პოლონეთის შუაგულში ჩამოვარდნილი რაკეტა ბირთვული ქობინის მატარებელი რუსული Х-55 აღმოჩნდა...
ოცი დღის წინ პოლონეთის ტერიტორიის შუაგულში, ტყეში შემთხვევით ნანახი ფრაგმენტები... რუსული ბირთვულქობინიანი Х-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტის აღმოჩნდა!
პოლონელებს ორ კვირაზე მეტი დასჭირდათ ამის დასადგენად ან შეიძლება იმ სამარცხვინო ფაქტის ასაღიარებლად, რომ რუსეთის მიერ გაშვებულმა ფრთოსანმა რაკეტამ, რომელსაც ბირთვული ქობინის წაღება შეუძლია, თურმე, თითქმის მთელი პოლონეთის - ნატოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცე უპრობლემოდ გაიფრინა და ქალაქ ბიდგოშჩის სიახლოვეს ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 500 კმ-ზე, ხოლო ბელარუსიდან კი - 400 კმ-ზე მეტადაა დაშორებული...
ბიდგოშჩის ტყეში რაკეტის ფრაგმენტები ადგილობრივმა მაცხოვრებელმა სეირნობისას, შემთხვევით, ჯერ კიდევ 25 აპრილს აღმოაჩინა, რომელზეც რუსული წარწერები იყო და მას შემდეგ იყო მცდელობა, ისინი იმ საბჭოთა საავიაციო რაკეტების ნარჩენებად "გაესაღებინათ", რომლებიც ვარშავის პაქტის პერიოდიდან შემორჩათ პოლონეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს და ზოგჯერ პოლიგონებზე კიდევ იყენებენ, მით უმეტეს, რომ ქალაქ ბიდგოშჩის სიახლოვეს სამხედრო აეროდრომია განთავსებული.
მაგრამ ამ ფრაგმენტების უფრო დეტალური შესწავლის შედეგად, მართლაც რომ გამაოგნებელი (პირველ რიგში, თავად პოლონელი სამხედროებისთვის და ნატოს სარდლობისთვისაც) რეალობა გაირკვა - ისინი საბჭოთა წარმოების იმ Х-55 ტიპის საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტის ნაწილებს წარმოადგენდნენ, რომელიც განკუთვნილია ბირთვული ქობინის 2 500 კმ მაქსიმალურ მანძილზე გადასატანად და ათჯერ ძლიერი "ჰიროსიმის" მოსაწყობად!
5,8 მ სიგრძისა და 1 195 კგ მასის Х-55-ის საბრძოლო გამოყენება მხოლოდ Ту-95МС და Ту-160 ტიპის სტრატეგიული დანიშნულების რაკეტმზიდ-ბომბდამშენებს შეუძლიათ, რომლებიც, ასევე, მხოლოდ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების არსენალშია.
შესაბამისად, ეს ფრთოსანი რაკეტა პოლონეთის შუაგულში მხოლოდ რუსული ბომბდამშენიდან გაშვების შედეგად შეიძლება აღმოჩენილიყო...
მაგრამ რუსმა პილოტებმა შეგნებულად გაუშვეს ნატოს წევრი პოლონეთისკენ ბირთვული ქობინის გადატანის შესაძლებლობის მქონე ეს ფრთოსანი რაკეტა თუ უკრაინის ქალაქების მორიგი სარაკეტო თავდახმისას ერთ-ერთმა რუსულმა Х-55 -მა ევროპისკენ "განავარდება" თვითნებურად, ტექნიკური გაუმართაობის შედეგად მოინდომა?
ეტყობა, სწორი პასუხი მაინც მეორეა - ან ტექნიკური მიზეზების, ან კიდევ რაკეტის დამიზნების სისტემაში არასწორი კოორდინატების შეტანის გამო, რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ უკრაინაში ამოღებულ სამიზნეს 500 კმ-ზე მეტად "ააცილა" და პოლონური ქალაქის სიახლოვეს, ტყეში ისე "ჩაიმალა", რომ მის შემთხვევით საპოვნელად 5 თვეზე მეტი გახდა საჭირო...
პოლონელი გენერლები მხოლოდ ახლა აღიარებენ, რომ გასული წლის 16 დეკემბერს, როდესაც რუსეთმა უკრაინას 76 რაკეტის გამოყენებით ერთ-ერთი ყველაზე მასირებული საჰაერო დარტყმა მიაყენა, ერთმა რუსულმა რაკეტამ გადაკვეთა პოლონეთის საჰაერო სივრცე, რის გამოც პოლონეთის აეროდრომებზე ბაზირებული რამდენიმე ამერიკული F-35 და პოლონელების F-16-ები განგაშზე ჰაერში აიჭრნენ, მაგრამ მათმა პილოტებმა ვერ შეძლეს საჰაერო სივრცის დამრღვევი ობიექტის აღმოჩენა, ხოლო სახმელეთო რადიოლოკატორების ეკრანებზე ეს უცნობი მფრინავი ობიექტი სწორედ ქალაქ ბიდგოშჩის სიახლოვეს გაქრა...
ასეა თუ ისე, ეს უკვე მესამე სერიოზული საგანგაშო ზარია, რომელიც ნატოს ერთიანი საჰაერო თავდაცვის სისტემის აღმოსავლეთ მიმართულების დიდ პრობლემებზე მეტყველებს.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ჯერ იყო და, 2022 წლის 10 მარტს ნატოს წევრი ხორვატიის დედაქალაქის ზაგრების ცენტრში დაეცა Ту-141 Стриж-ის ტიპის რეაქტიული უპილოტო თვითმფრინავი, რომელიც უკრაინელ სამხედროებს კამიკაძე-დრონად ჰქონდათ გადაკეთებული და იმ ღამეს ოდესის ოლქიდან ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულისკენ რუსული სამხედრო ობიექტისკენ გაუშვეს, მაგრამ "სტრიჟმა" რატომღაც თითქმის 180 გრადუსით შეიცვლა ფრენის კურსი და გეზი დასავლეთისკენ აიღო, რუმინეთის საჰაერო სივრცის ნაწილი 3 წუთში, ხოლო უნგრეთის კი - 40 წუთში უპრობლემოდ გადაიფრინა, სანამ ხორვატიის დედაქალაქში დაეცემოდა და აფეთქდებოდა, საბედნიეროდ, მსხვერპლის გამოწვევის გარეშე.
მეორე საჰაერო ინციდენტი კი, სამწუხაროდ, მსხვერპლით დამთავრდა, როდესაც 2022 წლის 15 ნოემბერს უკრაინა-პოლონეთის საზღვრის სიახლოვეს, პოლონურ სოფელ პშევოდუვში С-300 ტიპის საზენიტო რაკეტა აფეთქდა, რომელმაც ორი ადგილობრივი იმსხვერპლა - როგორც შემდგომ გაირკვა რუსული ფრთოსანი რაკეტის ჩამოსაგდებად გაშვებულმა უკრაინულმა საზენიტო С-300-მა ფრენის მიმართულება შეიცვალა და პოლონური სოფლისკენ აიღო გეზი...
მაგრამ მაინც, უკრაინის საზღვრიდან 500 კმ-ზე დაშორებულ პოლონურ ქალაქთან ნაპოვნი რუსული ფრთოსანი რაკეტის ფრაგმენტები ბევრად უფრო დამაფიქრებელი უნდა იყოს, როგორც პოლონეთის, ისე მთლიანად ნატოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის - მართალია, ამ შემთხვევაში რუსულ ფრთოსან რაკეტას საბრძოლო ქობინის ადგილას ბირთვულის ნაცვლად მისი მასა-გაბარიტული მაკეტი ეყენა, მაგრამ ხვალ ყველაფერი რომ მართლაც სერიოზულად დაიძაბოს, ნუთუ რუსულ, ამჯერად ბირთვულქობინიან რაკეტებს ნატოს წევრი ყველა ევროპული ქვეყნის დედაქალაქამდე ასე ადვილად შეეძლებათ მიღწევა?!