"გოგონამ არ უნდა იტიროს იმის გამო, რომ კაბა ვერ შეიძინა და თანატოლების გვერდით ვერ დადგა" - გაიცანით დიზაინერი, რომელმაც იმ გოგონებს, რომლებსაც კაბის შეძენა არ შეეძლოთ, საბანკეტო კაბები აჩუქა
"გავაჩუქებ კაბებს, მხოლოდ იმ გოგონებზე, ვისაც ბანკეტი აქვს და მგონია, რომ ჩემი გვერდში დგომა სჭირდებათ. ასეთი სამი კაბა მაქვს - შავი, იასამნისფერი და რძისფერი... წინასწარ გავისაუბროთ, გამეცანით. ძალიან გამახარებთ, თუ გაგილამაზებთ თქვენთვის მნიშვნელოვან დღეს. მაქვს კიდევ სხვა კაბებიც", - ეს პოსტი რამდენიმე დღის წინ ქალის ტანსაცმლის კონსტრუქტორმა ლალიკო ძამაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და უამრავი ადამიანის გამოხმაურება დაიმსახურა. იმ ფონზე, რომ ხშირად მშობლები ფინანსების არქონაზე ძალიან დარდობენ და შვილებისთვის ვერ ახერხებენ საბანკეტოდ სამოსის შეძენას, მსგავსი ინიციატივა, ალბათ, ბევრი ადამიანისათვის მნიშვნელოვანი იქნება. ლალიკო ძამაშვილი საკუთარ საქმიანობაზე გვიყვება და გვესაუბრება იმაზეც, თუ რატომ გადაწყვიტა, გოგონებისთვის საკუთარი კაბები ეჩუქებინა:
- როდესაც ბავშვები ჩემთან მოდიან და მათ ბედნიერ სახეს ვუყურებ, საოცარი შეგრძნება მიჩნდება. ძალიან მოსწონთ, სარკის წინ ტრიალებენ და გახდა აღარ უნდათ და ამით მეც უბედნიერესი ვარ. სულ ვცდილობ, ადამიანებს ხელმისაწვდომი ფასი და მაღალი ხარისხი შევთავაზო, მაგრამ ამის მიუხედავად, ყოფილა შემთხვევები, რომ გოგონები ჩემთან მოსულან, კაბისთვის ზომები აგვიღია, ხარჯები განგვისაზღვრავს და აღარ დაბრუნებულან... შემდეგ ფოტოებს ყოველთვის ვათვალიერებ და ძალიან განვიცდი ხოლმე, როცა ის არ აცვიათ, რაც უნდოდათ. მაგრამ, სამწუხაროდ, არიან ისეთი ოჯახები, რომლებსაც საერთოდ არ შეუძლიათ შვილისთვის სამოსის შეძენა. ერთ-ერთმა ბავშვმა მითხრა, რომ მისი კლასელი თავად იკერავს კაბას და ამან იმდენად იმოქმედა ჩემზე, მივხვდი, რაღაც უნდა გამეკეთებინა. საკუთარი შოურუმი მქონდა, მაგრამ როდესაც პანდემია დაიწყო, დავკეტე და კაბები ქალაქგარეთ გავიტანე. ჩემს შვილს ვუთხარი, რომ კონკრეტული კაბები აეღო და თბილისში ჩამოეტანა. მაშინვე ვიფიქრე, რომ უნდა გამეჩუქებინა. სოციალურ ქსელში პოსტი გამოვაქვეყნე.
ეს ჩემი აბსოლუტურად გულწრფელი სურვილი იყო და საკუთარი თავის პოპულარიზაციის მიზნით არ გამიკეთებია. არც მეგონა, ამხელა გამოხმაურება თუ ექნებოდა. 5 კაბიდან 1 დამრჩა, რომელსაც ერთი გოგონა ელოდება, რაიონშია და ჯერ ვერ ჩამოვიდა. ვერ აღგიწერთ, რა ბედნიერი ვარ და რა სიამოვნება მივიღე ამით. ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. საქორწინო კაბაც გამიჩუქებია, უფასოდ შემიკერავს, უფასოდ მიმიქირავებია, როცა ვგრძნობ, რომ ადამიანს უჭირს და დახმარება სჭირდება. გააგრძელეთ კითხვა