"ივანიშვილს არ სჭირდება კოალიცია - ერთი კოალიცია მას უკვე ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი გააკეთა, რომ გადაწყვეტილების მიმღები მარტო თვითონ ყოფილიყო"
"ვინც ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი არაფერს ნიშნავს, ან ამ ქვეყნის მტერია, ან - მატყუარა!"
დღეს საქართველო ურთულესი პრობლემების წინაშე დგას: საზოგადოება რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი და ყველას განსხვავებული მოსაზრება აქვს ჩვენი ქვეყნის აწმყოზე, მის მომავალზე...
დღევანდელობის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებზე პოლიტიკოს ლევან გოგიჩაიშვილს ვესაუბრეთ.
- ბატონო ლევან, თქვენი აზრით, რამ განაპირობა "ქართული ოცნების" რეიტინგის დაცემა ბოლო ხანებში?
- პირველი მიზეზი, ალბათ, დროა - უკვე 11 წელი გავიდა, რაც ეს ძალა ქვეყნის სათავეშია და მისი რეიტინგის დაცემა ბუნებრივი პროცესია. ვფიქრობ, რომ "ოცნებამ" კიდევ დიდხანს გაძლო: "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე ის ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებდა - სწორედ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაუხანგრძლივა მმართველ პარტიას სიცოცხლე. ამჟამად "ოცნების" რეიტინგი დაბალია, რაც სავსებით ლოგიკურია: მოსახლეობას "ოცნებისგან" ძალიან დიდი მოლოდინი ჰქონდა, რომელიც მან ვერ გაამართლა. ამას დაერთო საომარი მოქმედებების დაწყება უკრაინაში, რამაც "ქართული ოცნების" რეიტინგს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. "ქართული ოცნების" ანტიევროპულმა კამპანიამ მისი რეიტინგი საბოლოოდ "შეჭამა" და მინიმუმამდე დაიყვანა. ამიტომ დღევანდელი რეიტინგი არის აბსოლუტური გამოძახილი იმისა, რაც ხდებოდა და ხდება. ამ ყველაფერს დაემატა მოსამართლეების საკითხი, რომელიც პოლიტიკურ დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგა. ალბათ, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რის გამოც "ქართული ოცნება" ხელისუფლებას დაკარგავს - ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.
- ესე იგი, 2024 წლის არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების იმედი აღარ გაქვთ?
- ვერანაირ რესურსს ვერ ვხედავ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლება ახლანდელი ფორმით შეინარჩუნოს. ადრე ვფიქრობდი, რომ "ოცნების" წარმომადგენელთა პრორუსული განცხადებები ფრთხილი პოლიტიკის ნაწილი იყო, მაგრამ ისინი აშკარად ანტიუკრაინულ და ანტიდასავლურ პოლიტიკას ეწევიან. მთელი მათი რიტორიკა, მათი ყველა განცხადების შინაარსი მიმართულია იქითკენ, რომ რუსეთის გული მოიგონ და ამ დროს, ერთი სიტყვაც არ აქვთ ნათქვამი იმაზე, რომ რუსეთი ჩვენი სახელმწიფოს პირველი, დაუძინებელი მტერია. თუ ვინმესგან საფრთხე გვემუქრება, ეს სწორედ რუსეთია. არჩევნებამდე "ქართულ ოცნებას" ან ვინმესთან კოალიციის შექმნა მოუწევს, ან ისტორიას ჩაბარდება, რადგან იგი ოპოზიციაში ვერ იარსებებს - "ოცნება" ისევე დაიშლება, როგორც ერთ დროს "მოქალაქეთა კავშირი" დაიშალა!
- ასე რატომ ფიქრობთ?
- იმიტომ, რომ ეს არ არის პარტია, რომელიც რაღაც იდეას ემსახურება, ის ერთი კაცის ანუ ბიძინა ივანიშვილის პარტიაა. როგორც კი ეს ადამიანი ძალაუფლებაზე კონტროლს დაკარგავს, მაშინვე ქუდს დაიხურავს და სახლში წავა. ივანიშვილს არ სჭირდება კოალიცია - ერთი კოალიცია მას უკვე ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი გააკეთა, რომ გადაწყვეტილების მიმღები მარტო თვითონ ყოფილიყო. შესაბამისად, თუ ხელისუფლება ვინმესთან გასაყოფი ექნება, "ოცნების" მიმართ ინტერესს დაკარგავს.
როცა არ იქნება ბიძინა ივანიშვილი, ამ პარტიისგან აღარაფერი დარჩება.
ახლა საქართველოში სულ სხვა სიტუაციაა: 2020 წელს ქართულ პოლიტიკაში ბევრი ახალი, გამოუცდელი პარტია იყო, რომელმაც ბევრი რამ არ იცოდა. ამ პარტიებმა უკვე ისწავლეს, როგორ მართონ არჩევნები... ამიტომ 2024 წლამდე, ყოველი დღე "ქართული ოცნების" საწინააღმდეგო დღე იქნება. შესაძლოა, რუსეთის იმედი აქვთ, მაგრამ ამ დაპირისპირებაში რუსეთს წარმატების არანაირი შანსი არა აქვს - მისი დამარცხება ბრძოლის ველზე გარდაუვალია, ამას "ოცნების" დამარცხებაც მოჰყვება, რომელმაც თავისი პოლიტიკით საკუთარი მომავალი რუსეთის წარმატებას მიაბა. ეს ანომალიური მდგომარეობაა, რომელიც მალე უნდა დასრულდეს.
- თუმცა მმართველი პარტიის მომხრეები მადლიერები არიან - "ოცნებამ" ომისგან დაგვიფარაო.
- ეს არის ილუზია. არანაირი ომის საშიშროება არ ყოფილა, რადგან ჩვენი შესაძლებლობები ყველამ კარგად იცის. ამიტომ საქართველოს ომში ჩართვას არავინ სთხოვს, ამ პროპაგანდამ არ იმუშავა.
- თქვენი რწმენის საფუძველი რა არის?
- ბევრი რამ: ამ ხელისუფლებას ხალხის მხარდაჭერა რომ ჰქონდეს, 30 აპრილის აქციაზე სულ ცოტა, 100 ათასი კაცი მაინც მივიდოდა... ამ აქციისთვის 40 დღე ემზადებოდნენ, მილიონები დახარჯეს, ხალხს რეგიონებში აგროვებდნენ და მაქსიმუმ 25 ათასი კაცი მივიდა - ასეთი შედეგი მიიღეს 40-დღიანი კამპანიის და მაქსიმალური ფინანსური მხარდაჭერის მიუხედავად.
- თუმცა ოპოზიციაც ვერ ახერხებს გაერთიანებას, რის გამოც, კრიტიკულად განწყობილმა ამომრჩეველმა არ იცის, ხმა ვის მისცეს.
- სწორედ ეს არის ხელისუფლების მთავარი იმედი, მაგრამ ხომ არ შეიძლება ხელისუფლება სულ ოპოზიციის უუნარობაზე აკეთებდეს ფსონს? "წმინდა ადგილი თავისუფალი არ დარჩებაო", - უთქვამთ... დღევანდელი რეალობა არ ნიშნავს, რომ სულ ასე ვიქნებით: არჩევნებამდე კიდევ ბევრი რამ შეიცვლება. შესაძლოა, ვიღაცამ თქვას, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" არავინ გაერთიანდება, მაგრამ ეს არც არის საჭირო: "ნაციონალების" და "ქართული ოცნების" გარდა ბარიერი სამმა პოლიტიკურმა პარტიამ რომ გადალახოს, ჩათვალეთ, რომ "ქართულ ოცნებას" ხელისუფლება უკვე დაკარგული აქვს. მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე პოლიტიკური გაერთიანება ბარიერს აუცილებლად გადალახავს.
- რომელ პოლიტიკურ ძალებს გულისხმობთ?
- ისეთი განცდა მაქვს, რომ 5%-იან ბარიერს გახარიას პოლიტიკური ძალაც გადალახავს და - "ლელოც". მართალია, 2024 წელს პოლიტიკური ბლოკები აღარ იქნება, მაგრამ რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ შეიძლება საერთო სია შექმნას და არჩევნებში საერთო სიით მიიღოს მონაწილეობა. ამ სქემის დახმარებით "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში ვეღარ მოვა.
- ეს მნიშვნელოვანია?
- ცხადია, "ქართულ ოცნებას" ისეთი ტემპი აქვს აკრეფილი, რომ საკუთარ ავტორიტეტს თავისი ხელით ანგრევს და ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ხომ წარმოგიდგენიათ, თუ სტატუსს არ მოგვცემენ, რა მოხდება? - რა რეაქცია ექნება ამაზე ჩვენს ხალხს! მე არ ვიცი, "ოცნების" წევრები ასე თავგამოდებით რატომ ებრძვიან თავიანთ მომავალს და საკუთარ უსაფრთხოებას!
- ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ კანდიდატის სტატუსი ბევრს არაფერს ნიშნავს, რომ თურქეთს და სხვა ქვეყნებს ეს სტატუსი რამდენიმე ათეული წლის წინ მიანიჭეს და მათთვის არაფერი შეცვლილა...
- ჩვენთვის ეს სტატუსი ყველაფერს ნიშნავს! ჩვენი ქვეყნის თურქეთთან შედარება არ შეიძლება: ეს, საქართველოა და ჩვენ სულ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ. ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი იქნება იმ ყველაფრის დაგვირგვინება, რისთვისაც ბოლო 30-32 წელი ვიბრძოდით, კანდიდატის სტატუსს მოაქვს ფინანსური კეთილდღეობა - ეს არის ახალი გზის დაწყება, რასაც სერიოზული რეფორმები მოჰყვება ყველა სფეროში: სასამართლო სისტემაში, სოფლის მეურნეობაში, ეკონომიკაში... ქვეყანაში საფუძვლიანი რეფორმები უნდა გატარდეს, რასაც თანხა სჭირდება. თუ კანდიდატის სტატუსი გვექნება, ევროკავშირი ყოველწლიურად, მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტს მოგვცემს, რომ ევროპულ სტანდარტებს დავუახლოვდეთ. ეს დიდი ინვესტიციაა და ვინც ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი არაფერს ნიშნავს, ის ამ ქვეყნის მტერია. ასეთ ხალხს მხოლოდ ის რეალობა მოსწონს, რომელშიც ვცხოვრობთ - კორუფციული სქემით ფულის შოვნა და საკუთარი ოჯახის კეთილდღეობა. ვინც ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი არაფერს გვაძლევს, ნამდვილი მატყუარაა, რომელიც ამ პოლიტიკური ჭაობის შენარჩუნებითაა დაინტერესებული. მას არც პროგრესი უნდა და არც ის, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი გახდეს. ისინი ჩვენს უკეთეს მომავალს ებრძვიან და ყველა ამ სიკეთეს ხელიდან გვაცლიან!
ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)