"ევროპულმა სასამართლომ დაასრულა სააკაშვილის გასტრონომიული ფალსიფიკაციის საქმე" - კვირის პალიტრა

"ევროპულმა სასამართლომ დაასრულა სააკაშვილის გასტრონომიული ფალსიფიკაციის საქმე"

დღეს ევროპულმა სასამართლომ დაასრულა სააკაშვილის გასტრონომიული ფალსიფიკაციის საქმე. პატიმარმა სააკაშვილმა საქართველოს წინააღმდეგ, ჯანმრთელობის ხელოვნურად დაზიანებაზე უკვე მეორედ წააგო სტრასბურგში, რასაც სამართლებრივ შედეგებთან ერთად, აუცილებლად უნდა მოჰყვეს პოლიტიკური და მორალური შედეგები, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უმრავლესობის დეპუტატი რატი იონათამიშვილი წერს.

მისი თქმით, მინიმუმ ბოდიში აქვს მოსახდელი ყველა იმ შიდა და გარე აქტორს, „ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში თავს ესხმოდა საქართველოს და ცდილობდა ჩვენი ქვეყანა უარყოფითი მხრიდან წარმოეჩინა“.

„სააკაშვილის პატიმრობის დღიდან არაერთი უსაფუძვლო აგრესია, ზიზღის კამპანია და ცილისწამება ვიხილეთ არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ექიმების, არამედ მართლმსაჯულების და კონკრეტული მოსამართლეების მიმართ, ვისი ვერდიქტიც დღეს სტრასბურგის სასამართლომ გაიმეორა.

ვფიქრობ, მინიმუმ ბოდიში აქვს მოსახდელი ყველა იმ შიდა და გარე აქტორს, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში თავს ესხმოდა საქართველოს და ცდილობდა ჩვენი ქვეყანა უარყოფითი მხრიდან წარმოეჩინა.

მადლობას ვუხდი იუსტიციის სამინისტროს და პირადად იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს, ვინც სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს რეპუტაციას და ღირსებას იცავდა“, - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

ინფორმაციისთვის, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე.

მისივე თქმით, ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა სააკაშვილის ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

IPN