"ერთი დიდი, თეთრი ბაირაღი უნდა ფრიალებდეს ამაყად" - პრემიერა ახმეტელის თეატრში
6 მაისიდან თბილისის სანდრო ახმეტელის დრამატულ თეატრში პრემიერის დღეები დაიწყო. კლასიკოსი ქართველი მწერლის - ნოდარ დუმბაძის „თეთრი ბაირაღები“ რეჟისორმა ოთარ ქათამაძემ განახორციელა.
„თეთრი ბაირაღები“ - ახალგაზრდა ზაზა ნაკაშიძის ამბავს მოგვითხრობს - პატიმარი ნაკაშიძე ციხის საკანში ერთმანეთისაგან ხასიათებით, ცხოვრების წესით მკვეთრად განსხვავებულ ადამიანებთან ერთად ხვდება, ყოველდღიურობაში ვლინდება მათი პრობლემები, კონფლიქტები, ცხოვრების მიზანი და ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - სიყვარულისა და სიკეთის კეთების ნიჭი, რადგან ამ სამყაროში „ერთი დიდი, თეთრი ბაირაღი უნდა ფრიალებდეს ამაყად ჯომოლუნგმაზე ნიშნად - უსაზღვრო სათნოებისა, სიკეთისა და სიყვარულისა, ერთი თეთრი დროშა, ვებერთელა თეთრი ბაირაღი“.
რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენური ვერსია - 1973 წელს განხორციელდა.
სპექტაკლი ეძღვნება ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 95 წლისთავს.
სპექტაკლის მხატვარი - მარიკა კვაჭაძე გახლავთ.
მონაწილეობენ: ჯორჯი დვალიშვილი, გიორგი გასვიანი, ბუკა ღლონტი, ანდრია გველესიანი, ბექნუ ქაფიანიძე, იუკა ვასაძე, გიორგი ცხადაძე, ნუგზარ ყურაშვილი, გია ჯაფარიძე, თამარ ბეჟუაშვილი, ნინო ციმაკურიძე, დავით ასპანიძე, თამთა პატაშური, მაიკო ვაწაძე, ვაჟა ციცილოშვილი, მამუკა მაზავრიშვილი, გაგა მახათაძე, გიორგი ფირანიშვილი, ვასილ შიხაშვილი.