"ჩემს მეუღლეს არ უყვარს სადმე გამოჩენა, თუმცა ჩემთვის არასდროს უთქვამს, მოდელობას თავი დაანებეო" - როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს 2000-იანი წლების პოპულარული მოდელი?
მისი კარიერა პოდიუმზე დაიწყო. 17 წელი აქტიური მოდელი იყო. შემდეგ აქტიურ მოდელობას თავი დაანებე. თუმცა ამ სფეროსთან კონტაქტი არ გაუწყვეტია.
"პოდიუმიდან რაც წამოვედი, რამდენჯერმე მივიღე მონაწილეობა ამა თუ იმ ჩვენებაში. ხშირად არა, მაგრამ დღესაც ვმონაწილეობ ხოლმე... კი დავანებე თავი, მაგრამ დიდხანს ჩემს მეგობრებთან ერთად (სოფო ბურჯანაძე, ლელა ცინცაძე, ირინა ონაშვილი - ოთხნი ვიყავით) მაინც ამ სფეროში ვიყავი, - სამოდელო სააგენტო მქონდა. დამწყებ მოდელებთან ვმუშაობდი, ამ პროფესიას ვასწავლიდი. მათ ჩვენებზე ვზრუნავდი, ასე რომ, ნოსტალგიის ამბავი არ მქონია" - გვეუბნება 90-იან წლებსა და 2000-იანებში ძალიან პოპულარული მოდელი ლალი ტოტიკაშვილი.
როგორ ცხოვრობს ახლა, როგორ იხსენებს წარსულ წლებს, რას ფიქრობს ქართულ მოდაზე და როგორი დედაა, ამაზე მასთან ინტერვიუდან შეიტყობთ.
- არც იმ წლების ნოსტალგია გაქვს, როცა ამ სფეროთი ცხოვრობდი და ეს იყო შენი ძირითადი, მთავარი საქმიანობა?
- სწორედ იმის გამო, რომ მაინც სამოდელო სააგენტოში ვრჩებოდი, შეხება მქონდა მოდელებთან და მათზე ზრუნვით ვიყავი დაკავებული, ნოსტალგია არ მქონია.
- რა არის შენთვის პოდიუმი?
- საქმე, ჰობი, გართობა, რომელიც მომწონდა, მიყვარდა, დღემდე მიყვარს და მომწონს. ვთვლი, გოგონებმა, რომლებიც მოდელობას არ აპირებენ, სამოდელო სააგენტოში მაინც უნდა იარონ. ბევრ რამეს ისწავლიან, ბევრ რამეში დაიხვეწებიან. მგონია, რომ ეს ყველა გოგოსთვის აუცილებელია. ჩემთვის ის სფერო აღმოჩნდა, რომელიც ძალიან მომეწონა და შემიყვარდა.
- ამ სფეროში ყველაზე მეტად რა გიზიდავდა?
- სცენა, რომელსაც აქვს თავისი ხიბლი და იქ გამოსვლას საოცარი ემოცია და ხიბლი ახლავს. არ აქვს მნიშვნელობა, მომღერალი ხარ, მსახიობი თუ მოდელი. ყველგან ამას ვამბობ, რომ ჩემი ოცნება ბავშვობიდან მომღერლობა იყო. როდესაც მე და თამუნა ამონაშვილმა დუეტი ჩავწერეთ სიმღერაზე „ეს ერთი ღამე“, კონცერტებზე აქტიურად გვიწევდა გამოსვლა, მათ შორის, დიდ კონცერტებზე, დიდი აუდიტორიის წინაშე. ის იყო საოცრება. გამორჩეული ემოცია ახლა იმ ყველაფერს. მერე სიმღერაც ძალიან პოპულარული იყო.
- კი, 2000-იანების ჰიტი იყო...
- დღემდე ახსოვთ და უსმენენ... თუმცა თუ მოდელობას დავუბრუნდებით, ალბათ ჩემი ეს არჩევანი ზოგადად მაინც სწორი ნაბიჯი იყო...
- და მგონია, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდი...
- მაშინ სამოდელო სფეროც თითქოს სხვანაირი იყო, მიუხედავად იმისა, რომ „ფეშენ ვიკი“ საქართველოში არ ტარდებოდა. თუმცა ფეხს იკიდებდა სამოდელო ბიზნესი, ისევე როგორც შოუბიზნესი. ბევრი სიმღერა იწერებოდა, კლიპებს იღებდნენ, იყო კონცერტები, დიზაინერების ჩვენებები" სხვადასხვა ფესტივალი ტარდებოდა - აქტიური პერიოდი იყო. სამოდელო სააგენტოებიც ცოტა იყო და ამდენი მოდელიც არ გვყავდა. ახლა სხვა სიტუაციაა. სამოდელო სააგენტოც მეტია, მოდელებს გზა გაეხსნათ - საზღვრებს გარეთ აქტიურად მუშაობენ. სფერო ძალიან დაიხვეწა და განვითარდა იმიტომ, რომ ჩვენი დიზაინერებიდან წარმატებას ბევრმა მიაღწია აქაც და ფარგლებს გარეთაც. დღესაც ძალიან მიყვარს ეს სფერო. ბევრად დახვეწილი ჩვენებები იმართება იმ პერიოდთან შედარებით, როცა ვიწყებდით. თუმცა გადასარევი ღონისძიებები იმართებოდა და თან რაოდენობრივად ბევრი იყო. დღეში ერთმანეთს 2-3 ჩვენებაც კი ემთხვეოდა. ახლა აქცენტები უფრო მოდოს კვირეულებზეა გადატანილი და ამიტომ აღარ არის ისე ხშირი. პანდემიამაც ხომ ბევრი რამ შეაფერხა.
დღევანდელი დიზაინერები ძალიან ნიჭიერები არიან, რაც არაერთხელ დაამტკიცეს აქაც და ფარგლებს გარეთაც. მათ ნამუშევრებს უცხო ქვეყნებშიც ჩვეულებრივად იცნობენ, იძენენ, რომ აღარაფერი ვთქვა დემნა გვასალიაზე. რომელმაც მოდის სფეროში რევოლუცია მოახდინა და უნიჭიერესია. სხვათა შორის, დემნამაც დიდი როლი ითამაშა, რომ უცხოეთში ქართველი დიზაინერებით დაინტერესდნენ. კი, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა და გაამართლეს - საოცარ კოლექციებს ქმნიან, რაც თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. მათგან ბევრი მომწონს და ძალიან ვგულშემატკივრობ. (გააგრძელეთ კითხვა)