"მშობლებთან მიიჩქაროდი და შენთვის, ქუჩაში მდგარს, ვიღაც მთვრალი დაგეჯახა" - ავარიას 20 წლის ბიჭი ემსხვერპლა: რას წერს მასზე სამხედრო ფოტოგრაფი?
ავარიას ოზურგეთელი ახალგაზრდა, 20 წლის გიორგი კაპანაძე ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა ორი კვირის წინ მოხდა და ამ დროის განმავლობაში გიორგი კლინიკაში მძიმე დაზიანებებით მკურნალობდა, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხრხდა. როგორც ცნობილია, ის ქვეითად გადაადგილდებოდა რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ავტომობილს მართავდა ნასვამ მდგომარეობაში იყო.
გიორგი კაპანაძის შესახებ სოციალურ ქსელში სამხედრო ფოტოგრაფი ზაირა მიქატაძე წერს. მისი ცნობით, გიორგი უკრაინაში მებრძოლი თემურ კაპანაძის შვილია:
"მეცხრე კლასი რომ დაამთავრე, და როგორც წარჩინებულ მოსწავლეს, ლეპტოპი გაჩუქეს, თავდახრილი უსმენდი შენს მამიკოს, შენს წარმატებაზე რომ გველაპარაკებოდა. ჩვენი სამსახურის კალენდრისთვის ნახატი მოგვიტანე - ჯარისკაცი გმირის მემორიალთან. მამაშენის შვილი დასახატად სხვა თემას ვერც აირჩევდი. მაშინ 15 წლის იყავი. თვალს და ხელს შუა გაიზარდე, თვალს ვეღარ გაწვდენდით. სტუდენტი გახდი, ოზურგეთიდან თბილისში გადმოხვედი. გული სულ მშობლიური კუთხისკენ მიგიწევდა.
ახლაც მშობლებთან მიიჩქაროდი. რას იფიქრებდი, შენთვის, ქუჩაში მდგარს, ვიღაც გათხლეშილი თუ შემოგასკდებოდა. ორი კვირა იბრძოლე, გიო. ჯოჯოხეთური ორი კვირა გამოგვატარე. ექიმებიდან მოსულებს თვალებში შემოგვციცინებდნენ ნანა და თემური. რა გვეთქვა, როგორ გვეთქვა, როგორ შეგვერბილებინა მათი ნათქვამი, თანაც თავსაც რომ მოვრეოდით... დიდი წნეხი გამოვიარეთ, შვილო, და ვკვდები, ახლა, აგერ და შორიდან დაგტირი. ჩემო უჭკვიანესო ბიჭო, როგორ გვეიმედებოდი შენი მამიკოს მეგობრებს და თანამებრძოლებს. ბოლოს ჯაბას დაკრძალვაზე ვიყავით ერთად. მიუსამძიმრე არჩილ ხოფერია აჩიკოს, მამაშენის თანამებრძოლს. რამდენიმე თვე და შენც წახვედი. ნეტავ, პატარა ბრალი მაინც მიგიძღვოდეს შენს სიკვდილში. ალბათ, აზრზე მოსვლაც ვერ მოასწარი, საიდან შემოვარდა შენი ცოდვის დამდები. სიმთვრალის გამო გაგწირა. სიმაძღრის გამო გაგიმეტა. შენ თვითონ კი მთელი დღის მშიერი ყოფილხარ თურმე. ლუკმის ჭამაც ვერ მოასწარი.
გვიყვარხარ, გიო. ძალიან გვიყვარხარ, ჩვენო მოუსვენარო ბიჭო. ჩქარია, ჩქარიო, ხშირად მომისმენია შენებისგან. ამ ქვეყნიდან გასვლაც გეჩქარებოდა" ალბათ. 20 წელი, სიცოცხლის მხოლოდ 20 წელი და უთვალავი - მარადისობაში. პირადად მე, სიკვდილის არ მჯერა, მაგრამ, მონატრებაც ხომ არსებობს, შვილო. როგორ გაუძლოს დედაშენმა აწი გასავლელ უშენო, ბნელ დღეებსა და წლებს..." - წერს მიქატაძე.