მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს - კვირის პალიტრა

მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

10:00 საათზე, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით აღევლინება საზეიმო წირვა, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო აღავლენს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმინდა ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმინდა მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს მისი გარდაცვალება.