"სააკაშვილს რაც სჭირდება, ყველაფერი აქვს - მის ამგვარ მდგომარეობაზე პასუხისმგებლები არიან ისინი, ვინც უქმნიან ცრუ მოლოდინს, თითქოს ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესებით თავისუფლებას მოიპოვებს" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილს რაც სჭირდება, ყველაფერი აქვს - მის ამგვარ მდგომარეობაზე პასუხისმგებლები არიან ისინი, ვინც უქმნიან ცრუ მოლოდინს, თითქოს ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესებით თავისუფლებას მოიპოვებს"

მიხეილ სააკაშვილს რაც სჭირდება, ყველაფერი აქვს. მისი ჯანმრთელობის ამგვარ მდგომარეობაზე პასუხისმგებლები არიან ის ადამიანები, რომლებიც მას აქეზებენ და უქმნიან ცრუ მოლოდინს, თითქოს ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესებით ის მოიპოვებს თავისუფლებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მოქმედება თავიდან ბოლომდე არის ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი.

„მე პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რომ მას მიეწოდოს ყველა ის მომსახურება პენიტენციური დაწესებულებების ფარგლებში, რასაც ის საჭიროებს. ის საჭიროებს მკურნალობას, ის იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში. ის რომ არ იმყოფებოდეს სამედიცინო დაწესებულებაში, მასთან არ შედიოდეს ექიმი, მას რაიმე სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდეს და ის ვერ იღებდეს, ამაზე ვიქნებით პასუხისმგებელი, მაგრამ მას რაც სჭირდება, აქვს ყველაფერი. მისი ჯანმრთელობის ამგვარ მდგომარეობაზე პასუხისმგებლები არიან ის ადამიანები, რომლებიც მას აქეზებენ და უქმნიან ცრუ მოლოდინს, თითქოს და ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესებით ის მოიპოვებს თავისუფლებას. აი, სწორედ ის ადამიანები, რომლებიც მას პირდაპირ ეთერში მოუწოდებდნენ, რომ შიმშილობა არ შეეწყვიტა, ეშიმშილა, კარგად იციან თვითონაც, ვინც მას უქმნის ცრუ მოლოდინებს, თუკი დაიკლებს წონაში, გაიუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და იქნება ათასი სხვაგვარი სიმულაცია, ის მოიპოვებს თავისუფლებას. ნახეთ, რომ საქართველოში არცერთი ინსტანციის სასამართლომ არ ცნო მისი სარჩელი და ასევე, სტრასბურგშიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც მას უარი უთხრა დროებით ღონისძიებაზე, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოს მოქმედება თავიდან ბოლომდე არის ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი. მოვუწოდებ როგორც მსჯავრდებულ სააკაშვილს, ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელიც არის მისი გარემოცვა, რომ მაქსიმალურად იზრუნონ იმაზე, რომ ეს ადამიანი დაემორჩილოს მკურნალობას, ექიმებს და ასევე, მიაწოდონ საკვები იმ კალორაჟით, რასაც ეუბნებიან ექიმები. არც ექიმების გადაწყვეტილებებს ემორჩილებიან, სახელმწიფო კი აკეთებს მაქსიმუმს, მას აქვს შექმნილი ყველა პირობა, რომ იყოს ჯანმრთელად და იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.