"რუსული პარტია“ პუტინს უკრაინაში ომისთვის და საქართველოს ოკუპაციისთვის ყველა ეკონომიკურ-ფინანსურ პირობას უქმნის - პუტინს ეს ფრენები შავი ფულისა და სანქცირებული ოქროს სამოძრაოდ სჭირდება" - კვირის პალიტრა

"რუსული პარტია“ პუტინს უკრაინაში ომისთვის და საქართველოს ოკუპაციისთვის ყველა ეკონომიკურ-ფინანსურ პირობას უქმნის - პუტინს ეს ფრენები შავი ფულისა და სანქცირებული ოქროს სამოძრაოდ სჭირდება"

ურთულესი, მაგრამ დაძლევადი ამოცანა გვაქვს - მოქმედება და მხოლოდ მოქმედება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

ხაბეიშვილი რუსეთიდან ფრენების აღდგენას ეხმაურება.

„პუტინს ეს ფრენები სჭირდება სანქცირებული შავი ფულის - „ქეშის“, სანქცირებული ოქროსა და სამხედრო დანიშნულების ჩიპების სამოძრაოდ, გადასატანად. მოსკოვი - თბილისი ავტომობილით რამდენიმე დღე და ხიფათია... რომ არ იწვალონ, ასე პირდაპირ შემოიტანენ ნებისმიერ ვალუტას, ოქროს და აქ დაფუძნებული კომპანიებით, ინდივიდუალური მეწარმეებით, ფიზიკური პირებით იოლად „გაათეთრებენ“.

ამ კორუფციულ მაფიაში, გათვალისწინებული იქნება რუსი ოლიგარქი ივანიშვილი და სუს-ის უფროსი ლილუაშვილი ( ვინც უნდა უზრუნველყოს საზღვარზე პრობლემების, შემოწმების გარეშე „ტვირთის“ შემოტანა - გატანა).

ყველა ეკონომიკურ-ფინანსურ პირობას უქმნის რუსული პარტია პუტინს უკრაინაში ომისთვის და საქართველოს ოკუპაციისთვის.

ამ ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულ დროს, ყველა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საქმიანობით უნდა დავკავდეთ და ვიბრძოლოთ დაუღლელად, შეუპოვრად. რუსმა ოლიგარქმა ვერ უნდა მოახერხოს, რომ სხვა მისთვის სასურველი თემები მოახვიოს საზოგადოებას თავს. ურთულესი, მაგრამ დაძლევადი ამოცანა გვაქვს. მოქმედება და მხოლოდ მოქმედება“, - წერს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.