"პოეტი ნიკოლო მიწიშვილი... 1925 წელს საფრანგეთიდან ბერიას აგენტის რანგში დაბრუნდა...  " - კვირის პალიტრა

"პოეტი ნიკოლო მიწიშვილი... 1925 წელს საფრანგეთიდან ბერიას აგენტის რანგში დაბრუნდა...  "

დამეთანხმეთ, რომ სათაურში გამოტანილი წინადადება, რომელიც ცნობილ უცხოელ მეცნიერსა და ქართველოლოგს ეკუთვნის, ძალზე მძიმე ბრალდებაა ნ. მიწიშვილისთვის. ამ მეცნიერის ვაინაობას პუბლიკაციის ბოლოს შეიტყობთ.

ფაქტია, რომ ჯერ კიდევ ბევრი გარემოებაა ბურუსით მოცული: რატომ გაემგზავრა ნ. მიწიშვილი საზღვარგარეთ (თურქეთი, საფრანგეთი და გერმანია - აი ის ქვეყნები, სადაც ქართველი პოეტი 1922-1925 წლებში სხვადასხვა დროს ცხოვრობდა), როდესაც საქართველოში მას და მის მეგობრებს, არავინ ავიწროვებდა და არანაირი საფრთხე არ ელოდა? პირიქით: ბოლშევიკების საოკუპაციო ჯარს შემოყოლილი მოღალატე ქართველებიდან ბევრი, ჯერ კიდევ ქუთაისიდან, „ცისფერყანწელების" ბავშვობის მეგობარი იყო (ბ. ლომინაძე, ლ. ღოღობერიძე, ვ. ჯიქია და სხვ.), რომლებმაც, ახალგაზრდული ასაკისდა მიუხედავად, წამყვანი თანამდებობები დაიკავეს ბოლშევიკების საოკუპაციო პარტიულ-სახელისუფლო ადმინისტრაციაში. ტიციან ტაბიძე 1936 წლის 15 აპრილს დაწერილ „ავტობიოგრაფიაში" აღნიშნავს: „სამმა წელმა, რომელმაც განვლო ოქტომბრიდან საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებებამდე, და სიახლოვემ ახალგზარდა ბოლშევიკ მეგობრებთან, რომლებიც საქართველოში იატაქვეშ მუშაობას ეწეოდნენ, შეგნებაში გარკვეული სინათლე შეიტანა" (ციტატის დასასრული).

ალბათ ამიტომაც იყო, რომ „ცისფერყანწელების" უმრავლეობამ ოკუპანტის მხარე და კოლაბორაციონისტული პოზიცია დაიკავა. მათ შორის იყო ნ. მიწიშვილიც, თუმცა როგორც შემდეგ დავინახავთ, მას არ აურჩევია სხვა „ცისფერყანწელებივით" ტფილისში ბოჰემური ცხოვრება და 1922 წლიდან (შესაძლოა უფრო ადრეც) ბოლშევიკ-კომუნისტების დავალებებს ასრულებდა „იდეოლოგიური ფრონტის" წინა ხაზზე, საზღვარგარეთ, მტრული ემიგრაციის გარემოცვაში და ძალზე რთულ პირობებში. საინტერესოა რა სახის დავალებებს ასრულებდა „ცისფერყანწელი" პოეტი უცხოეთში?

b2-1683872641.jpg
„ცისფერყანწელები“: შალვა აფხაიძე, ტიციან ტაბიძე და ნიკოლოზ მიწიშვილი

ნიკოლოზ მიწიშვილი 1923 წლის ოქტომბერში საკმაოდ ვრცელ წერილს უგზავნის თავის მეგობარ ლევან ღოღობერიძეს, რომელიც იმ პერიოდში საქართველოს სსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. უნდა ითქვას, რომ დღეს ნ. მიწიშვილის მიმოწერიდან ცნობილი წერილების უმრავლესობის ადრესატი სწორედ ლ. ღოღობერიძეა. ეს წერილი, რომლის ანალიზასაც დღეს გთავაზობთ, რუსულ ენაზეა დაწერილი, რაც საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ქართველი ბოლშევიკების ოფიციალური და შეიძლება ითქვას - მშობლიური ენა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ წერილი ვრცელია, ნ. მიწიშვილი მაინც წუხს: სანდო კაცს კი ვატან, თუმცა ყველაფერს არ გწერ, რაგდანაც მაინც არ ვარ დარწმუნებული, რომ წერილს არ გახსნიანო. სხვისი პირადი კორესპონდენციების ფარული გახსნა და წაკითხვა სპეცსამსახურების „ხელობაა" და მაინც რა „სამყაროს საიდუმლო" უნდა სცოდნოდა „ცისფერყანწელთა ორდენის" წევრ პოეტს, უცხო თვალის რომ ეშინოდა?

აღნიშნული წერილი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ სულ სხვა, ბევრისთვის შესაძლოა მოულოდნელი, კუთხით წარმოგვიჩენს ნ. მიწიშვილს. პირდაპირ ვიტყვი: წერილის ავტორის ვინაობა წინდაწინ, რომ არ ვიცოდეთ, შთაბეჭდილება იქმნება, რომ ქართულ ემიგრაციაში შეგზავნილი საბჭოთა დაზვერვის აგენტი-ინფორმატორი „ოპერატიულ ცნობას" უგზავნის თავის კურატორს „ცენტრში".

ასე მაგალითად, ნ. მიწიშვილი წერს: „ ახლა იმ საქმეების შესახებ, რაც შენ გაინტერესებს. პარიზში 200-ზე მეტი ქართველია: მინისტრები, დეპუტატები, სტუდენტები, მუშები და სხვები. ყველა მათგანი მუშაობს (გარდა მინისტრებისა, რომლებიც პარიზის მახლობლად მდებარე მამულში ცხოვრობენ) ქარხნებში და სხვადასხვა ბიუროებში, თვეში 600-დან 900 ფრანკამდე იღებენ. თითქმის არც ერთი მათგანი არ შიმშილობს, თუმცა ზოგს უჭირს. მაგრამ ისეთი მატერიალური კრიზისი, როგორიც გერმანიაშია, ქართველებში არ არის. ბევრია მენშევიკი .. . და საერთოდ ადგილობრივი კოლონია ძლიერ „ნაციონალურია" (ციტატის დასასრული).

1923 წელს ბოლშევიკებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ სრული სურათი ქართული ემიგრაციის შესახებ და ნ. მიწიშვილი კეთილსინდისიერად და დიდი მონდომებით ეხმარებოდა მათ ამ პრობლემის გადაჭრაში. საინტერესოა რატომ? გავეცნოთ კიდევ ერთ ამონარიდს ზემოთ დასახელებული წერილიდან და ბევრი რამ ნათელი გახდება. ნ. მიწიშვილი ბოლშევიკური საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს, ლ. ღოღობერიძეს აცნობებს:

„ .. რამიშვილი (იგულისხმება ნოე რამიშვილი - ბ.ა.) იმყოფებოდა პრაღაში, ბერლინში და ა.შ. და საქმეს აკეთებდა. სხვათა შორის აქ „მთავრობის" სხდომაზე (შენ არ იფიქრო მეც ვესწრები სხდომებს, უბრალოდ საინფორმაციო განყოფილების ჩვევები პარიზშიც შემომრჩა) ბერლინში შენ საქმიანობაზეც საუბრობდა, რომ „ის იბირებდა და არწმუნებდა სტუდენტებს" და რომ ამ საქმეში ძალზე მონდომებული იყო შენი და. . " (ციტატის დასასრული ). წერილის ამ მონაკვეთში, და შესაძლოა მთლიანად წერილშიც, ყველაზე მნიშვნელოვანი „საინფორმაციო განყოფილების" („информотдел" - როგორც ნ. მიწიშვილი წერს) ხსენებაა. ტქსტიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ ნ. მიწიშვილს წარსულში რაღაც კავშირი უნდა ჰქონოდა ამ სტრუქტურასთან. დადასტურებით შეიძლება ის ითქვას, რომ იმ პერიოდში „информотдел" საბჭოთა სპეცსამსახურის - მთავარი პოლიტიკური სამმართველოს (ГПУ) უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული ერთეული იყო, რომელიც ინფორმაციის მოპოვების, აგრეთვე დეზინფორმაციის შექმნითა და გავრცელებით იყო დაკავებული. ხოლო რა აკავშირებდა მასთან ნ. მიწიშვილს, სწორედ ესაა გასარკვევი. ერთ ადგილას ის წერს: „ აქ ელერდოვი ვნახე, ცოლთან ერთად, რომში გაემგზავრნენ. მასთან ხშირად ვიყავი, თუმცა რაიმე რეალური ჩემთვის („საქმისთვის") მისგან ვერ შევიტყვე. ერთად დავდიოდით სამიკიტნოებში და ერთხელაც გამთენიისას, მონმარტრზე მთვრალი, ვიღაცა ქალმა, ისიც მთვრალი იყო, გამძარცვა".

იოსებ (ვასო) ელერდაშვილი (ელერდოვი, - 1888-1937) ცნობილი საბჭოთა პარტიული და სამეურნეო მუშაკი იყო. 1918 წლიდან ბოლშევიკური პარტიის წევრი, ჯერ ჩრდილო კავკასიაში იმყოფებოდა კიროვთან და ორჯონიკიძესთან, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ საქართველოს სსრ შინსახკომის კოლეგიის წევრი გახდა, მერე საბჭოთა კავშირის სავაჭრო წარმომადგენელი იტალიაში, ხოლო

1926-1930 წლებში ნორვეგიაში, საბჭოთა კავშირის სავაჭრო წარმომადგენელი გახლდათ, ბოლოს კი კურორტების მომარაგების კავშირის დირექტორად მუშაობდა. დახვრიტეს 1937 წლის 20 სექტემბერს. რატომ იყო იოსებ ელერდოვი მიწიშვილი-ღოღობერიძის დაინტერესების ობიექტი, ჯერჯერობით უცნობია.

ზემოაღნიშნულ წერილში კიდევ ბევრ საინტერესო და აქამდე უცნობ ფაქტზეა საუბარი.. მაგალითად ნ. მიწიშვილი მადლობას უხდის ლ. ღოღობერიძეს „ატესტაციაში დახმარებისთვის" და „პირუმოვის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებისთვის".

„ატესტაციასთან" (რას ბოლშევიკე-კომუნისტების ერთგულების შემოწმებას გულისხმობდა) დაკავშირებით დადგინდა, რომ უცხოეთში მყოფი საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლების ატესტაციას 1923—1924 წლებში ო-გე-პეუ ხელმძღვანელობდა. ასე, რომ ირკვევა: ნ. მიწიშვილს წარმატებით გაუვლია ატესტაცია და ის საბჭოთა ხელისუფლებისთვის სრულიად სანდო და ერთგულ კადრად იყო მიჩნეული. რაც შეეხება სიმონ პირუმოვს (ფირუმოვს -1889-1937;): ეს პიროვნება კარგადაა ცნობილი, როგორც საბჭოთა დაზვერვის თანამშრომელი (ან აგენტი), რომელიც ძალზე აქტიურად მუშაობდა ქართული ემიგრაციის წინააღმდეგ. თუმცა შემდეგ, „დიდი რეპრესიების" დროს ისიც ზვარაკად შეეწირა „მშობლიურ პარტიას". რეპრესირებულთა ბაზაში („სტალინური სიები საქართველოდან") სიმონ პირუმოვის (ფირუმოვის) შესახებ ვკითხულობთ (დოკუმენტის სტილი უცვლელია - ბ.ა.) : „დაპატიმრების მომენტში მუშაობდა ტრანსპორტის ინჟინერთა ამიერკავკასიის ინსტიტუტის უფროსად.ბრალად ედება: რომ იყო კონტრრევოლუციური ზინოვიევურ-ტროცკისტული ტერორისტული და დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომელმაც 01.12-1934 წ. განახორციელა ამხ. კიროვის მხეცური მკვლელობა და რომელიც ამზადებდა ტერორისტულ აქტებს სკკპ (ბ) და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ; 1926 საზღვარგარეთ მივლინებით პარიზში ყოფნისას გადაიბირეს სსრკ-ში საჯაშუშოდ, 1927 წელს დაბრუნების შემდეგ დაპატიმრებამდე აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად დაკავშირებული იყო უცხო ქვეყნის რეზიდენტთან და აწვდიდა მას ცნობებს, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებას შეადგენს.

დაზვერვის დავალებით დაკავშირებული იყო კონტრევოლუციურ-ტროცკისტულ ორგანიზაციებთან საქართველოსა და სომხეთში, მონაწილებდა ეროვნული ცენტრის შექმნასა და მავნებლობაში. 1929 წელს თავისი ხელმძღვანელობით ბურჟუაზიულ-ნაციონალისტული ელემენტებისგან შექმნა დაჯგუფება, რომელიც შემდგომში ჩამოყალიბდა როგორც ეროვნული თეატრი და რომელიც მიზნად ისახავდა ხელისუფლების ხელში ჩაგდებას სომხეთში; ტრანსპორტის ინჟინერთა ამიერკავკასიის ინსტიტუტში მუშაობის დროს ატარებდა მავნებლურ საქმიანობას. ჰქონდა ინფორმაცია აზერბაიჯანის კონტრრევოლუცური ნაციონალისტური ცენტრის მიერ ჩატარებული მავნებლური საქმიანობის შესახებ და დაკავშირებული იყო კონტრრევოლუციურ ტროცკისტულ ცენტრთან მოსკოვში. თავიდან წაყენებულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა, მაგრამ შემდგომში წაყენებული ბრალდება აღიარა. დახვრიტეს 1937 წლის 26 ივნისს".

b3-1683872810.jpg
დონალდ რეიფილდი

ნ. მიწიშვილს უცხოეთში ყოფნისას, როგორც მისი მიმოწერიდან ირკვევა, ძალზე ხშირი სამსახურებრივი ურთიერთობა ჰქონდა ს. პირუმოვთან (მაშ შორის ქართულენოვანი საბჭოთა პროპაგანდისტული ჟურნალის პარიზში გამოცემის შესახებაც). გარდა ამისა დგინდება, რიომ ნ. მიწიშვილი ხშირად სტუმრობდა საბჭოთა დაზვერვის უმთავრეს საფარ ორგანიზაციას დასავლეთ ევროპაში „არკოსს". 1923 წლის ოქტომბერში ის ლ. ღოღობერიძეს წერდა: „ხუთი დღის წინ დამირეკა სკობელევმა, რათა არკოსში მივსულიყავი და ბექზადიანთან დამსვა. იქ რაღაც სასწრაფო საქმეა და მე მას უკვე ერთი კვირაა, რაც ვეხმარები. თუმცა ეს ადგილი მუდმივი არაა, თუმცა ბქზადიანს, როგორც ჩანს, მე ძალზე მოვეწონე და ცდილობენ, რომ მე იქ მუდმივად დავრჩე".

რაც შეეხება „არკოსს", რომელიც 1920 წელს შეიქმნა. საბჭოთა საგარეო დაზვერვა დაარსების პირველივე დღიდან სადაზვერვო ოპერაციების ჩატარებისთვის ძირითადად ორი სახის ლეგალურ "საფარ" ორგანიზაციებს იყენებდა: 1. დიპლომატიურ წარმომადგენლობებს (საელჩოები და საკონსულოები); 2.სავაჭრო, სატრანსპორტო, საფინანსო-სადაზღვეო და ტურისტულ დაწესებულებებს (მაგ. "ამტორგს", "არკოსს", "ინტურისტს" და სხვ.) დიდ ბრიტანეთში საბჭოთა სადაზვერვო ოპერაციების საფარ ორგანიზაციას საბჭოთა კავშირისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი სააქციო სავაჭრო საზოგადოება "არკოსი" წარმოადგენდა, "არკოსი" სადაზვერვო ოპერაციების ჩატარების გარდა, აფინანსებდა ინგლისის კომუნისტურ პარტიას და მუშათა პროფკავშირებს.

დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვა რამდენიმე წლის მანძილზე აკვირდებოდა "არკოსის" საქმიანობას, თუმცა მხოლოდ 1927 წლის 12 მაისს მოახერხა მისი ლიკვიდაცია. ამის შემდეგ, 27 მაისს, დიდმა ბრიტანეთმა დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობა გაწყვიტა საბჭოთა კავშირთან. "არკოსს" ფილიალები ჰქონდა მრავალი ქვეყნის დედაქალაქში, მათ შორის პარიზსა და ბერლინში.

„არკოსი" პოეზიისგან ძალზე, ძალზე შორს იდგა. იქ თავშეფარებული „ჩეკისტები" ემიგრაციის დაშლა-დაქუცმაცების ოპერაციებს გეგმავდნენ და ახორციელებდნენ. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ნ. მიწიშვილიც აქტიურად იყო ამ პროცესებში ჩართული. წაიკითხეთ კიდევ ერთი ამონარიდი ნ. მიწიშვილის წერილიდან და თავად განსაჯეთ: " უკანასკნელი ლურსმანი . . .შენი დოკუმენტები (მენშევიკების ყრილობისა და დევდარიანის წერილის შესახებ) აღმოჩნდა, მენშევიკებსა და ყველა სხვა პარტიებს შორის ბრძოლის დაწყებისთვის . . .ეს იყო, როგორც ბომბი. დარტყმა მენშევიკებისთვის . . . . საჭიროა მუშაობა. . . მე მხოლოდ აქ გავიგე და ვაღიარე ახალი საქართველო . . . . სხვა მაისი, ტიფლისში ევროპიდან იმპორტირებული, მე არ მინდა. .. გთხოვ ეს წერილი ყველა საზღვარზე გადაატარო . . . ტიფლისამდე მიიტანო და დანიშნულებისამებრ გაგზავნო. შენი ნიკოლოზ მიწიშვილი. პარიზი. ოქტომბერი. 1923."

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იყო ამ წერილის საბოლოო ადრესატი. გასული საუკუნის 30 იანი წლების რეპრესიებმა ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. განსაკუთრებით ტრაგიკულად მოულოდნელი იყო დაპატიმრება და „ანტისაბჭოთა საქმიანობაში" დადანაშაულება მათთვის, ვინც მთელი შეგნებული ცხოვრება, სიტყვით თუ საქმით, საბჭოთა რეჟიმის გაძლიერებისთვის იღწვოდა. იყო შემთხვევები, როდესაც დასაპატიმრებლად მისულ „ჩეკისტებს" გაოცებული მსხვერპლი გულმოდგინედ უხსნიდა: „ნამდვილად მისამართი შეგეშალათ, მე ორდენოსანი ვარ, პირადად დიდმა ბელადმა გადმომცა ორდენიო". ისინი ვერ იჯერებდნენ, რომ სწორედ იოსებ სტალინი იყო ამ რეპრესიების ორგანიზატორ-შემომქმედი და რეჟისორი. „ჩეკისტებს" კი რეპრესიების გეგმა ჰქონდათ შესასრულებელი - სხვა შემთხვევაში არც მათ დაინდობდა ვინმე.

საქართველოს ინტელიგენცია სისხლიან კალოს გარიდებას და ფიზიკურ გადარჩენას სხვადასხვა გზით ცდილობდა. "დათვი, რომ მოგერევა ბაბაი დაუძახეო", ეს ხერხი თითქმის ყველამ გამოიყენა, მაგრამ ზოგს გაუმართლა, ზოგი კი ცოცხალი ვეღარ დადარჩა. სუკ-ის არქივებიდან ირკვევა, რომ სასტიკი წამების შემდეგ ისინი იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ შინსაკხომთან თანამშრომლობაზე. რა გასაკვირია: მეცნიერული ნაშრომების წერას და ლექციების კითხვას მიჩვეული ხელი და გონება, ცხელი შანთით წამებას ვერ უძლებდა. ისინი არ იყვნენ პროფესიონალი ტერორისტები და ე.წ. "რევოლუციონერები", მათი ნების გატეხვას საკმაოდ სწრაფად ახერხებდნენ საქართველოს შინსახკომის ჯალათები.

ფაშისტურმა და ბოლშევიკურ-კომუნისტურმა დიქტატურამ განა ერთნაირი ტანჯვა-წამება არ მოუტანა კაცობრიობას? დღეს რუსეთში ამგვარი შედარებისთვისაც კი, ხალხს იჭერენ! კოლაბორაციონიზმი ხომ გაცნობიერებული, ნებაყოფლობითი და წინასწარ განზრახული თანამშრომლობაა მტერთან. ესაა თანამშრომლობა საკუთარი ქვეყნის საზიანოდ! 1921 წლის თებერვალ-მარტში შემოჭრილი „წითელი რუსეთის" არმიები განა უცხო ქვეყნის საოკუპაციო ძალები არ იყო?

თუმცა ისეთი საზარელი დრო იყო, რომ თვითგადარჩენის ინსტიქტი მძლავრობდა სულზე. მაგრამ როგორ უნდა შვაფასოთ, ჯერ კიდევ „დიდ რეპრესიებამდე," ზოგიერთი მწერლის ბოლშვიკების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა? ნათქვამია ლიტერატურული კრიტიკოსი იმ დალაქს ჰგავს, რომელიც თავისი გემოვნებით კრეჭს, კლიენტი კი ფაქტის წინაშე დგებაო. მართლაც კრიტიკოსები ჯერ თეორიას შექმნიან, შემდეგ კი ცდილობენ კონკრეტული მწერლის ბიოგრაფია თავისი თარგზე შეცვლაონ და თუ არ ერგება . . .. კიდევ და კიდევ ცდილობენ.

კარგად ვიცით, რომ საქართველოს დაპყრობის შემდეგ ბოლშევიკ-კომუნისტებთან ზოგიერთი ქართველი მწერალი საკუთარი და ახლობლების სიცოცხლის გადარჩენის მიზნით თანამშრომლობდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც საბჭოთა რეჟიმს თავიდანვე გვერდში დაუდგნენ და მისი გაძლიერებისთვის თავს არ ზოგავდნენ. რა განზომილება და კრიტერიუმი უნდა გამოვიყენოთ, როგორ უნდა „მოვინდომოთ" ისე, რომ ეს უკანასკნელნი „საქართველოს პატრიოტებად" წარმოვაჩინოთ?

ცნობილი ბრიტანელი ლიტერატორისა და ქართველოგის, დონალდ რეიფილდის წიგნი: „საქართველო იმპერიათა გზაჯვარედინი" პირველად 2012 წელს დიდ ბრიტანეთში გამოიცა, ხოლო 2019 წელს საქართველოშიც დაიბეჭდა. წიგნის 511 გვერდზე ავტორი წერს: „20-იანი წლების მიწურულს შემოქმედებითი ინტელიგენცია და ბოლშევიკები ერთად ქეიფობდნენ და ერთმანეთზე ქორწინდებოდნენ. ამ წრეებში გამოირჩეოდა პოეტი ნიკოლო მიწიშვილი, რომელიც 1925 წელს საფრანგეთიდან ბერიას აგენტის რანგში დაბრუნდა". დონალდ რეიფილდი ამ ბრალდებას არანაირი დოკუმენტით არ ასაბუთებს. თუმცა ყველა ეჭვი მარცხდება ნ. მიწიშვილის პირადი წერილის, როგორც ისტორიული დოკუმენტისა და უეჭველი ფაქტის წინაშე.

(მეთექვსმეტე ნაწილის დასასრული)