"საქართველომ ვიზა გამოისყიდა...ვარგისია ფრენისათვის" - რას წერენ რუსული გამოცემები პუტინის გადაწყვეტილებაზე - კვირის პალიტრა

"საქართველომ ვიზა გამოისყიდა...ვარგისია ფრენისათვის" - რას წერენ რუსული გამოცემები პუტინის გადაწყვეტილებაზე

რუსეთის პრესა აქტიურად აშუქებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებებს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის აღდგენის შესახებ. თითქმის ყველა რუსული ცენტრალური, ფედერალური გაზეთის პირველ გვერდზეა გამოქვეყნებული სტატიები, რომლებშიც გადმოცემულია როგორც საკითხის ისტორია - თუ რატომ და რა ვითარებაში იქნა შემოღებული თავის დროზე სავიზო რეჟიმი რუსეთის მიერ და რატომ შეწყდა ავიამიმოსვლა საქართველოსთან, ასევე, შეფასებულია ბრძანებულებების მნიშვნელობა დღეისათვის - შეცვლილი პოლიტიკური სიტუაციის პირობებში, რუსეთ-უკრაინის ომისა და დასავლეთის სანქციების ფონზე. პუბლიკაციებში ციტირებულია რუსი და ქართველი პოლიტიკოსების (ოფიციალური პირების) და ექსპერტების კომენტარები.

გაზეთ "კომერსანტის" (КоммерсантЪ) პირველ გვერდზე დაბეჭდილია სტატია სათაურით - "საქართველომ ვიზა გამოისყიდა: ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმებისათვის მოსკოვს კიდეც აქებენ და კიდეც ლანძღავენ" (ავტორები - გიორგი დვალი, ვლადიმერ სოლოვიოვი):

"რუსეთის მიერ რამდენიმე წლის წინ საქართველოს წინააღმდეგ შემოღებული შეზღუდვა-აკრძალვების გაუქმება, თანაც თავად რუსეთის მხრიდან, სენსაცია გახდა. რუსეთის სამთავრობო და პოლიტიკურ წრეებში ამ ნაბიჯს ერთგვარ კეთილ ნებად თვლიან, რომელიც საქართველომ ნამდვილად დაიმსახურა ანტირუსული სანქციების ფონზე, რომლებსაც თბილისი არ შეუერთდა. საქართველომ თავისი მოქმედებით რუსეთის პოზიტიური რეაქცია გამოიწვია, მაგრამ რუსეთის კეთილი ნების ჟესტი, როგორც ჩანს, საქართველოში ყველამ დადებითად არ შეაფასა. მაგალითად, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ჯერ Twitter-ში დაწერა, რომ აკრძალვების გაუქმება "რუსეთის პროვოკაციას წარმოადგენს", შემდეგ სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საქართველოს რუსეთის ისეთი საჩუქრები არ სჭირდება, რომელიც თბილისს ევროკავშირის წინაშე რთულ სიტუაციაში ჩააყენებს და ხელს შეუშლის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასო.

უარყოფითი პოზიცია გამოხატეს ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმაც, მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ (ხატია დეკანოიძემ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა - რედ.), რომლის თქმით, "რუსეთი საქართველოს მმართველ პარტიას ანტიუკრაინული კურსის გამო აჯილდოვებს". სულ სხვა თვალსაზრისი აქვს საქართველოს მთავრობას და მმართველ პარტიას, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმნენ", - ნათქვამია პუბლიკაციაში. წყარო

გაზეთ "იზვესტიის" (Известия) 11 მაისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით - "ვარგისია ფრენისათვის: რატომ განაახლა რუსეთმა პირდაპირი ავიარეისები საქართველოსთან" (ავტორები: ვალენტინ ლოგინოვი და ანასტასია პლატონოვა).

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან, პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლებისა და ქართველი მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შესვლა 2012 წლიდან შეუძლიათ. მოსკოვის პოზიტიური სიგნალის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტმა მოსკოვის გადაწყვეტილებას "პროვოკაცია" უწოდა და უშიშროების საბჭოს მოწვევა მოითხოვა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმი დაწესების საკითხი განიხილოს. იმავდროულად, პრეზიდენტისაგან განსხვავებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას. რატომ თვლიან ზოგიერთები კრემლის გადაწყვეტილებას ნეგატიურად და არა - დათბობად მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობებში?

(...)

როგორც "იზვესტიას" განუმარტეს რუსეთის ფედერაციის საბჭოში, პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიმართულია საქართველოს მოქალაქეებისადმი რეალური დახმარების გაწევისაკენ: "ეს გადაწყვეტილება გამიზნულია იმისთვის, რომ რეალური დახმარება აღმოუჩინოს საქართველოში და რუსეთში მცხოვრებ ადამიანებს, რომ მათ ერთმანეთთან პირდაპირი კავშირები იქონიონ - იმის მიუხედავად, თუ როგორი [პოლიტიკური] ურთიერთობაა სახელმწიფოებს შორის. მე ამ გადაწყვეტილებას ველოდებოდი და მათ მიღებას აბსოლუტურად სწორ ნაბიჯად ვთვლი. ორ ერს - [ქართველებსა და რუსებს] შორის არასოდეს გაჩენილა ისეთი მტრობის ატმოსფერო, როგორიც დღეს რუს და უკრაინელ ერებს შორის არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის სახელმწიფოთაშორისო კავშირებში გარკვეული პოლიტიკური პრობლემებია გაჩენილი, ერებსა და ადამიანებს შორის კონტაქტები - ეს ისეთი კაპიტალია, რომელსაც, საბოლოო ჯამში, სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების გაუმჯობესება შეუძლია", - ამბობს "იზვესტიის" კორესპონდენტთან საუბარში ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე კოსაჩევი.

საქართველოს ქალაქებში აკრძალვამდე ექვსი რუსული ავიაკომპანია - "აეროფლოტი", "სიბირ-7", "ურალსკიე ავიალინიი", "პობედა", "ნორდავია" და "კრასნია კრილია" (Red Wings) დაფრინავდა. როგორც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო იტყობინება, ფრენების განახლება გულისხმობს, რომ მოსკოვიდან თბილისში კვირაში შვიდი ავიარეისი შესრულდება და პირიქით - იმ ავიაკომპანიების მიერ, რომლებზეც დასავლური სანქციები არ ვრცელდება, თანაც მხოლოდ რუსული წარმოების თვითმფრინავებით.

(...)

დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის მიუხედავად, რუსეთსა და საქართველოს შორის ბოლო წლებში ეკონომიკური კავშირები პოზიტიურად ვითარდებოდა. საქართველომ უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული დასავლური სანქციების შესრულებაზე და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, რის გამოც თბილისი აშშ-სა და ევროპული სახელმწიფოების ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა. თავის მხრივ, რუსეთმა საქართველო არამეგობრული [მტრული] სახელმწიფოების სიაში არ შეიტანა.

"მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საქართველო-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობა ორ ბლოკად იყოფა: პირველი - პოლიტიკურია, რომელიც მთლიანად "გაყინულია" და, დიდი ალბათობით, უახლოეს პერსპექტივაში არ გაუმჯობესდება. ამ მხრივ რეალური სიტუაცია არ შეიცვლება", - ამბობს "იზვესტიასთან" საუბარში ვადიმ მუხანოვი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ე.პრიმაკოვის სახ. მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის (ИМЭМО) კავკასიის სექტორის გამგე, - "მეორე ბლოკი სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროს წარმოადგენს, რომელშიც სიტუაცია დიამეტრულად განსხვავებულია, ვაჭრობის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება.

2022 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის საქონელთბრუნვამ 50%-ით მოიმატა და 2,5 მილიარდ დოლარს მიაღწია: მოსკოვმა თბილისის მთავარ სავაჭრო პარტნიორებს შორის მტკიცედ დაიკავა მეორე ადგილი, პირველი კი ანკარას დაუთმო. თუმცა 2023 წლის იანვარ-თებერვალში ვაჭრობის ტემპებმა ისე მოიმატა (გაიზარდა 48%-ით - 468 მილიონი დოლარით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით), რომ შეიძლება რუსეთი საქართველოს უპირველესი სავაჭრო პარტნიორი გახდეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ გასულ წელს განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება საზარალოა საქართველოს ეკონომიკისათვის, მისი ეროვნული ინტერესებისათვის და ამიტომ თბილისი ამ ნაბიჯს არ გადადგამს. იმავე თვალსაზრისს გამოხატავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც...

"თბილისის პოზიტიური სიგნალები მოსკოვში დაფიქსირებული იქნა და ამიტომაც ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება ლოგიკურ ნაბიჯად მიმაჩნია. მით უმეტეს, რომ დრო ახლა შესაბამისია: გაზაფხულია და ტურისტული სეზონი იწყება", - თვლის ვადიმ მუხანოვი, თუმცა იქვე ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკურ დაახლოებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევი იქნება.

(...)

"პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება დიდი ხნის განმავლობაში "მწიფდებოდა", - აცხადებს ალექსი მკრტიჩიანი, რუსეთის ტურსააგენტოების ალიანსის ვიცე-პრეზიდენტი, - "ამჟამად საქართველო დასავლეთისაგან უძლიერეს ზეწოლას განიცდის, რომ რუსეთთან ურთიერთობა შეზღუდოს და სანქციები დააწესოს, მაგრამ ამას არ აკეთებს. ფრენების აღდგენას მიმდინარე წლის საუკეთესო გადაწყვეტილებად ვთვლი - ტურისტული ნაკადი მრავალჯერადად გაიზრდება. იმ დროს, როცა საქართველოსთან სარკინიგზო კავშირი და ფრენები არ იყო, რუსები იქ მაინც მასობრივად ჩადიოდნენ, ახლა კი რაოდენობა უფრო სწრაფად მოიმატებს. სავიზო რეჟიმის გაუქმება გამოიწვევს მგზავრთა ნაკადის გაზრდას საქართველოს მხრიდანაც რუსეთისაკენ".

ექსპერტის პროგნოზით, თბილისში და ბათუმში ავიარეისები შესრულდება, როგორც მოსკოვიდან და სანქტ-პეტერბურგიდან, ასევე - ეკატერინბურგიდან, ყაზანიდან, სამარადან, უფიდან, მინვოდიდან...

"მაგრამ ბილეთის ფასები დაბალი არ იქნება - მგზავრებს მოუწევთ 22-25 ათასი რუსული რუბლის გადახდა, რაც ორჯერ უფრო მეტია ადრინდელთან შედარებით. საქართველოში რუსები, ძირითადად, ორი მიზნით მიდიან: პირველი - დასასვენებლად და კულტურის ძეგლების გასაცნობად. გარდა ამისა, ბევრს იზიდავს ქართული სამზარეულოც. მაგრამ ტურისტების ნაკადი შეიძლება მასობრივი არ იყოს, რადგან საქართველოში წასასვლელად საზღვარგარეთული პასპორტი ბევრ რუს მოქალაქეს არ აქვს; მეორე მიზანი - ტრანზიტისათვის: საქართველოდან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები დაფრინავენ საბერძნეთში, კვიპროსზე, იტალიაში, გერმანიაში და ა.შ.".

თუ საქართველოს სომხეთს შევადარებთ, მსხვილი აეროპორტებით საქართველოს უპირატესობა აქვს (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი), სომხეთში კი მხოლოდ ერთი მსხვილი აეროპორტი მოქმედებს - ერევანში. შესაბამისად, სომხეთიდან რუსეთში გაფრენის ფასი მაღალია. ამიტომაც საქართველო სომხეთისათვის სერიოზული კონკურენტი იქნება", - ასკვნის ალექსი მკრტიჩიანი. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ