"რუსეთი საქართველოს ეშმაკთან გარიგებას სთავაზობს, ხოლო ეშმაკთან გარიგებაში, როგორც ცნობილია, ეშმაკი იმარჯვებს" - რას წერს უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი? - კვირის პალიტრა

"რუსეთი საქართველოს ეშმაკთან გარიგებას სთავაზობს, ხოლო ეშმაკთან გარიგებაში, როგორც ცნობილია, ეშმაკი იმარჯვებს" - რას წერს უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი?

2008 წელს რუსული თვითმფრინავები საქართველოში მშვიდობიანი მოქალაქეების დასაბომბად ჩაფრინდნენ, ახლა ქართველების ევროპული მომავლის დაბომბვას გეგმავენ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

ამასთან ნიკოლენკო აცხადებს, რომ უკრაინა ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას განიხილავს, როგორც პოლიტიკურ კომპენსაციას საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიმართ.

უკრაინის საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოახდინოს ევროკავშირთან რუსეთის მიმართ პოლიტიკის სინქრონიზაცია და თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც საქართველოს სამომავლო ევროპულ წინსვლას უარყოფენ.

“რუსეთი საქართველოს ეშმაკთან გარიგებას სთავაზობს. ხოლო ეშმაკთან გარიგებაში, როგორც ცნობილია, ეშმაკი იმარჯვებს.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა შემოიღოს და ავიამიმოსვლა განაახლოს, განვიხილავთ, როგორც პოლიტიკურ კომპენსაციას საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე უარისთვის და ევროინტეგრაციის შეჩერებისთვის.

მოსკოვთან თბილისის ურთიერთობების ნორმალიზაციის კურსი მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის, მცოცავი “ბორდერიზაციის,” საქართველოს მოქალაქეების გატაცების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევისა და საქართველოს რუსეთის მოქალაქეებით გავსების ფონზე. კრემლი დათმობებს იღებს ქართველის ერისთვის მიყენებული უბედურებისთვის პასუხისმგებლობის აღების გარეშე.

2008 წელს რუსული თვითმფრინავები საქართველოში მშვიდობიანი მოქალაქეების დასაბომბად ჩაფრინდნენ. ახლა ქართველების ევროპული მომავლის დაბომბვას გეგმავენ.

რუსეთი არ არის დაინტერესებული საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სვლით, მის კეთილდღეობასა და განვითარებაში. მოსკოვის მიზანია შექმნას პირობები, რომლებშიც პროგრესი შეუძლებელი იქნება. ეს ბელარუსის გამოცდილებით დამტკიცდა, რომლის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა რუსეთის ფედერაციამ შთანთქა.

აგრესორის პოლიტიკა, როგორც მოსალოდნელი იყო, არ პოულობს მხარდაჭერას ქართველ პოლიტიკოსებსა და მოსახლეობაში, რომლებმაც არაერთხელ გამოხატეს საკუთარი პოზიცია საჯაროდ, მათ შორის პროტესტებითაც.

ამ კონტექსტში სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ქართველებს მათ კანონიერ მისწრაფებაში ააშენონ აყვავებული ევროპული სახელმწიფო მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას ევროკავშირთან მოახდინოს რუსეთის მიმართ პოლიტიკის სინქრონიზაცია და თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც საქართველოს სამომავლო ევროპულ წინსვლას უარყოფენ”, - წერს ნიკოლენკო.

"ინტერპრესნიუსი"