"ბოლოს და ბოლოს, ვინ არის და რა უნდა ამ კაცს?" როგორც ხევსური, ბატონი ლევანისგან ვითხოვ სამეცნიერო არგუმენტაციას, ან საჯაროდ ბოდიშის მოხდას!"
"პირადად მე, როგორც ხევსური, ბატონი ლევანისგან ვითხოვ ან სამეცნიერო არგუმენტაციას, ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით, ან საჯაროდ ბოდიშის მოხდას!“ - ამბობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პოეტი - ლელა გაბური. იგი ლევან ბერძენიშვილის იმ სიტყვებზე გვიზიარებს თავის აღშფოთებას და მეცნიერულ კვლევებს, რომელმაც სრულიად სოციალური ქსელი მოიცვა...
იხილეთ ლევან ბერძენიშვილის ვიდეო:
"...აღშფოთებას ვერ ვმალავ იმ ფაქტის გამო, რაც მიმდინარე დღეებში ბატონმა ლევან ბერძნიშვილმა ახალგაზრდებთან საჯარო ლექციის დროს იკადრა. მან ბრძანა, თითქოს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში გავრცელებული - მოკლული მტრისთვის მკლავის მოკვეთის ტრადიცია -კანიბალიზმს უკავშირდებოდა. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ამ აზრს არანაირი, იოტისოდენა სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნია და წარმოადგენს ცილისწამებას, მტკნარ სიცრუეს. მეტიც, გაუგონარ თავხედობას!
სინამდვილეში სწორედ პირიქითაა.
მე ათეული წლების განმავლობაში ვიკვლევდი ხევსურთა ისტორიის შესახებ არსებულ ზეპირგადმოცემებს რელიგიური, მსოფლმხედველობრივი ასპექტების ჭრილში. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ადამიანები გარკვეული სარწმუნოებრივი ფუნდამენტის, უფრო სწორედ, ცრურწმენებისა და ფანატიკური მსოფლმხედველობრივი პარადიგმების გარეშე, ერთ მშვენიერ დღეს არ ადგებიან და არ იწყებენ ადამიანის ხორცის ჭამას (იმ მიზეზით, რომ ის თურმე გემრიელია!).
არა, მეგობრებო, ასე არ ხდება!
ამის გასაღები ყოველთვის არაჯანსაღ რელიგიურ წარმოდგენებშია!
მინდა გითხრათ, არ დამიტოვებია არცერთი სამეცნიერო წყარო, არცერთი აბზაციც კი, არსად, თუკი რაიმე არსებობს ხევსურთა რწმენა-წარმოდგენების შესახებ: დაწყებული მხატვრული და საისტორიო ტექსტებით, დამთავრებული - ზეპირსიტყვიერი მემკვიდრეობის ანალიზით და მისი "ქართლის ცხოვრებასთან“ შეჯერებით.
ამ შრომამ აჩვენა შემდეგი: ხევსურები და მათი ღვთისშვილები ყველაზე შეურიგებელ, უკომპრომისო ბრძოლას სწორედ იმ ,,ქაჯური ცხოვრების წესის მქონე“ გადამთიელთა ტომებს უმართავდნენ, რომლებსაც ყოველგვარი არაადამიანური წესი ჰქონდათ (მათ შორის, უპირველესად, კერპებისათვის ადამიანთა მსხვერპლად შეწირვა, ადამიანის ხორცის ჭამა და სიძვა). აქვე გეტყვით, იმ ტომებს, რომლებიც კერპებს ადამიანს სწირავდნენ მსხვერპლად, როგორც წესი, კანიბალიზმის ჩვეულებაც ჰქონდათ.
ხევსურთა ერთ-ერთი მთავარი ღვთაება "გიორგი ნაღვარმშვენიერი" სამძიმარს (რომელიც მოგვიანებით, ხევსურეთში მოყვანის შემდგომ, თვითონაც ქალ-ღვთაება ხდება ) უთანასწორო, თავგანწირული ბრძოლის შედეგად, სწორედ იმ დროს დაიხსნის სიკვდილისგან, როცა მას (რიტუალურად შემოსილს) ქაჯავეთები კერპისათვის დაკვლას უპირებენ. ამ საკითხზე მსჯელობა შორს წაგვიყვანს.
მოკლედ, რომ ვთქვათ, ხევსურთათვის ("ქართლის ცხოვრების" მიხედვით კი, არცერთი ქართველური ტომისათვის!!!) არასოდეს ყოფილა დამახასიათებელი კანიბალიზმი.
რასაც, უძველეს საუკუნეებში საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ უცხოტომელთა შორის მართლაც ჰქონდა ადგილი! იმდენად, რომ მეისტორიე პირდაპირ აღნიშნავს (ეს ხდება დაახლოებით ძვ.წ.აღ-ის III –II ათასწლეულებში): შედარებით მშვიდობამ დაისადგურა, რადგან მხოლოდ იმ ადამიანებსღა ჭამდნენ, რომლებსაც კერპებს სწირავდნენ, სხვა მხრივ, ადამიანების ჭამა აღარ შეინიშნებოდაო...)
წარმოიდგინეთ, ამას რომ ,,შეღავათად“ მიიჩნევს, რა მასშტაბი უნდა ჰქონოდა რეალურად კანიბალიზმს, ხომ?...
ეს ისტორიული ფაქტია, მეგობრებო, უძველეს ეპოქაში რეალურად ხდებოდა და ამას ვერცერთი მკვლევარი ვერ უარყოფს!
მაგრამ ვინ იყვნენ ეს ეთნიკური ჯგუფები სინამდვილეში - აი, ამის შეფასებაში ბატონმა ლევანმა გამოიჩინა უკიდურესი თავხედობა და ,,დააბერტყა“ ისეთი ,,აზრი“, რაც უბრალოდ ,,მოეპრიანა“ , მეტი არაფერი!!! რასაც არ აქვს არანაირი სამეცნიერო არგუმენტაცია, თანაც ეს გააკეთა ახალგაზრდა თაობის აუდიტორიის წინაშე, რაც, მე ვიტყოდი, დანაშაულია!!
მარჯვენა ხელის მოჭრის ტრადიცია, დაკავშირებული იყო მთიელთა უძველეს სარწმუნოებასთან, მზის თაყვანისცემასთან, რადგან ხელი ოდითგან ,,მზის სიმბოლოს“ წარმოადგენდა და არ ასოცირდებოდა კაციჭამიობასთან! თორემ, როგორც უკვე სოციალურ ქსელებში ხუმრობენ, ეს რომ ასე ყოფილიყო, სხვა, უფრო ნოყიერი ადგილების მოჭრაც შეიძლებოდა და, მაინცდამაინც, ხელზე და თანაც მარჯვენაზე - არ ჩაიციკლებოდნენ!
იმ ტომებს, რომლებსაც კანიბალიზმი ახასიათებდათ, რაც ხევსურთა რწმენასთან და ცხოვრების წესთან სრულიად შეუთავსებელი იყო, ხევსურებმა დაარქვეს ,,ქაჯები“ და სისხლის ბოლო წვეთამდე ებრძოდნენ, ვიდრე არ გაანადგურეს და არ განდევნეს საკუთარი მიწა-წყლიდან!
იმასაც აქვე გეტყვით, ხევსურთა მთაში გახიზვნის და ასეთ მკაცრ გარემოში დასახლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისტორიულად ისიც იყო, რომ ბარში მომძლავრებული მსგავსი განსაცდელების ჟამს ცდილობდნენ გადაერჩინათ საკუთარი რწმენა და იდენტობა და გარიდებოდნენ მომძლავრებულ ,,ქაჯურ ცხოვრების წესს“...
მე, პირადად, როგორც ხევსური, ბატონი ლევანისგან ვითხოვ ან სამეცნიერო არგუმენტაციას, ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით, ან საჯაროდ ბოდიშის მოხდას!
ძალიან ხშირად ვუსმენდი მის საჯარო ლექციებს. სხვათა შორის, ხშირად, დრო რომ არ მქონდა - სამზარეულოში საქმიანობისას, ტრანსპორტით მგზავრობისასაც კი - ვიკეთებდი ყურსასმენს და მსოფლიო კლასიკოსთა შესახებ მისი არცერთი ლექცია არ გამომიტოვებია! ბატონი ლევან ბერძენიშვილი არსად, არასდროს იქცევა ასე - არც, მაგალითად, ფრანც კაფკას, არც გოეთეს, არც რემარკის...
არცერთი მსოფლიო კლასიკოსის ანალიზისას!!!
ყველგან ობიექტური და თანმიმდევრულია!
რატომღაც მხოლოდ ქართველები ამოგვიჩემა და პირდაპირი შეტევები აქვს ყველაფერზე, რაც ჩვენს ეროვნულ იდენტობას უკავშირდება!
ხმა არ ამოვიღე, როცა პატარა კახის გადაწყვეტილებაზე საუბრობდა, ბოლოს და ბოლოს, მცირედი ლეგიტიმურობა მაინც ჰქონდა მის განსხვავებულ პოლიტიკურ მოსაზრებას! ვიფიქრე: ,,კაცია და გუნება! ეგრე ფიქრობს, რა მოხდა!“ თუმცა, აქაც, ის, ვინც ერეკლე მეფისდროინდელი საქართველოს რეალური სურათი იცის, ძნელად თუ დაეჭვდება მიღებული გადაწყვეტილების მართებულობაში!
შემდეგ ვაჟა-ფშაველას მექალთანეობა განიხილა, იმგვარი აზარტით, თითქოს კოლუმბი იყო და ამერიკა აღმოეჩინოს! მაშინაც ვიფიქრე: "კარგი, ესეც ჯანდაბას! იყო, იყო, მერე, რა! ამით ვაჟას შემოქმედება და მასშტაბი არ კნინდება!“
მაგრამ როდესაც აშკარა ტყუილი იკადრა (ის, რაც მართლა ვიცი, როგორც, ორჯერ-ორი!!), მეც გამიჩნდა კითხვა, რომელსაც საქართველოში უკვე ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი სვამს: ,,ბოლოს და ბოლოს, ვინ არის და რა უნდა ამ კაცს?“
,,კვირის პალიტრა" ლევან ბერძენიშვილსაც დაუკავშირდა.
- ბატონო ლევან, ძალიან აღშფოთებული არიან ხევსურები თქვენი გამოსვლით...
- მაპატიეთ, მაგრამ წერა-კითხვა ვინც იცის, გაერკვევა და უწიგნურ ხალხთან საერთო არაფერი მაქვს... თუ ლექციას თავიდან ბოლომდე მოუსმენენ, გაერკვევიან... ჯერ ერთი, ეგ ამბავი ჩემთან კი არა, შეკითხვა არის ვაჟა ფშაველასთან. სიზმარი ალუდა ქეთელაურმა ნახა, მე არ მინახავს კაციჭამიობაზე სიზმარი... ამ ყველაფერს წიგნის წაკითხვა უნდა, მე ვერ გავცემ მაგათ სერიოზულ პასუხს.
(სპეციალურად საიტისთვის)