"არანაირი ინტერესი არ მაქვს იმ ადამიანების შესახებ ვისაუბრო, რომლებიც იმდენად ხელმოცარულები არიან, რომ პარტიის შექმნა უნდათ და ამასაც ვერ აკეთებენ" - კვირის პალიტრა

"არანაირი ინტერესი არ მაქვს იმ ადამიანების შესახებ ვისაუბრო, რომლებიც იმდენად ხელმოცარულები არიან, რომ პარტიის შექმნა უნდათ და ამასაც ვერ აკეთებენ"

ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას და არა, დგომას. ვაპირებთ მოძრაობას და არა, უძრაობას. კონკრეტული ადამიანები რომ გვეხვეწებიან, პოლიტიკური პროცესი არ იყოს „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ამას აკეთებს რუსული ოცნება, რუსი ოლიგარქი და ვიღაცების რიტორიკა ემთხვევა - მე მაინტერესებს რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენი ხალხის მომავალი და კონკრეტული ადამიანები, რომ დროს კარგავენ ამ ლაი-ლაიში, ვწუხვარ, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, ის მოუწოდებს პარტიის მენეჯმენტს უარი თქვას მიმდინარე შიდაპარტიულ არჩევნებზე და გამოიჩინოს რაციონალურობა.

როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მელიას ეს განცხადება სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლის განცხადებას აგონებს.

„ბიძინა ივანიშვილის და რუსული ოცნების ოცნებაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაჩერდეს, ოფისები არ გახსნას, არ იაქტიუროს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დემოკრატია არ იყოს და ზოგადად, საქართველოში რუსული პარტიის ოცნებაა, რომ გაჩერდეს „ნაციონალური მოძრაობა“.

ახლა თქვენ, რაც წამიკითხეთ, სახელი და გვარი რომ არ გეთქვათ, ვიფიქრებდი, რომ სახელისუფლებო პარტიიდან ხომ არ საუბრობს ვინმე-მეთქი. ნებისმიერ შემთხვევაში, პარტია გაძლიერებას გააგრძელებს, პარტიაში გაგრძელდება შიდადემოკრატიული არჩევნები. წარმოუდგენელია, რომ შიდა დემოკრატიული არჩევნები პარტიას აზიანებდეს და თურმე, ჭორაობა და პარტიის ლანძღვა გინება აძლიერებს. ეს არის იმ ადამიანების ლოგიკა, რომლებიც ძალიან ბევრ რამეს რომ ვერ დაეწივნენ და იმიტომ არიან დღეს იმ მდგომარეობაში, რომელშიც არიან. შესაბამისად, მე არ ვაპირებ მათზე კომენტარების გაკეთებას. საზოგადოებამ თავად გააკეთოს ანალიზი. ხაზს ვუსვამ, როდესაც ამბობენ, რომ პარტია შიდა დემოკრატიით დაზიანდება და ამასობაში, ეთერს არ ტოვებენ იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეურაცხყოფა არ მიაყენონ, რომ ზედ არ გადაუარონ, რომ ტალახში არ გასვარონ და თურმე, ეს ყოფილა პარტიის გაძლიერების გეგმა. საზოგადოებამ განსაჯოს, ეს რამდენად ადეკვატურია. ჩვენ გავაგრძელებთ არჩევნებსაც, პარტია გააგრძელებს ფუნქციონირებასაც, პარტიას 45 ოფისი რომ აქვს და სადაც არ გვაქვს აღებული ახალი ოფისები დავიმატებთ, გავაძლიერებთ ლოჯისტიკასაც, ინფრასტრუქტურასაც, აქციებიც აუცილებლად იქნება და ამ დღეებში თქვენ საჯაროდ გექნებათ ინფორმაცია.

ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას და არა, დგომას. ჩვენ ვაპირებთ მოძრაობას და არა, უძრაობას. კონკრეტული ადამიანები რომ გვეხვეწებიან, პოლიტიკური პროცესი არ იყოს „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ამას აკეთებს რუსული ოცნება, რუსი ოლიგარქი და ვიღაცების რიტორიკა ემთხვევა, საზოგადოება არის ყველაზე კარგი მსაჯული და ისინი გადაწყვეტენ, ვინ არის მართალი და ვინ არის მტყუანი. ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე, აუცილებლად“- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილი გამოეხმაურა ასევე ნიკა მელიას მიერ ერთ-ერთ გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნა, რომ მელია „თავად გავიდა აბსოლუტურად ყველაფრიდან“.

„რაც შეეხება პარტიის წევრობას, გუშინდელი ეთერის შემდეგ, ჩემი აზრით, მან თავად დატოვა ყველა სივრცე, რაც უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“. თავად გავიდა აბსოლუტურად ყველაფრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ერთი სული აქვს კონკრეტულ ადამიანებს, რომ იქნებ, როგორმე პარტიიდან გავრიცხო - ეს არ არის ჩემი საქმე, ეს მე არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენი ხალხის, ქვეყნის მომავალი და კონკრეტული ადამიანები, რომ დროს კარგავენ ამ ლაი-ლაიში, ვწუხვარ ამის გამო. “- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თუ რა პოზიცია აქვს იმაზე, რომ მელიამ გადაცემაში ისაუბრა, მათ შორის ზურაბ ადეიშვილზე, დავით კეზერაშვილზე და ვანო მერაბიშვილზეც.

„ადეიშვილის მოადგილე იყო თავად კონკრეტული ადამიანი, მე თვალით არ მყავს ნანახი. ხაბეიშვილზე თქვა, რომ ადეიშვილი დგას მის უკანო და ამას ამბობდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, ადეიშვილმა სამ თანამდებობაზე რომ დანიშნა, ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირი, ჩემთვის უცნაურია. საზოგადოება ამ ტყუილს არ მიიღებს, ვერ მიიღებს და ვწუხვარ ამის გამო. არანაირი ინტერესი არ მაქვს იმ ადამიანების შესახებ ვისაუბრო, რომლებიც იმდენად ხელმოცარულები არიან, რომ პარტიის შექმნა უნდათ და ამასაც ვერ აკეთებენ“, -განაცხადა ხაბეიშვილმა.

IPN