"ისევ რუსეთის ორბიტაზე ტრიალი და აღდგენილ საბჭოთა კავშირში აღმოჩენა გვინდა?" - როგორ აფასებს ლანა ღოღობერიძე პუტინის გადაწყვეტილებას
ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი და ფრენების აკრძალვას აუქმებს. ამ გადაწყვეტილებით, სამწუხაროდ, საქართველო ეწერება იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, ვისთანაც ურთიერთობაში რუსეთს, უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, პროგრესი აქვს. ბევრმა პუტინის ეს გადაწყვეტილება ჩვენი ხელისუფლებისთვის პროვოკაციულ ჯილდოდ აღიქვა. სრულიად ნათელია, რას ემსახურება პუტინის ეს განკარგულება საქართველოსთვის იმ ისტორიული მომენტის წინ, როცა ბრიუსელში ევროკავშირის წევრის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების საკითხი წყდება.
ამ არც თუ სასიამოვნო მოვლენას ambebi.ge - სთან რეჟისორი ლანა ღოღობერიძე აფასებს:
"დღევანდელ დღეს, როდესაც ასე მკვეთრად არის გაყოფილი მსოფლიო, როდესაც დასავლური სამყარო, მთელი დასავლური ცივილიზაცია, რომლისკენაც საუკუნეების განმავლობაში მივისწრაფით, ასე აშკარად დაუპირისპირდა რუსეთის იმპერიულ ამბიციებს, როდესაც ამ საზოგადოებრივი აზრის მიერ პუტინი გამოცხადებულია სამხედრო დამნაშავედ, როდესაც რუსეთი არის ტერორიზმის ხელშემწყობ ქვეყნად აღიარებული, ჩვენი მართლაც პატარა ქვეყნის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო სულ მარტო, რუსეთთან რაიმე სახით დაახლოება სრულიად დაუშვებლად მიმაჩნია. სავიზო რეჟიმის გაუქმება, რა თქმა უნდა, მათი საქმეა, მაგრამ ჩვენთან ფრენების აღდგენა სრულიად მიუღებელია. როგორ უნდა იფრინონ იმ ავიაკომპანიებმა, რომლებიც ისედაც დასანქცირებულნი არიან თუ ჩვენები შეეხიდებიან? რაც მთავარია, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა - აი, ახლა, როცა ისტორიული გადაწყვეტილების ზღურბლზე ვართ, როგორ უნდა დავუახლოვდეთ რუსეთს? რა გვინდა, ისევ რუსეთის ორბიტაზე ტრიალი და აღდგენილ საბჭოთა კავშირში აღმოჩენა? გააგრძელეთ კითხვა