექტის წარმომადგენლებმა განსაკუთრებულად დაინახეს - ისინი იმას ეძებენ, რაც უფრო ყურებადი იქნება... ფსიქოლოგიაში არასრული განათლება მაქვს. ადამიანების თანადგომა ხშირად მიწევს. ტაროს კარტი ჩემთვის ერთ-ერთი ბერკეტი იყო, რომლის დახმარებითაც კონკრეტულ ადამიანებთან ფსიქოლოგიურ ტრენინგებს ვატარებდი. ტაროლოგიასთან ამაზე მეტი შეხება არასოდეს მქონია. არც არასოდეს შემისწავლია. უბრალოდ, მაქსიმალურად ვცდილობდი, ნებისმიერი ტიპის დეპრესიის შემთხვევაში, რომელსაც თვალებში ძალიან მარტივად ვკითხულობ, ადამიანებთან იმ ენით მესაუბრა, რომლისაც უფრო მეტად სჯერათ. ამას პროექტის დაწყებამდეც ხშირად ვამბობდი ჟურნალისტებთან, პროდიუსერებთან, მაგრამ ისინი ყველაფერს ისე აჩენდნენ, როგორც აწყობდათ.
- პროექტში ყოფნისას თქვენს ემოციურობას საზოგადოების ნაწილისგან ბულინგი მოჰყვა - რატომღაც, მამაკაცისთვის ცრემლი მიუღებლად მიიჩნიეს...
- საერთოდ, ყველას ყველაფრის დანახვა ისე უნდა, როგორც აწყობს. შეუძლიათ, მამაკაცის ცრემლი სასაცილოდ მიიჩნიონ, შემდეგ კი, თუ ქალს "სუსტად" მოვიხსენიებთ ან აღვნიშნავთ, რომ კაცს მეტი ძალა აქვს, ქალს კაცის თანადგომა მეტად სჭირდება, იმავე ადამიანებს შეუძლიათ, სექსიზმში დაგვადანაშაულონ. ჩემი აზრით, ყველანი ინდივიდუალურები ვართ. ემოციები, გრძნობები გაგვაჩნია. იმის გამო, რომ კაცი ვარ, გრძნობების და ემოციების კონტროლს სავალდებულოდ არ მივიჩნევ... პროექტში ნამდვილად მოზღვავებული ემოციები მქონდა, რადგან საერთოდ, შოუში ყოველთვის ის ჩანს, რაც შოუს წარმომადგენლებს სჭირდებათ. არ აჩენდნენ, ემოციებზე თამაში რამდენ საათს თუ დღეს გრძელდებოდა... დიახ, ემოციები იმის გამო მაწვებოდა, რომ ვიღაცებს ცხვირ-პირს ვერ ვუერთიანებდი, რადგან ერი მიყურებდა... ძალადობას არ ვემხრობი. უბრალოდ, ვამბობ, რომ იმ დროს მილიონი აზრი გიჩნდება. მილიონი ტიპის აზრს ზუსტად იმიტომ აკონტროლებ, რომ ძალადობას არ ემხრობი, მოძალადესავით არ იქცევი და ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გადმოგაქვს...
- თავიდანვე იცოდით, რომ რეალითი შოუში კი შეხვედით, მაგრამ სინამდვილეში, "ლაივ სტრიმები" არ იქნებოდა ჩართული და მაყურებლები მხოლოდ გადაცემის სახით დამონტაჟებულ მასალას ნახავდნენ?
- არა, ამის შესახებ ინფორმირებული არ ვიყავით. წინა 2 სეზონის მაყურებელი გახლდით. პირველ სეზონზე თითქმის 24-საათიანი "სტრიმი" იყო ჩართული, მეორეზე კი - დღის დიდი მონაკვეთი მაინც გადიოდა "ლაივში"... ჩვენს შემთხვევაში, ასე აღარ იყო, რაც პროტესტის განცდას აჩენდა. პროექტის წარმომადგენლებისგან პასუხად ვიღებდით, - ვერ გენდობითო. ვერ გვენდობოდნენ და "სტრიმს" ვერ რთავდნენ. რიგმა მიზეზებმა იქამდე მიგვიყვანა, რომ ჩემივე გადაწყვეტილებით, შოუში აღარ ვარ...
ეთო ყორღანაშვილი