"ოჯახური ტრადიცია“ - კამილა პარკერ-ბოულზის დიდი ბებია, რომელიც დიდი ბრიტანეთის მეფის საყვარელი იყო
მეფე ჩარლზის, პრინცესა დიანას და კამილა პარკერ ბოულზის სასიყვარულო სამკუთხედი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სკანდალად მიიჩნევა. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ კამილა თავისი ოჯახიდან ერთადერთი არ ყოფილა, ვინც სამეფო წყვილს შორის ჩადგა - კამილას დიდი ბებია, ელის კეპელი მეფე ედუარდ VII-ის საყვარელი იყო.
ელის ფრედერიკა ედმონსტონი 1868 წელს, არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა: მისი მამა სამეფო საზღვაო ძალების ადმირალი იყო. გოგონა შოტლანდიაში, დანტრიტის ციხესიმაგრეში იზრდებოდა და 23 წლის ასაკში ლეიტენანტ-პოლკოვნიკ ჯორჯ კეპელზე დაქორწინდა.
წაბლისფერი თმით, ფერმკრთალი კანით, დიდი ლურჯი თვალებით და ვიწრო წელით ელისი ვიქტორიანული ეპოქის სილამაზის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებდა.
მეუღლესთან ერთად ლონდონში გადასვლის შემდეგ, ელისი ქალაქის მთავარი სოციალური წრის ნაწილი გახდა. ფულმა და კავშირებმა მაღალ საზოგადოებაში თავის დამკვიდრების საშუალება მისცა. სწორედ ასე, 1898 წელს პრინცი ალბერტ ედუარდი გაიცნო. ელისი მაშინ 29 წლის იყო, ედუარდი - 54.
ყველაფრის მიუხედავად, ელისსა და ჯორჯს ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ. წყვილი ერთად ორ ქალიშვილს, ვიოლეტსა და სონიას ზრდიდა. ჯორჯისთვის ცოლის ღალატი პრობლემას არ წამროადგენდა. ამბობდა კიდეც: "არ მაწუხებს რასაც აკეთებს. ვიცი, რომ ბოლოს მაინც ჩემთან დაბრუნდება.“ ამას ალბათ ხელს ის ფაქტიც უწყობდა, რომ მეფე კეპელების ოჯახს ფინანსურად ეხმარებოდა - მან ელისს ერთ-ერთი კომპანიის აქციები გადასცა, მისი მეუღლე კი მაღალანაზღაურებად სამსახურში დააწინაურა. ამიტომ, როცა ეუბნებოდნენ, რომ ედუარდ VII ელისის სანახავად მოსვლას აპირებდა, ჯორჯი სახლს ყოველგვარი პრობლემის გარეშე ტოვებდა და მეფეს ცოლთან განმარტოების საშუალებას აძლევდა.
როგორც ამბობენ, დედოფალი ალექსანდრა დანიელი და ელის კაპელი მოკავშირეები იყვნენ. პრინცესა დიანასგან განსხვავებით, პრობლემას ვერ ხედავდა იმაში, რომ "ქორწინებაში სამნი იყვნენ". მან თავიდანვე მისი ქმრის ელისთან ურთიერთობა სასარგებლოდ მიიჩნია, რადგან მისი საშუალებით ჩამოაშორა მეფეს სკანდალური საყვარელი დეიზი უორვიკი. გააგრძელეთ კითხვა
მოამზადა ანი შავიშვილმა