"უფალი ბრძანებს: "და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა" - დღეს თამარობაა! - კვირის პალიტრა

"უფალი ბრძანებს: "და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა" - დღეს თამარობაა!

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ამ კვირაში ორი დიდი წმინდანის დღეს აღნიშნავს. 12 მაისს ქართველთა განმანათლებელს ანდრია პირველწოდებულს იხსენებს, ხოლო 14 მაისს - წმინდა მეფე თამარს. თამარობა საქართველოში ერთ-ერთი, ყველაზე გავრცელებული დღესასწაულია. ეს არც არის გასაკვირი, "ქართველობას ეხლაც თამარი ისე ცხადად უდგია თვალწინ და ისე ადიდებს მას, თითქოს იგი გუშინ ყოფილიყოს მისი მბრძანებელიო", - ამბობდა იაკობ გოგებაშვილი. მართლაც, საქართველოს ყოველ კუთხე-კუნჭულში ლამის ყოველ ციხე-კოშკს, ტაძარსა თუ ხიდს წმინდა თამარ მეფის აშენებულს ეძახიან. მრავალი ლეგენდა თუ გადმოცემაა შემორჩენილი ერის მეხსიერებაში "ქართველთა ლამაზ დედაზე". გვფარავდეს ჩვენი წმინდანების მადლი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თამარ მეფის შესახებ

"თამარ მეფე ბრძანდება რჩეული რჩეულთა შორის! ფსალმუნებში ვკითხულობთ, უფალი ბრძანებს: "და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა". სწორედ ასეთი ამაღლებული ერისაგან ჩვენისა ბრძანდებოდა და ბრძანდება წმინდა თამარ მეფე.

უნდა ითქვას, რომ ბედი ჩვენი ქვეყნისა და საერთოდ, ნებისმიერი ქვეყნისა ბევრად დამოკიდებულია პიროვნებაზე, ისეთ ადამიანზე, რომელიც დგას ქვეყნის სათავეში. ყოველი სიკეთით შემკობილი ბრძანდებოდა თამარ მეფე. ივანე ჯავახიშვილი ამბობს: "სამი რამ უარყოფითად მოქმედებს ადამიანზე: მაღალი თანამდებობა, სიმდიდრე და სილამაზე". ეს სამივე გააჩნდა თამარ მეფეს და ის მაინც წმინდანი დარჩა".

* * *

"როცა თამარი 12 წლისა გახდა, მისმა მამამ, მეფე გიორგიმ გადაწყვიტა იგი მეფედ ეკურთხებინა. 12 წლის ქალწულს თავზე სამეფო გვირგვინი დაადგეს და ერთგულების ფიცი მას პირველმა მისმა მამამ, მეფე გიორგიმ შეჰფიცა და მერე უკვე დიდებულებმაც. 5 წლის მანძილზე მეფე გიორგი და თამარი ერთობლივად მართავდნენ საქართველოს.

საოცარია მისი ცხოვრება, მისი შინაგანი განცდები, მისი სარწმუნოება. "ერთხელ თამარ მეფემ ნახა ჩვენება: იყო ორი ტახტი - ერთი ბრწყინვალე, და მეორე მომცრო, უფრო უბრალო. თამარ მეფე გაემართა ბრწყინვალე ტახტისაკენ, მაგრამ ხმამ შეაჩერა - ეს ტახტი შენ არ გეკუთვნისო. და ვის ეკუთვნის? - გაიკვირვა მეფემ. ხმამ მიუგო: ეს ტახტი შენს მსახურს ეკუთვნისო. რით დაიმსახურაო? დაიმსახურა იმით, რომ თავისი ხელით შეკერა 12 სამღვდელო შესამოსელი, სამღვდელოებას დაურიგა და 132 ეკლესიაში აღესრულება წირვა მისი შესამოსლით. მეორე დღეს თამარ მეფემ დაუძახა თავის მსახურს, მოატანინა ქსოვილი და თავისი ხელით შეკერა 12 შესამოსელი სამღვდელოებისთვის. აი, ასეთი იყო მისი რწმენა, საოცარი სასოება ჰქონდა ღვთისა. ეს იმედი მუდამ ამართლებდა, მუდამ გამარჯვებული იყო თამარი. რა თქმა უნდა, დიდი წინააღმდეგობაც ჰქონდა, მაგრამ ისევ ღვთის ძალით და ღვთის დახმარებით სძლევდა ხოლმე მას".

* * *

"მინდა შეგახსენოთ ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთი ლექსი, რომელსაც ეწოდება "ჩვენება"... ის ამბობს "კვალად ვიხილე". კვალად, ე.ი. მას ეს ჩვენება არაერთხელ ჰქონდა. იხილა წმიდათა დასი და შუაში, როგორც დილის ცისკარი, როგორც დილის ნათება - ბრძანდებოდა მეფე თამარი. ვაჟა-ფშაველა ამბობს, რომ წმინდანთა შორის მრავალი ვიცანიო და ისინი ყველანი ერთხმად ამბობდნენ: აღდგება საქართველოო! და ხელში ეჭირათ ოქროს ფიცრები და იმ ფიცარზეც ეწერა: აღდგება საქართველო!

ღმერთმა ინებოს, რომ აღდგეს საქართველო, გაძლიერდეს და გამთლიანდეს! წმინდა მეფე თამარის ლოცვით ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ!"

თამარის ცრემლებით დასველებული ჯვარი

"1945 წლის აპრილი იყო, - ჰყვება ბატონი სერგი ჭილაია, - საქართველოს დაუბრუნდა 1921 წელს პარიზში გაზიდული ისტორიული განძი. მისი მცველი და გადამრჩენელი, დიდი ეროვნული მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში თბილისის აეროპორტიდან შემოზიდული ყუთების მიხედვით აღწერილ განძს აბარებდა საქართველოს მთავრობის კომისიას, რომელსაც აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია მეთაურობდა. მე ბედმა მარგუნა, ვყოფილიყავი ამ კომისიის წევრი, ამ მღელვარე დღეების მოწმე და მონაწილე. 57 სხდომა ჩატარდა და 5 თვე გრძელდებოდა ეს ისტორიული აქტი. მიღება-ჩაბარებისას მოხდა უცნაური რამ: ერთ-ერთ ყუთში, რომელშიც თამარის ყელის ჯვარი უნდა ყოფილიყო, ყუთის გახსნისას ის არ აღმოჩნდა. მრავლისმეტყველი დუმილი ჩამოვარდა. ანერვიულდა ბატონი ექვთიმე, ბატონი სიმონი ჩვეული სიდინჯით ამშვიდებდა მას. ნერვიულობა მაინც ყველას გადაედო. სწორედ ამ დროს იროდიონ სონღულაშვილმა მორიგი ყუთის გახსნისას "აღმოაჩინა" და სასოებით გადასცა ბატონ ექვთიმეს "თამარის ცრემლებით დასველებული ჯვარი დიდებული". მის თვალებში ცრემლები შევნიშნეთ. სიხარულით გულანთებულმა ბრძანა: მე ეს ჯვარი პირველად ხელში ავიღე და აღვწერე კიდეც 1914 წელს გამოცემულ ჩემს წიგნში "არქეოლოგიური მოგზაურობანი საქართველოში", - აქ შეჩერდა, ჯვარი ბატონ სიმონს გადასცა და დაუმატა: - თქვენ კარგად მოგეხსენებათ, მე ამ ნივთებთან ბედმა დამაკავშირა, ჩემმა პროფესიამ. მე მათთან ერთად გამოვიარე ჩემი ცხოვრების ტანჯვითა და ხიფათით სავსე გზა ბათუმიდან პარიზამდე და უკან - პარიზიდან თბილისამდე. ყოველ ამ ნივთში ჩემი სულის ნაწილია ჩადებული"...

არქიმანდრიტი მიქაელი იგონებს: "ჯერ კიდევ ერისკაცი ვიყავი (მონასტერში ამის შემდეგ მალევე წავედი), სიონის საკათედრო ტაძარში ერთ-ერთი მღვდელმთავარი აღავლენდა წმინდა თამარ მეფის პარაკლისს. ამ დროს შემობრძანდა მამა გაბრიელი, აშკარად ვიგრძენი რაღაც დიდი მადლი შემოვიდა ტაძარში. იგი მღვდელმთავრის გვერდით დადგა. ლოცვა მიმდინარეობდა, ბერმა ტაძარში მყოფთ თვალი მოავლო, ეტყობა, წმინდანის მიმართ მოწიწება ვერ დაინახა. ავიდა ამბიონზე და მრევლს შესძახა: - დაიჩოქეთ, როგორ დგეხართ ამხელა წმინდანის წინაშე, სავედრებელი პარაკლისის დროს. მრევლმა მაშინვე დაიჩოქა, თვითონაც მუხლებზე დაეცა, ტირილითა და გოდებით დაიწყო მოთქმა: "გიშრისფერი გაშლილი თმებით, ფეხშიშველა მიუძღოდა ჯარს წინ, მარხულობდა, დღედაღამ ლოცულობდა, რომ გაემარჯვა მტერზე".

თითოეულმა ჩვენგანმა შევიგრძენით, რამხელა მოწიწებით უნდა გველოცა წმინდა თამარ მეფეზე. "თქვე წუწურაქებო, მუხლის მოდრეკაც არ გინდათ?!" - შემოგვძახა. მამა გაბრიელი კიდევ დიდხანს გოდებდა, შემდეგ წამოდგა, აღასრულა დიდი მეტანია და ემთხვია ხატს. მრევლმა საოცარ სიჩუმეში განსაკუთრებული მოწიწებით გაიმეორა იგივე. ასე აღსრულდა სიონის ტაძარში პარაკლისი და ზეთისცხება".

ვაჟა-ფშაველა

ჩვენება

კვალად დამიდგნენ თვალწინა

წარსულთა დროთა გმირები.

ტანზე აესხათ აბჯარი

და უღიმოდათ პირები.

"ნუ სტირი, ნუო!" - მეძახდნენ,

რა მნახეს ანატირები:

"სრულდება, მალე იქნება

ღვთისაგან დანაპირები!"

შუაზე თამარი ედგათ,

ბრწყინვალე, როგორც ცისკარი.

გარს ერტყნენ ღვაწლით მოსილნი...

ბევრი მათგანი ვიცანი.

ყველასა ჰქონდა გულზედა

მოწამეობის ნიშანი.

"აღსდგება საქართველოვო!"“

გმირთა სათქმელი ის არი.

ამ წარწერითვე ყველასა

ხელთ ეპყრა ოქროს ფიცარი.

ენა დამება, დავმუნჯდი,

ცხარე ცრემლი მდის, მჩქეფარე;

გულზე შიშ-კრძალვის მედება

ცეცხლი, მით ცქერით მგზნებარე...

"აღსდგება საქართველოვო!"

სთქვეს დინჯად, მწყობრად მიდიან;

მინდა ვეუბნო, ჩქარობენ,

თუ ღირსად არა მხდიდიან.

რად მემდურვიან, ნეტავი,

ჩემი რა ავი იციან?

თავს ვინუგეშებ ამ ფიქრით:

ნება არა აქვთ ღვთისგანა,

ალბათ იმიტომ აჩქარდნენ,

არ მესაუბრნენ დიდხანა.

ღმერთს შეგვავედრეთ! - მივძახდი, -

დაჩაგრულნი ვართ მტრისგანა!

უმწეო-უპატრონონი

შველას მოველით მისგანა!..“

როს ქვეყნად წყდება წამალი,

არაფერია ცისთანა!

გვიშველოს თავის შვილებსა!“

გახელებული ვყვიროდი.

გაჰქრა საამო ჩვენება

გამომეღვიძა... ვტიროდი.