"მთავარია, შუბლის ძარღვი გაიწყვიტო, მერე ყველაფერი ადვილია...როდესაც ასეთი მძიმე ტვირთის პატრონი სხვისკენ იშვერ ხელს, ეს წარმოუდგენელი ცინიზმია" - კვირის პალიტრა

"მთავარია, შუბლის ძარღვი გაიწყვიტო, მერე ყველაფერი ადვილია...როდესაც ასეთი მძიმე ტვირთის პატრონი სხვისკენ იშვერ ხელს, ეს წარმოუდგენელი ცინიზმია"

ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციებიდან 2 თვეში, ხელისუფლებამ კვლავ უცხოურ ფულსა და გავლენებზე დაიწყო საუბარი. "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ "ყალბი ორგანიზაციებისა და მაქინაციების საშუალებით ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფულის ინვესტირება ხდება", რითაც აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს. პაპუაშვილი ასახელებს როგორც კონკრეტულ საერთაშორისო ორგანიზაციას, ისე - პოლიტიკურ პარტიებსაც და ამბობს, რომ საქმე პარტიების უკანონო დაფინანსებასთან გვაქვს. პარლამენტის თავმჯდომარემ ამ კონტექსტში ახსენა საერთაშორისო ორგანიზაცია IRI (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი), რომელზეც მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციური ლიდერების მიერ შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს.

ხელისუფლებას სურს, რომ ეს საკითხები შესწავლის საგანი გახდეს. ამის პარალელურად, მმართველ პარტიაში კვლავ ამტკიცებენ, რომ "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით პრობლემა საზოგადოების ცნობიერების ნაკლებობა იყო. გაჩნდა კითხვები, ხომ არ უკავშირდება ხელისუფლების მხრიდან საკითხის კვლავ წამოწევა საფუძვლის მომზადებას, რომ უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტი კიდევ დაინიცირდეს. ამაზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ამბობს, რომ კანონის პროექტის განხილვას არ დაუბრუნდებიან, თუმცა რა შეიძლება იდგეს იმის უკან, რომ მმართველი გუნდის მხრიდან "უცხოურ ფულზე" საჯარო დისკუსია განახლდა, ამის შესახებ ექსპერტებს სხვადასხვაგვარი მოსაზრება აქვთ. "კვირის პალიტრასთან" საუბარში, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე კანონპროექტის განხილვების დაბრუნებას არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ის, რაც, შესაძლოა, ამ საკითხს მოჰყვეს, "ქვეყნისთვის პრობლემური, ხელისუფლებისთვის კი - კატასტროფა იქნება".

"იმდენად შორს წავიდნენ, რომ ვერაფერს გამორიცხავ, ოღონდ, როგორი რეაქცია მოჰყვება ამას, ესაა მთავარი. შეიძლება დღეს და ხვალ ამას საზოგადოებაში მწვავე რეაქცია არ მოჰყვეს, მაგრამ ეს ყველაფერი ნელ-ნელა გროვდება და უარყოფითი ენერგია იზრდება, ძალიან სახიფათო ხდება პროცესი. უპირველესად, ქვეყნისთვისაა ეს პრობლემური, მაგრამ ხელისუფლებისთვის კატასტროფაა. თუ უარყოფითი ენერგია ქუჩაში გადმოიღვარა, მას ვერაფერი შეაჩერებს და საშინელი ქაოსი იქნება, მაგრამ ამის დამრეგულირებელი არავინ იქნება",- აცხადებს ძაბირაძე.

პოლიტოლოგი მმართველი ძალის წარმომადგენლების განცხადებებს საერთაშორისო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობას უკავშირებს. მისი აზრით, ხელისუფლებას სურს, 2024 წლის არჩევნებისთვის არ იყოს არც ერთი მეტ-ნაკლებად სოლიდური ორგანიზაცია, რომელიც არჩევნების იმ შედეგებს არ აღიარებს, რომელიც ხელისუფლებას სურს.

"IRI, NDI - ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც "ქართული ოცნებისთვის" თანდათანობით მიუღებელი ხდება. თუ ვინმე რამეს აფინანსებს, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ, მაგრამ ეს დაფინანსებები არ არის მიმართული პარტიებზე, რამდენადაც ვიცი. როგორც ვიცი, ეს დაფინანსება არის არასამთავრობო ორგანიზაციებზე და არა - პარტიებზე. პარტიების შესახებ არსებობს კანონი და ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ამ კანონის შესაბამისად. აქ საუბარი მხოლოდ NDI-სა და IRI-ზე არაა, აქ შეიძლება მუშაობდეს შავი ფულიც, მუშაობდნენ პერსონებიც, ხდებოდეს იძულებით დაფინანსება - ბევრი თემაა, რაც გამოსარკვევია. მაგრამ, როდესაც ხელისუფლება იწყებს: IRI-ის კრიტიკას, მათ მიერ დაფინანსებაზე საუბარს; ცესკოს დაკომპლექტების გადახედვას; ამბობს, რომ თუ უნდათ, მიგვიღონ, თუ არადა, რაც უნდათ, ის უქნიათო - ყველაფერი ეს ერთობლიობაშია განსახილველი. რეალურად ხელისუფლებამ არა მხოლოდ ანტიდასავლური განცხადებები დაიწყო, არამედ ისინი ანტიდასავლურ ქმედებებზეც იწყებენ გადასვლას, რათა არჩევნებისთვის არ იყოს არც ერთი მეტ-ნაკლებად სოლიდური ორგანიზაცია, რომელიც არჩევნების იმ შედეგებს არ აღიარებს, რომელიც ხელისუფლებას სურს. ხელისუფლებამ უკვე დაიწყო მზადება არჩევნების თავის თავზე მოსარგებად. რა დასჭირდება - ფინანსები, ზედმეტი ბიუჯეტი, ე.წ. სომხური კარუსელები, ეს სხვა თემაა და ვნახავთ. ჩაირთვება სახელისუფლებო პროპაგანდა, რომლის მიზანია, საზოგადოების თვალში ამ ინსტიტუტების დევალვაცია და დისკრედიტაცია მოხდეს. ხელისუფლებას ჰგონია, ქვეყნის შიგნით ყველაფერი მოგვარებულია და ახლა დასავლური პოზიციების განეიტრალება უნდა მოხდეს",- განაცხადა ძაბირაძემ.

კიდევ ერთი ექსპერტი - გია ხუხაშვილი კი მმართველი პარტიის ქმედებებისა და განცხადებების უკან ოპოზიციური პარტიების რესურსებისგან დაცლის სურვილს ხედავს. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება რამდენიმე ოპოზიციური პარტიისა და საერთაშორისო ორგანიზაციის დასახელებით გზავნილს მთელ ოპოზიციურ სპექტრს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასა და ბიზნესს უგზავნის.

"საერთოდ, ეს არის ჩვენი პოლიტიკის გარყვნილება, რომ პოლიტიკა ფულით კეთდება და ფულია მთავარი. წინა ხელისუფლების დროსაც სპეციალურად შექმნეს რგოლი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ანგარიშებს აყადაღებდა, 2011 წელს. ესენი, როგორც მათი ღირსეული მემკვიდრეები, იმავე პოლიტიკას აგრძელებენ. რეალურად, სად აქვთ ამ პარტიებს ფული? სამოქალაქო სექტორში თუ რაიმე აქტივობაა და ეს ირიბად ასოცირდება პოლიტიკასთან, დასაშვები მომენტებია. სხვანაირად, აბა, როგორ უნდა იარსებონ ამ პარტიებმა და როგორ უნდა აწარმოონ პოლიტიკა, გაუგებარია. თან მცირე თანხებზეა საუბარი. დიდი ბოდიში, მაგრამ სანამ სხვის თვალში ბეწვს დაინახავ, საკუთარში მორის დანახვის სურვილი უნდა გაგიჩნდეს. ხომ კარგად გვესმის, რომ ხელისუფლებაში მიდის იმ ფულის 90-95%, რაც პოლიტიკურ ორბიტაზე ტრიალებს. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ მოსწონთ ეს ხელისუფლება, არამედ - იძულებითი ნაბიჯებია, რომ ბიზნესი რიგში დგება ხელისუფლების სალაროსთან. აღარაფერს ვამბობ შავ სალაროზე... როდესაც ასეთი მძიმე ტვირთის პატრონი სხვისკენ იშვერ ხელს, ეს წარმოუდგენელი ცინიზმია. ასე იქცეოდა წინა ხელისუფლება და იმავეს იმეორებს დღევანდელი ხელისუფლება. ხელისუფლების ამოცანაა, მთლიანად დააშროს ოპოზიციური ფლანგი რესურსებისგან, მაქსიმალური პრობლემები შეუქმნას, მათ შორის - მატერიალურიც. ამის ფორმალურ საფუძველს ყოველთვის მოძებნიან. ეს არის გზავნილი არა "გირჩის" და იმ პარტიების მიმართ, რომელიც დაასახელა, არამედ მთლიანად, ოპოზიციის მიმართულებით. ასევე, ეს არის გზავნილი საერთაშორისო ინსტიტუტების და ბიზნესების მიმართულებით - არ გაბედოთ და სადმე, ვინმეს, თუნდაც ირიბად, ფული არ მისცეთ... არაფერი იცვლება ამ ქვეყანაში",- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ექსპერტის აზრით, ხელისუფლება ყოველთვის მოძებნის საფუძველს, რომ ამა თუ იმ ორგანიზაციას და პარტიას რაღაც დააბრალოს და ამასთან, ქვეყანაში შესაბამისი კანონები უკვე არსებობს.

"საქართველოში უკვე არსებობს ასეთი კანონები საკმარისად იმისთვის, რომ ირიბი ბმა მოძებნო. 2011 წელს, წინასაარჩევნოდ, საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე ვიყავი. ჩართული ვიყავი მაშინდელი ხელისუფლების კრიტიკაში და "ქართული ოცნების" მხარდაჭერაში, ერთად ვმუშაობდით. ანგარიშები დამიყადაღეს. ჩათვალეს, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული ვიყავი. ასე, ნებისმიერ NGO-ს შეიძლება დააბრალონ, ხომ?! რა პრობლემაა - ყოველთვის მოძებნი საფუძველს, რომ რაღაც დააბრალო. სასამართლოც ამათია - სასამართლოს დაადასტურებინებენ და ამით დაასრულებენ ყველაფერს. მთავარია, შუბლის ძარღვი გაიწყვიტო, მერე ყველაფერი ადვილია. მიზანი არის ის, რომ ოპოზიცია რესურსებისგან დაშრიტონ, კიდევ უფრო მეტად დაასუსტონ. ისედაც სავალალო მდგომარეობაშია ოპოზიცია და კიდევ უფრო დასუსტებაა მიზანი", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

(სპეციალურად საიტისთვის)

ლიკა რუაძე