"თუ თქვენ იტყვით, რომ პუტინი არის ომის დამნაშავე, გაცილებით რთული იქნება შეთანხმების მიღწევა, რათა ომი შეწყდეს" - კვირის პალიტრა

"თუ თქვენ იტყვით, რომ პუტინი არის ომის დამნაშავე, გაცილებით რთული იქნება შეთანხმების მიღწევა, რათა ომი შეწყდეს"

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის არ ფიქრობს იმაზე, ვინ უნდა გაიმარჯვოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, არამედ სურს, რომ „შეწყდეს ყველას სიკვდილი“.

„მინდა, ყველას სიკვდილი შეწყდეს. ისინი იხოცებიან. რუსები და უკრაინელები. მინდა, რომ მათ შეწყვიტონ სიკვდილი და მე ამას 24 საათში გავაკეთებ“, - აღნიშნა ტრამპმა CNN-თან ინტერვიუში.

აშშ-ის ექსპრეზიდენტის თქმით, ის არ ფიქრობს "გამარჯვებისა და წაგების თვალსაზრისით. ვფიქრობ საკითხი მოგვარების კუთხით ისე, რომ შევწყვეტთ ყველა ამ ადამიანის მკვლელობა“.

დონალდ ტრამპის განცხადებით, შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და უკრაინის ომს 24 საათში მოაგვარებს. ამასთან, კითხვაზე, თვლის თუ არა, რომ ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავეა, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს საკითხი მოგვიანებით უნდა განიხილონ.

„თუ თქვენ იტყვით, რომ ის არის ომის დამნაშავე, გაცილებით რთული იქნება შეთანხმების მიღწევა, რათა ომი შეწყდეს. თუ ის ომის დამნაშავე იქნება, ხალხი მას ხელში ჩაიგდებს და სიკვდილით დასჯის - ის უფრო ძლიერად იბრძოლებს, ვიდრე სხვა ვითარებაში“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, პუტინი „ჭკვიანი კაცია“, მაგრამ "უზარმაზარი შეცდომა დაუშვა".

„რა თქმა უნდა, ის ჭკვიანია. მათ უნდათ, რომ თქვათ, რომ ის სულელი ადამიანია. ის სულელი ადამიანი არ არის და ძალიან მოხერხებულია. ჩემი აზრით, პუტინმა ცუდი შეცდომა დაუშვა,“- აღნიშნა ტრამპმა. როდესაც დაზუსტება სთხოვეს, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დასძინა: „მისი შეცდომა იყო [უკრაინაში] შესვლა. ის არასოდეს შევიდოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი".

IPN