"ქარიშხლის ჩრდილი“ უკვე საქმეშია - ფრონტის ხაზიდან 150 კმ-ით დაშორებულ ოკუპირებულ ლუგანსკში მეორე დღეა რუსული ტანკები წერტილოვნად იბომბება...
ან Storm Shadow ბრიტანელებმა კარგა ხანია გადასცეს უკრაინელებს და ამის შესახებ ოფიციალურად მხოლოდ სამი დღის წინ განაცხადეს, ან ეს „ქარიშხლის ჩრდილები“ მართლაც ახალი ჩატანილია უკრაინაში და უკრაინელმა გენერლებმა მათი საქმეში გამოყენება გადაუდებლად დაიწყეს, რაზეც მეტყველებს ოკუპირებულ ლუგანსკში 12-13 მაისს განხორციელებული უზუსტესი საჰაერო შეტევები...
„ქარიშხლის ჩრდილი“ ამართლებს თავის სახელს და ეს „ჰაერი-მიწა“კლასის მართვადი რაკეტები გასაოცარი სიზუსტით ანადგურებენ რუსი ოკუპანტების სამხედრო ობიექტებს ფრონტის ხაზიდან 150 კმ-ით დაშორებულ ოკუპირებულ ლუგანსკში.
12 მაისს ორი საჰაერო დარტყმა განხორციელდა ოკუპირებულ ლუგანსკში მდებარე ერთ-ერთი ქარხნის შენობაზე, რომლის აფეთქების შედეგად ასული შავი ბოლი რამდენიმე ათეული კმ-იდანაც იყო შესამჩნევი, მეორე საჰაერო დარტყმა თითქმის იმავდროულად განხორციელდა პოლიციის აკადემიაზე.
ერთი შეხედვით ეს სამიზნეები არ ღირან იმად, რომ მათ დასაზიანებლად 1,2 მლნ დოლარის ღირებულების Storm Shadow „მიახარჯო“, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით...
„გუგლის“ 2023 წლის თანამგზავრული ფოტოს დეტალურად შესწავლისას კი აღმოჩნდა, რომ ოკუპირებული ლუგანსკის სწორედ ორ ამ კონკრეტული შენობების ეზოებში განთავსებულია რუსი ოკუპანტების ჯავშანტექნიკა, უკრაინის გენშტაბში კი „გუგლზე“ უფრო ოპერატიული თანამგზავრული სადაზვერვო ფოტოები მოეპოვებათ...
აღსანიშნავია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ძალზე საინტერესო ტაქტიკა გამოიყენეს ფრონტის ხაზიდან ღრმა ზურგში - ლუგანსკში სამხედრო ობიექტებზე ზუსტი საჰაერო დარტყმების განსახორციელებლად.

აფეთქების ადგილზე რუსმა ოკუპანტებმა აღმოაჩინეს ამერიკული წარმოების ADM-160B MALD ტიპის რაკეტის ფრაგმენტები.
ეს რაკეტა გამოიყენება თვითმფრინავის ფრენის იმიტაციის შესაქმნელად მოწინააღმდეგის რადიოლოკატორის მონიტორზე, რისთვისაც კონკრეტული ბომბდამშენისა თუ გამანადგურებელი თვითმფრინავისთვის დამახასიათებელი რადიოტალღების სიგნატურებს ასხივებს.
უკრაინულმა თვითმფრინავმა, სავარაუდოდ მოდიფიცირებულმა Су-24М ან Су-27-მა კრამატორსკის სიახლოვედან ოკუპირებული ლუგანსკისკენ ჯერ სწორედ ეს „მატყუარა“ ADM-160B MALD ტიპის რაკეტა გაუშვა რუსების საჰაერო თავდაცვის სისტემის შეცდომაში შესაყვანად, რომ ის „ჩაეთვალათ“ ნამდვილ სამიზნედ - თვითმფრინავად და მისკენ გაესროლათ საზენიტო რაკეტები, ხოლო უკრაინული ბომბდამშენიდან ცოტათი მოგვიანებით სტარტაღებული Storm Shadow კი ძალიან დაბალ სიმაღლეზე რელიეფის მიყოლებით ფრენით უპრობლემოდ მიაღწევდა ლუგანსკში მონიშნულ სამიზნეებამდე...

უკრაინელი სამხედროების ჩანაფიქრი ზუსტად აღსრულდა ერთი გამონაკლისით - რუსეთის ნაქებმა საჰაერო თავდაცვამ ეტყობა ვერც „მატყუარა“ რაკეტა აღმოაჩინა და ისიც მოხვდა სამიზნეს.
რუსეთ-უკრაინის ომში, „ქარიშხლის ჩრდილის“ წარმატებული საბრძოლო ნათლობა, კიევს აძლევს იმის იმედს, რომ მისი საშუალებით შურს იძიებენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის იმ ხომალდებზეც, რომლებიც მეორე წელია „კალიბრის“ ტიპის ფრთოსან რაკეტებს უშვებენ უკრაინული ქალაქების მიმართულებით, მით უმეტეს, რომ ოდესიდან თუ კუნძულ ზმეინიდან რუსი ოკუპანტების სევასტოპოლის ბუხტამდე 290 კმ-მდეა, Storm Shadow კი 300 კმ-ზე ან უფრო შორსაც მიფრინავს, გააჩნია, თუ რომელი მოდიფიკაცია გადასცეს ბრიტანელებმა უკრაინელებს...