"ოპოზიციას ყველაზე მეტი მხარდამჭერი დიდ ქალაქებში ჰყავს, ერდოღანის მხარდამჭერები - სოფლის მოსახლეობა და რელიგიური თემებია" - კვირის პალიტრა

"ოპოზიციას ყველაზე მეტი მხარდამჭერი დიდ ქალაქებში ჰყავს, ერდოღანის მხარდამჭერები - სოფლის მოსახლეობა და რელიგიური თემებია"

პოლიტიკური ექსპერტები მიიჩნევენ, რომ წლის ყველაზე ხმაურიანი და ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები თურქეთში ჩატარდება. 14 მაისისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაირკვევა, შეძლებს თუ არა ხელისუფლებაში დარჩენას 69 წლის რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელიც 20 წელზე მეტია, ქვეყანას მართავს. ერდოღანი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიას“ წარმოადგენს და მისი მთავარი კონკურენტია ოპოზიციური „ალიანსის“ კანდიდატი, 74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუ. ექსპერტების მოსაზრებით, რაც ხდება თურქეთში, მხოლოდ ამ ქვეყანაში არ რჩება. შედეგი მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ვაშინგტონისა და მოსკოვის, ასევე, ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის გათვლებზე. ვინ არის ქემალ ქილიჩდაროღლუ, როგორია მისი იდეოლოგია, რა შეიძლება შეცვალოს მისმა მმართველობამ მსოფლიო პოლიტიკაში და საქართველოსთან ურთიერთობებში, ამის შესახებ პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, კორნელი კაკაჩია გვესაუბრება:

- თურქეთის არჩევნებისადმი ინტერესი ამ ქვეყნის ფარგლებს გასცდა. საერთაშორისო საზოგადოებაა ამ საკითხით დაინტერესებული. განსაკუთრებით დიდია ინტერესი მის სამეზობლოში. ერდოღანის მმართველობის პირობებში თურქეთს ჰქონდა როგორც წარმატებები, ასევე - წარუმატებლობები. ბოლო დროს ქვეყანაში თვალსაჩინო გახდა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი. ერთპარტიულმა მმართველობამ ერდოღანი ავტორიტარ მმართველად აქცია. ამ მოცემულობამ თავი მოაბეზრა არა მხოლოდ თურქ ხალხს, არამედ - უცხოელ პარტნიორებსაც და მეზობლებსაც. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საგრძნობლად გაართულა ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან. თურქეთი 20, 30 წლის წინ პოზიციონირებდა, როგორც ევროპული მოწინავე სახელმწიფო, დღეს კი ის წარმოადგენს აღმოსავლურ ძლიერ სახელმწიფოს, რომელიც ახლო ურთიერთობაშია ავტორიტარ რუსეთთან, რაც გამოწვევაა არა მარტო ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური ალიანსებისთვის, არამედ - საქართველოსთვისაც. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ თურქეთთან სტრატეგიული ურთიერთობები გვაქვს და ის ჩვენი რიგით პირველი სავაჭრო პარტნიორია, არჩევნების შედეგები ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია.

- როგორც ცნობილია, წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, ოპოზიციონერი ქილიჩდაროღლუ 4% -ით უსწრებს ერდოღანს, მოგების რა შანსები აქვს მას და რა ვიცით რეგიონული პოლიტიკისადმი მის დამოკიდებულებაზე?

- ოპოზიციას ყველაზე მეტი მხარდამჭერი დიდ ქალაქებში ჰყავს. წინა არჩევნებში ოპოზიციამ თითქმის ყველა დიდი ქალაქი მოიგო. ერდოღანის მხარდამჭერები არიან სოფლის მოსახლეობა და რელიგიური თემები. მათ შორის ის მართლაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუმცა, ბოლო პერიოდში, ეკონომიკური კირიზისისა და მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების არასწორი მართვის გამო, მნიშვნელოვნად შეირყა მისი მმართველობა. რაც შეეხება ოპოზიციური ლიდერის იდეოლოგიას და სტრატეგიას, ჩვენ ვიცით, რომ ქილიჩდაროღლუს სურს, მოიხსნას თურქეთსა და დასავლეთს შორის დღეს არსებული დაძაბულობა. როგორც ცნობილია, ვაშინგტონთან ანკარას ურთიერთობა იქამდე დაიძაბა, რომ თურქეთის უმაღლესი ოფიციალური პირები აშშ-ს რეგულარულად ადანაშაულებენ ერდოღანის წინააღმდეგ გადატრიალების მხარდაჭერაში და ტერორისტულ ჯგუფებთან თანამონაწილეობაში. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ დასავლეთისადმი ასეთი დამოკიდებულება თურქეთს სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებს. მათ, ასევე, განსხვავებული მიდგომები აქვთ ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით... ცალსახაა, რომ თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, გარკვეული ცვლილებები იქნება. სავარაუდოდ, თურქეთი დაუბრუნდება დემოკრატიულ საწყისებს, რომელსაც ასცდა, დასავლეთთან მიმართებითაც შეცვლის სტრატეგიას, მაგრამ თუ თურქეთის საგარეო პოლიტიკის ტრაექტორიას გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ცვლილებები არ იქნება ძირეული და საფუძვლიანი. ვფიქრობ, არსებითი ცვლილებები არც რუსეთთან ურთიერთობაში იქნება, ვინაიდან ამ ქვეყნის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება ძალიან დიდია, გაზის 45% სწორედ რუსეთიდან მიეწოდება. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში თურქეთი რუსული ენერგეტიკული რესურსების სამუშაო ჰაბად ჩამოყალიბდა. ბუნებრივია, ამის გათვალისწინება ახალ ხელისუფლებასაც მოუწევს. ვფიქრობ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციონერი ლიდერის დამოკიდებულება ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ ერდოღანი ამ კონფლიქტში აზერბაიჯანს მტკიცედ უჭერდა მხარს. სავარაუდოდ, აზერბაიჯანს ახალი ხელისუფლების პირობებშიც ექნება მხარდაჭერა, მაგრამ, შესაძლოა, ის ისეთი მტკიცე აღარ იყოს, როგორც ამ დრომდე გახლდათ. რაც შეეხება საქართველოსთან ურთიერთობას, აქ არსებითი ცვლილება არ იქნება, ერთადერთი ის არის საინტერესო, გაგრძელდება თუ არა ერდოღანის მიერ საფუძველჩაყრილი ტრანსთურქული იდეების აღორძინება. ამ კუთხით, ოპოზიციას ჯერ კიდევ არ აქვს გამოკვეთილი იდეები. ამაზე, არჩევნების შედეგების შემდეგ შეგვიძლია მსჯელობა.

(სპეციალურად სატისთვის)

ხათუნა ბახტურიძე