"ბუბა ჩემი არც მეგობარი იყო და არც - ძმა, ის იყო ტყუპისცალი"
პირველ წარმატებას ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მიაღწია. ეს უკავშირდება გრიბოედოვის თეატრის სპექტაკლს (შვარცი, „ჩვეულებრივი სასწაული"), სადაც მის ნამუშევარს მედალი ხვდა, რომელზეც ფიროსმანის ირემი იყო გამოსახული. ამ აღიარების შემდეგ მურაზ მურვანიძეს - მხატვარსა და სცენოგრაფს საქართველოში დიდად აღარ სწყალობდნენ... მერე იყო სპექტაკლები თბილისის, სანქტ-პეტერბურგის, პარიზის, მილანის, ნიუ-იორკის, ლონდონის და სხვა თეატრებში.
მსოფლიოში ცნობილი ხელოვანი უკვე წლებია, საქართველოში დაფუძნდა და არაერთი იდეის განხორციელებაზე ფიქრობს.
- სტუდენტობისას მიღებულმა მედალმა თავდაჯერება შეგმატათ?
- არა, შემაშინა... ძალიან კარგად ვიცოდი ჩვენი გარემოცვა - ეს არის გამძაფრებული შური, უარყოფა, ყველა გზის გადაკეტვა. რადგან არასდროს მქონია ვინმეს ზურგი, მარტო ვიყავი და დღემდე ასეა, ვიგრძენი, რომ ამით დამთავრდებოდა ჩემი კარიერა. პრინციპში, ასეც მოხდა.
- სამხატვრო აკადემიიდან ბევრ სტუდენტს რიცხავდნენ, თქვენც ხომ არ იყავით მათ რიგში?
- აკადემიაში ჩავაბარე, როცა რექტორი ჯერ სერგო ქობულაძე, მერე - აპოლონ ქუთათელაძე იყო. ორივე ჩემზე გადაყოლილი გახლდათ. აპოლონს ძალიან ვუყვარდი და როცა ჩემი გარიცხვის საკითხი დადგა, ეს არ გააკეთა. სხვათა შორის, პირველად კონიაკი მან დამალევინა ორასგრამიანი ჭიქით. "ნათლობა" მოხდა ხოსტაში, სადაც აპოლონი კულტურის მუშაკების დასასვენებელ სახლში ცხოვრობდა, მე კი იქ ვისვენებდი ბიჭებთან ერთად. დამინახა და დამიძახა, მოდიო. ვიდექით და ვსაუბრობდით, მერე შესანიშნავი კონიაკი გამოიტანა და დამისხა. ჩემი ყველა პედაგოგი გადასარევი პიროვნება იყო.
- განსხვავებული და ყველას მიერ აღიარებულია თქვენი ნამუშევარი დადგმაში „პორგი და ბესი“. რითი იყო სპექტაკლი გამორჩეული?
- მისი დეკორაცია ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო დეკორაციად, რადგან ამ წარმოდგენის მთელი შინაარსი იტვირთა. მოგეხსენებათ, „პორგი და ბესი“ ოპერაა, რომლის გმირი პორგი - ხეიბარი კაცი ეტლით დადის და მღერის. აქ კი შესანიშნავ მოცეკვავეს, მიხეილ ლავროვსკის ცეკვით უნდა გამოეხატა სიყვარული ბესის მიმართ და დეკორაციამ შეძლო ის, რომ როცა ხეიბარი ფეხზე წამოდგა, მაყურებელმა ეს მიიღო. შემდეგ ბალეტმaისტერი გათამამდა, მოსკოვში ერთ უდიდეს დარბაზში სპექტაკლის წარდგენის წინ განაცხადა, დეკორაცია არ მინდა, ისედაც გავიმარჯვებო, მაგრამ როდესაც გმირი ფეხზე წამოდგა, მაყურებელმა დაუსტვინა... აი, ასეთი ისტორია აქვს ამ სპექტაკლს.
- ვინ მიგიწვიათ სანქტ-პეტერბურგის მარიას თეატრში (შეცდომით "მარინის თეატრად" იხსენიებენ. - რედ.) სამუშაოდ?
- თბილისში ლავროვსკისთან „რომეო და ჯულიეტაზე“ ვიმუშავე და გავაკეთე მართლაც საოცარი ფარდა, რომელიც სპექტაკლის პროგრამის ყდაზე დაიბეჭდა. იმ პერიოდში მარიას თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი ოლეგ ვინოგრადოვი თეატრიდან გაუშვეს. უნდა დაენიშნათ იგორ ჩერნიშოვი, რომლის ნიჭიერებაზეც ყველა საუბრობდა. მას დაავალეს ალექსი მაჭავარიანის ბალეტის - „ვეფხისტყაოსნის“ დადგმა. ამით იწყებდა მარიას თეატრში მოღვაწეობას. მანამდე თბილისში ჩატარდა საბალეტო პედაგოგებისა და ბალეტმaისტერების ფორუმი, ესწრებოდნენ მთელი წარმომადგენლები საბჭოთა კავშირიდან და მათ შორის იყვნენ ჩერნიშოვის პედაგოგები, რომლებმაც „რომეო და ჯულიეტას“ პროგრამა სანქტ-პეტერბურგში წაიღეს.
იგორს ყდაზე გამოსახული ფარდა ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა, - „ვეფხისტყაოსანზე“ თუ არა ქართველი, სხვა ვინ უნდა ავიყვანოო? - და დამირეკა. მერე ჩამობრძანდა თბილისში, დავხვდი, ვაჩვენე ქალაქი, ვისაუბრეთ და შევთანხდით, რომ მუშაობას დავიწყებდით. შემდეგ რა მოხდა? ჩერნიშოვს თეატრში კონფლიქტი მოუვიდა, ცოტა მსმელი კაცი იყო, არც სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნეს და დადგმიდანაც მოხსნეს. ამით ისარგებლა ოლეგ ვინოგრადოვმა, ჩამოვიდა თბილისში, შეხვდა მაჭავარიანს და მისგან აიღო ნებართვა. თეატრმა უარი ვეღარ თქვა. იური ტემირკანოვმა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა მითხრა: მე ოლეგი თეატრიდან გავაგდე და შენ ისევ დააბრუნეო... სპექტაკლს დიდი გამარჯვება ჰქონდა იმიტომ, რომ მარიას თეატრის ისტორიაში ერთ-ერთ ულამაზეს წარმოდგენად ითვლება.
- თეატრის კოლექტივიდან ვისთან მეგობრობდით?
- ტემირკანოვთან საოცარი მეგობრობა მქონდა. მსმელი კაცი იყო, უარს არც მე ვამბობდი, პირიქით, ინიციატორიც კი ვიყავი ხშირად. უმეტესად ასე ხდებოდა - სახელოსნოში ვმუშაობ, იური მირეკავს: რატომ მიმატოვე? დღეს ჩემთან არ შემოსულხარ, მოდი, საქმე მაქვსო. ულამაზესი კაბინეტი ჰქონდა, გობელენებით მორთული. შევიდოდი თუ არა, მაფრთხილებდა: ქვევით დაიხედე, ფეხი არ დაადგაო. იქვე იდგა ორი შევსებული ჭიქა, დავსხდებოდით ხალიჩაზე, დაკეტავდა კარს და აბა, მივუჭახუნებდით ჭიქებს. ახლა, ჩვენ წავედით სამუშაოდო... ამ ფრაზით ვიწყებდით ქეიფს.
ერთხელ თავის დაბადების დღეს, ორკესტრის წევრებისა და ვარსკვლავი მუსიკოსების წინაშე გამოაცხადა: ასეთი მეგობარი არასოდეს მყოლიაო. მათ შემიჯავრეს... ცუდი სამსახური გამიწია. ორნახევარი წლის მანძილზე, სასტუმრო „ასტორიის“ ერთსა და იმავე ნომერში ვცხოვრობდი, რომლის გვერდით საბანკეტო დარბაზი იყო, სადაც ტემირკანოვმა ერთ-ერთი დაბადების დღე გადაიხადა და მაშინ თბილისიდან გოჭი ჩავუტანე. იურიმ აღნიშნა: ჩემთვის გოჭის მორთმევა მხოლოდ მურაზს შეეძლოო (მუსლიმანი იყო)... დაიწყეს სიცილი. მე ვთქვი: ვინ ჯვრით და ვინ გოჭით ეწევა მისიონერობას-მეთქი. იყო ერთი ამბავი და ხარხარი.
- მსტისლავ როსტროპოვიჩი გაიხსენეთ - თქვენი განსაკუთრებული მეგობარი.
- მსგავსი მეგობარი არ მყოლია. ჩემთვის თავდადებული და მოსიყვარულე ბევრი მყავდა, მაგრამ ასეთი საინტერესო და თანაც ბუმბერაზების ბუმბერაზი, სხვა არ ვიცი. "გადაბმული" მეგობრები ვიყავით და საოცარი, რაღაც გიჟური ურთიერთობა გვქონდა. არ მახსოვს, სად გავიცანი, მაგრამ იცით, ჩვენი მეგობრობა არც დამთავრებულა... ერთხელ ფრანკფურტის ცენტრში ვართ, რესტორანში შევედით და თითო ბოთლი არაყი დავლიეთ. როცა გამოვედით, ვხედავთ, იქვე გაჩერებასთან დგას ფერადკანიანი ქალი უშველებელი უკანალით, მართლა სამკაციანი სუფრა გაიშლებოდა... როსტროპოვიჩმა მითხრა: წადი, უჩქმიტე და ასდოლარიანს მოგცემო. მე ვუთხარი: შენ წადი და ორას დოლარს მოგცემ-მეთქი. უჩქმიტა. ქალმა წივილ-კივილი ატეხა და ორივე დაგვიჭირეს. მსტისლავის ერთი ზარი საკმარისი იყო, ბურგომისტრი თავად მოვიდა განყოფილებაში, წამოგვიყვანა და ეს ამბავი პურმარილით დამთავრდა. ასეთი სახალისო ხულიგნობები იცოდა და ბევრი კურიოზი გადაგვხდენია.
როსტროპოვიჩის 90 წლის აღსანიშნავად (უკვე გარდაცვლილი იყო) დავიწყე გამოფენის მომზადება. გულის ოპერაცია ახალი გაკეთებული მქონდა, თან თარიღამდე ორი თვე იყო დარჩენილი. შევძელი და ყველა ჩვენს ერთობლივ ნამუშევარს მოვუყარე თავი, განვაახლე, ჩარჩოებში ჩავსვი. ბრინჯაოს ქანდაკებაც მივუძღვენი - „გენიოსის დაბადება“. გამოფენა ჯანსუღ კახიძის ცენტრში გაიმართა. საქართველოში საერთოდ არ მქონია არც ერთი გამოფენა და არც ვაპირებ, მაგრამ ეს მისი ხსოვნისთვის გავაკეთე. ტელევიზიები სამი საათის დაგვიანებით მოვიდნენ, როცა გამოფენაზე ხალხი აღარ იყო. მიზეზი აღმოჩნდა იმ დღეს მომხდარი მკვლელობა, რომელიც პირველ რიგში უნდა გაეშუქებინათ... სად როსტროპოვიჩის დაბადების დღე, მისი გამორჩეული სიყვარული საქართველოს მიმართ და სად - მკვლელობა?!. აი, ეს არის ჩვენი დონე.
- არტისტული გარეგნობა გაქვთ და კინომ ვერ აგიარათ გვერდი. ქართული ფილმების („მოცურავე“, „სპირალი“) გარდა, კიდევ სად ხართ გადაღებული?
- სანქტ-პეტერბურგში გადაიღეს ფილმი ბარბიუსის ნაწარმოების („სინაზე“ ჰქვია) მიხედვით, სადაც ვლადიმირ სპივაკოვის მეუღლე და მე შეყვარებულებს ვთამაშობთ. გალინა ვიშნევსკაიამ დამირეკა და მეკითხება: ხომ ხარ ჩემი მეგობარიო? - ეჭვი გეპარება-მეთქი?.. ძალიან ვმეგობრობდით. - მაშინ, ხვალ პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეში მოდი, ფრანგები ჩემზე ფილმს იღებენ და შენზე კარგი მეფისტოფელი ვერ ვიპოვეო. ვუპასუხე: ბუნებით უფრო ფაუსტი ვარ, მაგრამ რას არ იზამ მეგობრის გამო-მეთქი?! ერთი ეპიზოდი გადავიღეთ, ბოლო სცენაა - მარგარიტასა და მეფისტოფელის დუეტი. მერე სასაცილო რაღაც მოხდა. მანამდე ნიუ-იორკში, გენიალური მევიოლინის, აიზეკ სტერნის იუბილეზე როსტროპოვიჩმა სიურპრიზი მოაწყო - სცენაზე გამოვიდა პაჩკით, თავზე დიადემით და დაუკრა ვიოლონჩელოზე. ეს ცნობილი ფაქტია. სტერნი გაბრაზდა როსტროპოვიჩზე, პრესა მხოლოდ მასზე წერდა, სტერნი დაავიწყდათ. კონცერტი გრეგორი პეკს მიჰყავდა. ამ კონცერტიდან ნაწყვეტი შეაერთეს გალინას ფილმის ეპიზოდებთან და გამოვიდა ისე, რომ ერთ ფილმში ვართ: გრეგორი, გალინა, სტერნი და მე. ჩემებს ვეუბნები: თქვენ რა მსახიობები ხართ, აი, მე გრეგორი პეკთან „ვითამაშე“-მეთქი!
- მსახიობობაზე არ გიფიქრიათ?
- არასდროს. ჩემში ყველა გმირს ხედავს (გარეგნობაში), მე კიდევ, იუმორისტი ვარ. აი, ასეთი როლი რომ მოეცათ... უბრალოდ, დედაჩემი იყო ნიჭიერი და ბუნებით არტისტი, მაგრამ თეატრალურში არ ჩააბარებინეს და სულ ამას დარდობდა, კონსერვატორია დაამთავრა. კარგი იმიტატორი იყო, რაღაცა მეც გამომყვა. დედაჩემს ყველაზე მეტად ნატო ჰგავს - გარეგნობით, ხელის მოძრაობებით, მანერებით. კი, ნატოს ჰყავდა მედეა ჩახავა, კოტე მახარაძე... მაგრამ - არა, დედაჩემის განსახიერებაა! ნატო ისეთი მსახიობია, როგორიც ალბათ დედაჩემი იქნებოდა, მსახიობი რომ გამოსულიყო.
- მაისში დაბადების დღე გაქვთ, რა განწყობით ხვდებით?
- დაბადების დღე და ახალი წელი არ მიყვარს... რომელი დღესასწაული მიყვარს?.. ადრე გაზაფხულის შემოსვლას ვგრძნობდი, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი, მაგრამ სადღაა, დაიკარგა. მიყვარს ყველაფერი, როდესაც ჩემი მეგობრები გარშემო მყავს, ახლა აღარც ისინი არიან - დავკარგე ბუბა და სიომა ბარქაია... ბუბას ადგილზე ვზივარ, სულ აქ იჯდა. სიომა თავისი იუმორით, სასწაული პიროვნება იყო. დღე არ გავიდოდა მისი ზარის გარეშე, ბუბა კიდევ... ჩემი არც მეგობარი იყო და არც ძმა, ის იყო ტყუპისცალი. ჩვენ ყოველთვის და ყველგან ვისხედით მხოლოდ გვერდიგვერდ. ერთ ლოგინში გვეძინა, როცა სადმე წავსულვართ - ვთქვათ, ბათუმში. ბავშვობიდან ერთმანეთი ძალიან მოგვწონდა. მერე მე წავედი საზღვარგარეთ, ისიც სულ გასტროლებზე დადიოდა. ეტყობა, იმდენად გვინდოდა ურთიერთობა და ისე მოწყურებულები ვიყავით, რომ როცა საბოლოოდ ჩვენს ქალაქში დავფუძნდით, დღე არ გასულა, რომ ერთმანეთი არ გვენახა.
- გამოფენებზე თუ დადიხართ და მხატვრებს შენიშვნებს თუ აძლევთ ხოლმე?
- მხატვრებს ძალიან ახარებთ ჩემი მისვლა ვერნისაჟზე, რადგან ყველას მიმართ კეთილგანწყობილი ვარ. დავუშვათ, რომ ვიღაცა ყველაზე უნიჭო მხატვარია, ისიც თავის მეობას ამტკიცებს, ამიტომ ჩემთვის საინტერესოა და მიხარია ნებისმიერი მხატვრის შემოქმედება. მე ყველაფერი მომწონს, ვაკრიტიკებ მხოლოდ ჩემს თავს. ჩვენთან, მარტო გამოფენის გახსნის დღეს მოდის ხალხი, მეორე დღეს აღარავინაა. არ მიყვარს ვერნისაჟზე მისვლა იმიტომ, რომ ხშირად მიწევს თქმა: გამატარეთ, მინდა, ნამუშევართან მივიდე, ამის სანახავად მოვედი-მეთქი. გაკვირვებით მპასუხობენ, - მობრძანდით, ბატონოო. აქ კაციშვილი არაფერს ამბობს გამოფენაზე, არ აანალიზებს ნამუშევარს - დგანან ზურგით ტილოსკენ და ჭორაობენ. საზღვარგარეთ ასე არაა. ლონდონში ორი საკმაოდ დიდი გამოფენა მქონდა. "კოვენტ-გარდენის" ფოიე დამითმეს, რაც არასოდეს მომხდარა, დედოფალს ჩემი სპექტაკლი მოეწონა და იმიტომ, ბუმი იყო. ხოლო მეორე გამოფენა შედგა ბიზნესდიზაინცენტრის უშველებელ სივრცეში. მეორე სართულიდან ვადევნებდი თვალს დამთვალიერებელს და ერთ ნამუშევართან ორი ადამიანი ისე კამათობდა, ერთმანეთს კინაღამ დაარტყეს. აქ რომ გამოფენა მოვაწყო, მეტყვიან, - ამდენი წლისა ხარ და რა კარგად გამოიყურებიო!.. არ მინდა, თავი დავიმცირო.
- გაიხსენეთ თქვენი შემოქმედების მიმართ გამოთქმული აღფრთოვანებული სიტყვები.
- პირველი გამახსენდა სერგო ფარაჯანოვი. ნახა „პორგი და ბესი“, სპექტაკლის შემდეგ უცებ გამოქანდა ჩემკენ, ახტა, შუბლზე მაკოცა და მერე ხელზე მაკოცა ამ სიტყვებით: რა თავი და რა ხელი გქონიაო!
ნანული ზოტიკიშვილი
ჟურნალი "გზა"