"აბა, დაკეტვა გვინდა, კაცო?!", "რა ფრენები და უვიზო რეჟიმი?.." - ხელოვანების აზრთა სხვადასხვაობა რუსეთში მიმოსვლაზე - კვირის პალიტრა

"აბა, დაკეტვა გვინდა, კაცო?!", "რა ფრენები და უვიზო რეჟიმი?.." - ხელოვანების აზრთა სხვადასხვაობა რუსეთში მიმოსვლაზე

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცემული განკარგულებით, 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმი უქმდება. საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას 90 დღემდე ვადით უვიზოდ შეძლებენ... ამასთან, 15 მაისიდან, ასევე, იხსნება აკრძალვა ფრენებზე საქართველოში. შესაბამის განკარგულებას პუტინმა დღეს მოაწერა ხელი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები 2019 წელს შეწყდა. ეს გადაწყვეტილება მოსკოვმა თბილისში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების შემდეგ ცალმხრივად მიიღო.

განკარგულებების გამოქვეყნების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აუქმებს რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემულ რეკომენდაციას, რომ თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან.

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2006 წლის ოქტომბერში, ორ ქვეყანას შორის ჯაშუშების სკანდალის შემდეგ შეწყვიტა. 2008 წელს ფრენები რამდენიმე თვით განახლდა, თუმცა აგვისტოს ომის შემდეგ კვლავ შეწყდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განკარგულებების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილი ქართველი ხელოვანები თავიანთ მოსაზრებას "კვირის პალიტრას" უზიარებენ.

გია ბუღაძე, მხატვარი:

- რა თქმა უნდა, ეს საშინელებაა! ერთადერთი, რასაც ვიტყოდი, პუტინმა საქართველოსთვის საჩუქრების კეთება არ იცის და თუ თავისთვის არ აწყობს, არც გააკეთებდა! ეს არის კიდევ ერთი ნიშანი შიდამოხმარებისთვის, უიარაღოდ დაიპყროს საქართველო, ამათმაც არაჩვეულებრივად ჩააბარეს!

რეალურად რა ხდება: ჩვენ ხელისუფლება კი არ გვყავს, არამედ - ბნელი, რუსი აგენტურა! მართლაც რუსის მონები! ასე რომ, ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი უბედურება!

ახლა კი ჩვენმა საზოგადოებამ ხმა მართლაც უნდა ამოიღოს! თუ ხალხი კიდევ ერთხელ ხმას ამოიღებს, შეიძლება კიდევ რაღაც შეიცვალოს. საერთოდ ყველანაირ ზღვარს გადავიდნენ, უზნეობის, ღალატის, გაიძვერობის საოცარ მაგალითებს ქმნიან.

ვერ წარმოვიდგენდი, ადამიანს გვარი პაპუაშვილი, კობახიძე ჰქონდეს და ასეთი მოღალატე იყოს... ქართული, ძირძველი გვარები აქვთ და მაოცებს, თავის ქვეყანა ასე არ უყვარდეთ. რა ემართებათ, როგორ მოიწამლნენ?! ვინ იყიდა, როგორ შეიძლება ფულმა და ძალაუფლებამ ადამიანი ასე გარყვნას, ღირსება, პატივისცემის განცდა დაგაკარგვინოს?!

132123-1683746654.jpg

ბოდიში და სულ ფეხებზე არ ჰკიდია პუტინს შენი მილიონი ქართველი?! ჯერ ერთი, მილიონი ქართველი არ არის რუსეთში, მაგრამ რამდენიც არის, თურმე, სულ იმათი დარდით არის პუტინი მკვდარი... ხომ ვიცით, რაც არის მათი ინტერესი! ეს არის ნაბიჯი, ყველანაირად ჩაუკეტოს გზა საქართველოს ევროპისკენ! არავინ არ აღირსებს ევროკავშირის კანდიდატობას!

ხალხო, ეს არის ძალიან დიდი უბედურება! ეჭვი არ მეპარება, რუსეთს ჩააბარეს ქვეყანა, ისედაც, ქუჩაში გადით და ქართულზე მეტი ხომ რუსული ისმის?! მე არ ჩამიბარებია ეს ქვეყანა რუსეთისთვის და თქვენ, ზემოთ რა გვარებიც ჩამოვთვალე, მათ - კი! გრანდიოზულ სასახლეებს რომ იშენებენ, ჰგონიათ, ბოლომდე შერჩებათ?! არა, ბატონო! რუსი ყველაფერს წაგართმევს, რუსი დაუნახავი, გაუმაძღარია! არაფერს დაგიტოვებს და ნუ გგონია, რომ შენ აჯობებ რუსს რამეში! ასე ეგონა „საწყალ“ პეტრე ბაგრატიონს, რომელიც რუსებისთვის იბრძოდა, რუსებმა დამარხეს და რამდენიმე წლის მერე კი მისი საფლავი ამოთხარეს და პირდაპირ მდინარეში გადააგდეს...

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ რუსეთთან ურთიერთობა, შეთანხმება არ არსებობს. რუსეთს აქვს ერთადერთი რამ - იმპერიული აზროვნება, დაპყრობა, ყველა ხალხის გადაყლაპვა! ყველას უნდა მოუსპოს დამოუკიდებლობა, თავისუფალი აზროვნება!

ტოტალური აზროვნება აქვს და აზროვნებაც აღარ ჰქვია მაგას, რუსეთი არის სამყაროს უბედურება!

ძალიან ცუდად არის ჩვენი ქვეყნის საქმე!

ზურა ყიფშიძე, მსახიობი:

- უიმე, ღმერთო ჩემო! გაინტერესებთ ჩემი დამოკიდებულება, რა უნდა იყოს? - რაც უფრო გახსნილი იქნება, ის ჯობია, აბა, დაკეტვა გვინდა, კაცო!? რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში არაფერი ტრაგედია არ არის, მეტი წინააღმდეგობა იქნება იქ ჩასასვლელად თუ უფრო ადვილი, განსხვავება ამაში ხომ არის? - ვიმეორებ, ვერავითარ ტრაგედიას მე ამაში ვერ ვხედავ!

zura-yifshidze-w-h-1683746694.jpeg

მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი:

- რა გითხრათ, ძალიან რთული საკითხია! პოლიტიკოსი არ ვარ და ამ ყველაფრის გათვლა რთულია, თუმცა მთავარი გათვლა ის უნდა იყოს, რუსეთში მცხოვრები ყველა ქართველი საქართველოში ადვილად ჩამოვიდეს... იმისთვის, რომ ჩვენ კონტაქტი მათთან არ დავკარგოთ, ეს ჩვენი მოსახლეობისთვის საჭირო იყო, ვინც რუსეთში ემიგრირებულია.

1592419050-merab-kokochashvili-2020-06-17-1683746750.jpg

ამდენად, ეს კარგია, მაგრამ საჭიროა ფიქრი იმის შესახებ, უცხოელების რაოდენობამ საქართველოში მკვეთრად არ მოიმატოს. ეს ცალკე საკითხია, რასაც ძალიან დაფიქრება სჭირდება! ამ რთულ პირობებში, როცა ომებია, საქართველოს მოქალაქეები საქართველოში თავისუფლად უნდა შემოდიოდნენ, უცხოელებზე კი კონტროლი იყოს, მათ შორის - რუსებზე!

პიანისტი ირმა გიგანი სოციალურ ქსელში წერს:

„სულ მგონია, კონკრეტული, სამარცხვინო პრორუსული ქმედებებისას (მთავრობის მიერ), აი, ამაზე დიდი სირცხვილი რაღა შეიძლება იყოს?", "ამაზე აშკარა რა შეიძლება იყოს?.."

gigani.jpg

ხალხნო, მე მგონი, მართლა სიზმარში გვგონია თავი, აბა, ასეთი უთავმოყვარეობა რა დაგვემართა?! რა ფრენები და უვიზო რეჟიმი?..

ვისთან? ამაზე აშკარა რაღა უნდა ხდებოდეს, არ ვიცი".

ამ თემას სოციალურ ქსელში მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველიც ეხმაურება:

"ეჰ, რა სამწუხაროა ეს ყველაფერი… თან რაღაც მაინც ხომ უნდა იყოს, რაშიც ერთსულოვნები ვიქნებით… და სადაც აქამდე ითმენდა სავიზო რეჟიმსა და შემოვლით ფრენებს ჩვენი მოქალაქეების ის ნაწილი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და საქმიანობს, ცოტა კიდევ მოეთმინათ და პუტინის რეჟიმის განეიტრალების შემდეგ, შედარებით აზრზე მოსულ რუსეთთან დაგველაგებინა სამგზავრო და სავიზო საკითხები… თორემ ახლა, ეს ინდულგენცია რას ნიშნავს და რას მოასწავებს, ეგ ხომ იმათთვისაც გასაგებია, ვინც პირველივე რეისს მოასხდება მოსკოვის მიმართულებით.

6407380d7841b-1683746834.jpg

ჰოდა, ეროვნული შეგნებისა და თავმოყვარეობის პრობლემებისთვის გვაქვს ჯერ მისახედი.

არათუ სოლიდარობას, ელემენტარულ ჰუმანურობასაც კი ვკარგავ დღევანდელი სიახლით აღტაცებული და კონიუნქტურული ვალდებულების გამო, ამ ამბის გამმართლებელი ჩემი თანამემამულეების მიმართ...

და მაინც, რა სამწუხაროა ეს ყველაფერი…

დიდება და გამარჯვება უკრაინას! მშვიდობა და დეოკუპაცია საქართველოს!

გოგა ჩანადირი, ფოტოკორესპონდენტი:

- სავიზო რეჟიმის მოხსნაში, ერთი მხრივ, განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, ჩვენც მალე მოვუხსენით რუსეთის მოქალაქეებს 2008 წლის, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. თუმცა მთელი უბედურება და ტრაგედია ის არის, რომ ეს ყველაფერი ახლა პოლიტიკურ მდგომარეობას - რუსეთ-უკრაინის ომს დაემთხვა. ეს ნაბიჯი ქართველი საზოგადოების გასახლეჩადაა, რომ ხალხი ხელახლა დააპირისპიროს, ხელისუფლება, ოპოზიცია და ასე შემდეგ, იმ საკითხზე - ხელისუფლება კარგია თუ ცუდია, რუსეთუმეა თუ ევროპა უნდა. მეორე უბედურება ის არის, რომ ყველა ეს ნაბიჯი ერთგვარი მცდელობაა საზოგადოების გასათიშად და ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანას ემსახურება.

chanadiri-1651407930.jpg

მეორე საკითხი ის არის, რომ ყველა ეს ნაბიჯი რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობად აღიქმება იმ დროს, როცა მას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სანქციები აქვს დაწესებული. თითქოს, საქართველოს როლის წარმოჩენას უსვამს ხაზს, რომ ის იმ სანქციებს არ უერთდება, მთავრობა კი მის მიმართ ლოიალურია.

პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას ნიშნავს. მანამდეც იყო ეს სახმელეთო გზით შესაძლებელი, მაგრამ ფრენების აღდგენა თვისობრივად ახალ ეკონომიკურ ურთიერთობებს აყალიბებს.

collage6-1683747674.jpg

ეს ყველაფერი იმას ემსახურება, რომ საქართველო წარმოაჩინოს უკრაინისთვის არამეგობრულ ქვეყნად, რომელსაც დიდად არ ანაღვლებს ცივილიზებული საზოგადოების მიდგომა ომის მიმართ.

არადა, რუსეთი დამპყრობელია.

მოკლედ რუსეთს ეს არ გაუკეთებია იმისთვის, რომ ჩვენი ლამაზი თვალები მოსწონს. ძალიან მზაკვრული გადაწყვეტილებაა, რუსეთი არანაირად არ ფიქრობს ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, თორემ ფრენებს არც აკრძალავდა.

თუ საქართველოსთან მართლაც სურთ ურთიერთობის დალაგება, ჯარი გაიყვანონ, აღადგინონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა!

მანამდე კი, ეს ყველაფერი, უბრალოდ, ხრიკებია!

(სპეციალურად საიტისთვის)