რუსული ავიაციის შავი დღე - უკრაინელებმა აგვისტოს ომის რეკორდი გაიმეორეს, თანაც რუსეთის ცაშივე...
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ერთ დღეს განცდილი ყველაზე დიდი საბრძოლო დანაკარგი საბჭოთა სამხედრო ავიაციას 1970 წლის 30 ივლისს ეგვიპტის ცაში ჰქონდა, როდესაც ისრაელის „ფანტომებმა“ და „მირაჟებმა“ 6 წთ-ში(!) ოთხი საბჭოთა МиГ-21 ტიპის გამანადგურებელი ჩამოაგდეს...
მეორედ იგივე, ოღონდ საბჭოთა ავიაციის მემკვიდრე რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს უკვე 2008 წლის 9 აგვისტოს საქართველოს ცაში დაემართა, როდესაც ამ დღეს ასევე ოთხი საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგეს - ერთი, თვით შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენი Ту-22М3 (ეს პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ამ ტიპის თვითმფრინავია ჩამოგდებული), ერთი საფრონტო - ბომდამშენი Су-24М და ორი მოირიშე Су-25(მათგან ერთი მოდერნიზებული Су-25СМ გახლდათ).
მიუხედავად იმისა, რომ 9 აგვისტოს ერთი-ორჯერ თავად რუსმა მეზენიტეეებმაც „იყოჩაღეს“ „მეგობრული ცეცხლით“ მათსავე ავიაციისთვის შავ დღედ გადასაქცევად, ეს ერთ დღეში რუსეთის სამხედრო ავიაციის ყველაზე დიდ საბრძოლო დანაკარგად იქცა, რისი აღიარებაც რუს გენერლებს არაფრით არ სურდათ...
და აი, დღეს, 2023 წლის 13 მაისს უკრაინელებმა გაიმეორეს ქართველების 15 წლის წინანდელი მიღწევა და რუს ოკუპანტებს ოთხი საფრენი აპარატი ჩამოუგდეს, თანაც ერთმანეთის მიყოლებით ერთი საათის განმავლობაში და ყველა... თავად რუსეთის ცაში!
უკრაინის მოსაზღვრე ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინცის მაცხოვრებლები ინტერესით უყურებდნენ და ვიდეობს უღებდნენ ქალაქის თავზე მფრენ Ми-8 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენს, როდესაც მას მოულოდნელად წინა მხრიდან რაკეტა მოხვდა, ცეცხლი გაუჩნდა, კუდის ნაწილი და ლოპოსტები მოწყდა და ძირს ცეცხლწაკიდებული ქვასავით დაეშვა...
მისი ჩამოვარდნის ადგილას, შვეულმფრენის ფრაგმენტებზე კარგად მოჩანდა წითელი ვარსკვლავი, რაც რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების კუთვნილებაზე მიუთითებდა, ხოლო ლოპოსტებზე აღმოჩენილი დაზიანებები ეჭვს აღარ სტოვებდა, რომ ისინი რაკეტის აფეთქებამ მიაყენა...
ჯერ კიდევ სრულად არ იყო გავრცელებული ინფორმაცია კლინცის თავზე (რომელიც უკრაინის საზღვრიდან 45 კმ-ში მდებარეობს) რუსული შვეულმფრენის ჩამოგდებაზე, როდესაც იმავე ბრიანსკის ოლქის ისტროვკას დასახლებულ პუნქტთან (რომელიც უკრაინის საზღვრიდან 20 კმ-ითაა დაშორებული) უკვე ორძრავიანი საფრონტო ბომბდამშენი Су-34 ჩამოვარდა, რისი ამსახველი ვიდეოკადრებიც ადგილობრივმა მოსახლეობამ გადაიღო და ინტერნეტსივრცეში მაშინვე გაავრცელა.
სანამ ამ ორი რუსული საფრენი აპარატის ჩამოგდების ვიდეობს ინტერნეტში უამრავი ნახვა ჰქონდა, გავრცელდა კიდევ უფრო სენსაციური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იმავე დროს კიდევ ორი რუსული საფრენი აპარატი ჩამოუგდიათ იმავე საჰაერო ზონაში - კიდევ ერთი შვეულმფრენი Ми-8 და სერიული წარმოების ყველაზე თანამედროვე რუსული გამანადგურებელი Су-35!
რა ხდება? დღეს, 13 მაისს ამით დამთავრდება თუ გაგრძელდება რუსული თვითმფრინავ - შვეულმფრენების ცვენა?
პირველი შვეულმფრენის ჩამოგდებისთანავე რუსეთის სპეცსამსახურებმა ბრიანკის ოლქის ქალაქ კლინცის მიმდებარედ ანტიტერორისტული ოპერაცია წამოიწყეს, რადგან ჩათვალეს, რომ უკრაინელმა დივერსანტებმა გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის „სტინგერისა“ თუ „იგლას“ საშუალებით მოახერხეს ეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც დროის მოკლე მონაკვეთში ციდან პანტა-პუნტით დაიწყო ცვენა სხვა რუსულმა თვითმფრინავებმაც, გასაგები გახდა, რომ უკრაინელებმა ეშმაკური ჩასაფრება მოუწყვეს რუსულ საავიაციო ჯგუფს, რომელიც მუდმივად დაფრინავს უკრაინის ჩრდილოეთი საზღვრის გასწვრივ და იქიდან ბომბავს უკრაინის ტერიტორიას...
უკრაინელებმა ასეთი წარმატებას მიაღწიეს ან შორი მოქმედების „ჰაერი-ჰაერი“ კლასის მართვადი რაკეტების, მაგალითად AIM-120 AMRAAM-ის გამოყენებით ან საშუალო სიშორის „მიწა-ჰაერის“ საზენიტო რაკეტების გაშვებით, რაც უკრაინის ტერიტორიიდანვე განახორციელეს.
ეს უკრაინელი სამხედროებისთვის უდავოდ დიდი მიღწევაა, თუკი აქამდე რუსი პილოტები უფრთხოდნენ უკრაინელების მიერ კონტროლირებულ ცაში შეფრენას და შორიდან უშვებდნენ რაკეტებს და აგდებდნენ პლანირებად საავიაციო ბომბებს, ეხლა აღმოჩნდა, რომ მათ თვით რუსეთის ცაშივე აღარ შეუძლიათ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ!
ყველაფერ ამას კი წმინდა ფსიქოლოგიური მომენტიც ახლავს თან - ფართომასშტაბიან კონტრშეტევებზე გადასული უკრაინის არმიის შესაჩერებლად, მათ დასაბომბად რუსი პილოტები უკვე დიდი შიშის ქვეშ გაფრინდებიან და დიდი ალბათობით, ბომბებს ბევრად უფრო შორ მანძილზე დაუმიზნებლად ჩამოყრიან, რათა არ მოხვდნენ უკრაინელი მეზენიტეების მოქმედების ზონაში და შესაბამისად, არ იყვნენ ჩამოგდებულნი...
P.S. დამატებითი ინფორმაციის თანახმად რუსული საფრონტო ბომბდამშენი Су-34 ბრიანსკის ოლქის საჰაერო სივრციდან პლანირებადი საავიაციო ბომბებით აპირებდა უკრაინის ტერიტორიის დაბომბვას, მის საჰაერო მხარდაჭერას Су-35 ტიპის გამანადგურებელი ახდენდა, ხოლო ორი Ми-8МТПР-1 ტიპის შვეულმფრენი, მათზე დაყენებული Рычаг-АВ ტიპის აქტიური რადიელექტრონული გამოსხივების აპარატურით ცდილობდა რადიოჩახშობა მოეხდინა მოწინააღმდეგის „ჰაერი-ჰაერი“ და „მიწა-ჰაერი“ კლასის რადიოლოკაციური დამიზნების მქონე რაკეტებისთვის... შედეგი ცნობილია 4:0 უკრაინელების გაშვებული რაკეტების სასარგებლოდ...
ოთხივე ჩამოგდებული რუსული საფრენი აპარატის ეკიპაჟი დაიღუპა.