ის, რაც ვერ გაბედეს ამერიკელებმა, გააკეთეს ბრიტანელებმა - ამიერიდან უკრაინელებს რუს ოკუპანტებზე წერტილოვანი საჰაერო დარტყმების მიყენება 300 კმ-ის სიშორეზეც შეეძლებათ...
სამი თვის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ საკმაოდ მოულოდნელად სწრაფი ვოიაჟი მოაწყო ლონდონსა და პარიზში, სადაც დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის პირველ პირებს შეხვდა და მათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს, რომლებსაც წესით უახლოეს პერიოდში უნდა გაეძლიერებინათ რუს ოკუპანტებთან უთანასწორო ბრძოლებში მეომარი უკრაინის არმია.
ერთ-ერთ ასეთ შეთანხმებას წარმოადგენდა უკრაინა - დიდ ბრიტანეთს შორის ხელმოწერილი „ლონდონის დეკლარაცია“, რომელიც ჯავშანტექნიკასთან (ძირითადი საბრძოლო ტანკების ჩათვლით) ერთად შორსმოქმედი შეიარაღების გადაცემასაც ითვალისწინებდა.
შორსმოქმედი შეიარაღების ტერმინის ქვეშ კონკრეტულად რომელი სახეობისა და ტიპის იარაღი იგულისხმებოდა, არ ზუსტდებოდა, მაგრამ ერთი შეხედვით ეს შეიძლება ყოფილიყო 300 კმ-მდე ფრენის მანძილის მქონე ATACMS -ის ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების აერობალისტიკური რაკეტები, რომელთა გაშვება უკრაინელ არტილერისტებს „ჰაიმარსის“ სარაკეტო დანადგარებიდანაც შეეძლებოდათ...
თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი დღემდე ჯიუტად უარს აცხადებს კონკრეტულად ამ რაკეტების მიწოდებაზე უკრაინელებისთვის (იმის შიშითაც, რომ უკრაინის რომელიმე ქალაქის მორიგი რუსული დაუნდობელი საჰაერო დაბომბვით გამწარებულმა უკრაინელებმა ეს ATACMS -ები შურისძიების მიზნით რუსეთის ტერიტორიისკენ არ გაუშვან), ვაშინგტონი არც ლონდონს დართავდა ნებას ამ ამერიკული წარმოების რაკეტების უკრაინისთვის გადაცემაზე.
სხვა სარაკეტო შეიარაღებიდან, რომელიც რამდენიმე ასეულ კმ-ს ფარავს, დიდი ბრიტანეთის არმიის არსენალში კი მხოლოდ Storm Shadow -ს ტიპის „ჰაერი-მიწა“ კლასის ფრთოსანი რაკეტებია, რომელთა სტარტი მხოლოდ თვითმფრინავის ბორტიდანაა შესაძლებელი.
და, აი ორიდე დღის წინ, ჯერ დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალურად განაცხადა უკრაინის არმიისთვის Storm Shadow -ს ტიპის „ჰაერი-მიწა“ კლასის ფრთოსანი რაკეტების გადაცემის ფაქტი, რაც მალევე დაადასტურეს უკრაინის მთავარ სამხედრო უწყებაში ანუ ლონდონმა კიევისთვის მიცემული დაპირება პირწმინდად შეასრულა...
რას წარმოადგენს „ქარიშხლის ჩრდილი“, რითი შეიძლება დაეხმაროს ის უკრაინელებს ფართომასშტაბიანი კონტრიეირიშების დაწყებისას და რატომ არიან რუსი ოკუპანტები სერიოზულად შეშფოთებული კონკრეტულად ამ ტიპის რაკეტების გამოჩენით უკრაინის საბრძოლო ავიაციის შეიარაღებაში?
21-ე საუკუნის დასაწყისში მსხვილმა ევროპულმა ავიაკოსმოსურმა კორპორაციამ MBDA Missile Systems -მა შექმნა საავიაციო ფრთოსანი რაკეტა Storm Shadow, რომელსაც 250 კმ-ზე ზუსტად უნდა დაეზიანებინა მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი სამიზნე.
ამისთვის „ქარიშხლის ჩრდილს“ ყველა ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებელი უწყობს ხელს: დამზადებულია „სტელსის“ ტექნოლოგიით და დაფრინავს ძალიან დაბალ სიმაღლეზე რელიეფის მიყოლებით, რაც მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის რადიოლოკატორების მიერ მის ადრეულ აღმოჩენას ძალზე ართულებს.
ეს ფრთოსანი რაკეტა მიზანთან ახლოს თანამგზავრული ნავიგაციის სისტემას გაჰყავს, თუმცა მიზნის ამოცნობა სითბური კამერის საშუალებით ხდება, როდესაც ამავე მიზნის ადრე გადაღებულ სითბურ გამოსახულებას ედარება და დამთხვევის შემთხვევაში, რაკეტა ერთი მეტრის სიზუსტით ხვდება სამიზნეს და მის სრულ განადგურებას იწვევს 450 კგ მასის საბრძოლო ქობინის დეტონირების შემდეგ...
აქამდე „ქარიშხლის ჩრდილი“ რეალურ საბრძოლო სიტუაციებში ორჯერ წარმატებით იქნა გამოყენებული, 2003 წელს ერაყში დიდი ბრიტანეთის მიერ და 2018 წელს საფრანგეთის მიერ სირიაში.
მაგრამ ხუთი მეტრი სიგრძისა და 1,3 ტონა მასის ამ რაკეტის გასაშვებად საბრძოლო თვითმფრინავია საჭირო (თუმცა, არსებობს Storm Shadow -ის ფრანგული ვარიანტი SCALP Naval-იც, რომლის სტარტი სამხედრო ხომალდებიდან და წყალქვეშა ნავების სატორპედო აპარატებიდანაც ხორციელდება), რაც აჩენს მოსაზრებას, რომ მაშინ დიდმა ბრიტანეთმა „ტაიფუნის“, ხოლო საფრანგეთმა კი „მირაჟის“ გამანადგურებლებიც თან უნდა „მიაყოლონ“, რაც დღეისათვის ნაკლებად შესაძლებელად მოჩანს.
უკრაინის საჰაერო ძალების შეიარაღებაში შემორჩენილ, თავის დროზე თბილისის საავიაციო ქარხანაში დამზადებულ, Су-25 ტიპის მოირიშე თვითმფრინავის პილონზე 1,3 ტ მასის რაკეტის ჩამოკიდება შეუძლებელია, ეს მხოლოდ Су-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენებს შეუძლიათ.
და ამიტომაც ნათელი ხდება, თუ რატომ გადააფრინეს უკრაინელმა პილოტებმა თავისი Су-24М-ები მეზობელ პოლონეთში ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, როდესაც ასეთი ბომბდამშენები ჰაერივით სჭირდებათ ფრონტის ხაზის სიღრმეში რუსი ოკუპანტების მნიშვნელოვანი სამიზნეების დასაზიანებლად.
პოლონეთში, ნატოს სპეციალისტების დახმარებით ხორციელდება უკრაინული საფრონტო ბომბდამშენის ან ბომბდამშენების ტექნიკური მოდიფიცირება იმისთვის, რომ მან(მათ) შესძლონ Storm Shadow -ს წაღებაც და საბრძოლო გამოყენებაც.
მოდერნიზებული უკრაინული Су-24М -დან Storm Shadow -ს გაშვების შემდეგ, შესაძლებელი გახდება მოწინააღმდეგის ყველა მნიშვნელოვან ობიექტზე მოულოდნელი და წერტილოვანი საჰაერო დარტყმის განხორციელება ოკუპირებული ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მთელს ტერიტორიებზე, ასევე ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის დიდ ნაწილზე, რაც „ჰაიმარსების“ მიერ წარმატებულად დაწყებულ „საქმეს“ მანძილში 3-3,5 ჯერ გაზრდის...