"ნებისმიერი მისია დაადასტურებს, რომ დემოკრატიაში არავითარი უკუსვლა არაა" - რას აცხადებს გია ვოლსკი?
ნებისმიერი მისია დაადასტურებს, რომ დემოკრატიაში არავითარი უკუსვლა არაა, დემოკრატიაში უკუსვლა, ადამიანის გატყავება, წამება და მოკვდინება ჩვეულებრივი ამბავი იყო, როცა მათი სალოლიავებელი სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, - ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი ამერიკელი სენატორების ჯინ შაჰინის და ჯიმ რიშის განცხადებას, რომლებიც დემოკრატიული წინსვლის შეჩერებაზე საუბრობენ და სახელმწიფო დეპარტამენტს სთხოვენ 2024 წლის არჩევნებისთვის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია შეიქმნას.
ვოლსკის თქმით, „სულ რომ „ქართული ოცნების" დამფუძნებელი იყოს მთელი საარჩევნო ადმინისტრაცია, ვერანაირად ვერ შეძლებენ „ქართული ოცნების" სასარგებლოდ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას".
„ვფიქრობ, ნებისმიერი მისია, რომელსაც აუცილებლად მოვითხოვთ არჩევნებისთვის და გარკვეული პერიოდით ადრე, დაადასტურებს იმას, რომ არავითარი უკუსვლა დემოკრატიაში არ არის. დემოკრატიაში უკუსვლა, ადამიანის გატყავება და ამას პირდაპირი გაგებით ვამბობ, წამება და მოკვდინება ჩვეულებრივი ამბავი იყო, როცა მათი სალოლიავებელი მიშა სააკაშვილი იყო პრეზიდენტი. უამრავი ადამიანი მკვლელებად და მწამებლებად აქციეს, ასეთი მართვა იყო. წინსვლა არ გექნებოდა სამსახურში თუ სადისტი არ იყავი. რაც შეეხება არჩევნებს, ყველა, მათ შორის, ჯინ შაჰინი, ჯიმ რიში, ითხოვდა, რომ პროპორციული იყოს, არათუ პროპორციული იქნება, ელექტრონულად ჩატარდება. თუკი ვინმემ დაარღვია და გააყალბა, ეს იყო პარალელური დათვლა, რომელიც ჩაატარა ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და სამი თვის მერე აღიარა, მას მერე რაც რევოლუციამ განვითარება ვერ ჰპოვა, თორემ შეტევა, ცეცხლი, დავი-დარაბა ხომ იყო? (თამარ) ჟვანია აღმოჩნდა მართალი და მტყუანი - პარალელურად დამთვლელი ორგანიზაცია. აი მაშინ შაჰინს თავის მკაცრი განცხადება უნდა გაეკეთებინა და დღესაც მისი განცხადება გაცილებით ავტორიტეტული იქნებოდა. რაც შეეხება მეთვალყურეობის თემას, არჩევნებზე მეთვალყურეობა აუცილებელია იმის მიუხედავად, რომ სულ რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი იყოს მთელი საარჩევნო ადმინისტრაცია, ვერანაირად ვერ შეძლებენ "ქართული ოცნების" სასარგებლოდ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას, სისტემაა ასეთი,"- განაცხადა ვოლსკიმ.