უკრაინელები ბახმუტს ფლანგებიდან უვლიან "ვაგნერელების" ალყაში მოსაქცევად...
მიუხედავად იმისა, რომ 9-თვიანი შეტევების შედეგად რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ასე თუ ისე მოახერხეს ბახმუტის უდიდესი ნაწილის დაპყრობა, "ვაგნერის" ხელმძღვანელმა პრიგოჟინმა მაინც ვერ შეძლო 9 მაისისთვის რუსეთის პრეზიდენტისთვის ჩაებარებინა ამ განადგურებული უკრაინული ქალაქის გასაღები...
პირიქით, სწორედ 9 მაისის შემდეგ გადავიდნენ შეტევაზე უკრაინელი სამხედროები და მოახერხეს დაპყრობილი ბახმუტის მცირე ნაწილის განთავისუფლება.
ბახმუტთან დეოკუპირებული 3კმ-იანი მონაკვეთი, გასაგებია, რომ ზღვაში წვეთიც არ არის, მაგრამ აქ მნიშვნელობა ენიჭება, თუ სად მდებარეობს უკან დაბრუნებული პოზიციები...
უკრაინის გენშტაბმა პრინციპში სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ბახმუტის გასათავისუფლებლად პირდაპირი კონტრიერიში არ დაიწყო ქალაქის დანგრეულ ქუჩებში, არამედ, ჩრდილოეთისა და სამხრეთის ფლანგებიდან შეუტია, რითაც, ჯერ ერთი, დებლოკირება გაუკეთა ბახმუტი-ჩასოვ იარის გზას (რომელიც ბახმუტის დამცველების ერთ-ერთ მთავარ ლოგისტიკურ კომუნიკაციას წარმოადგენს) და მეორეც, ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში ის სიმაღლეები დაიკავა, საიდანაც უფრო მოსახერხებელია ვიზუალური დაზვერვის წარმოება და და სამიზნეების დაზიანება ბრძოლის ველად ქცეულ ბახმუტში.
სხვათა შორის, „ვაგნერის“ ხელმძღვანელი პრიგოჟინი ჯერ კიდევ ერთი კვირით ადრე სახალხოდ აფრთხილებდა რუსეთის თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის უფროსს, რომ უკრაინელები საფლანგო შეტევებს განახორციელებდნენ ბახმუტის შემოსავლელად და ქალაქში მებრძოლი „ვაგნერელების“ ალყაში მოსაქცევად...
სრული ალყა ბახმუტში პრიგოჟინის „ვაგნერელებს“ ჯერ კი არ ემუქრებათ, მაგრამ ისიც უდავოა, რომ უკრაინელების გენშტაბზე არანაკლებ, თვით ...რუსეთის გენშტაბის უფროს გერასიმოვსა და თავდაცვის მინისტრ შოიგუს სურდეთ, რომ „ვაგნერი“ თავისი ხელმძღვანელობიანად, სწორედ ბახმუტის ალყაში ამოიხოცოს...
საქმე ის არის, რომ პრიგოჟინისა და შოიგუს პირადი სერიოზული დაპირისპირება უკვე ყველასთვის ცნობილია, რისი მთავარი მიზეზიც ის გახლავთ, თუ ვინ გახდება პუტინის მემკვიდრე საპრეზიდენტო სკამზე...
უკრაინაზე თავდასხმამდე, რომელშიც კრემლი ადვილ გამარჯვებას ელოდა, პუტინის ფავორიტი უცილობლად თავდაცვის მინისტრი შოიგუ გახლდათ, მაგრამ ამ ომის 15-მა თვემ აჩვენა რუსეთის არმიის უდიდესი პრობლემები, პირველ რიგში კი, მართვის სახით, რამაც ძალზე შეარყია შოიგუს იმედი ჩაჯდეს რუსეთის პრეზიდენტის სავარძელში.
სამაგიეროდ, რუსეთის მოსახლეობაში ძალზე გაიზარდა პრიგოჟინის პოპულარობა, მისი „ვაგნერის“ მიერ რიგი წარმატებული საბრძოლო ოპერაციების განხორციელების შემდეგ.
ბახმუტის სრული აღება და მისი ხონჩით მირთმევა პუტინისთვის, გასაგებია, რომ პრიგოჟინს რუსეთის მომავალი პრეზიდენტის ფავორიტების რიგებში ძალზე დააწინაურებდა, რაც სრულიად მიუღებელია შოიგუსთვის - შესაბამისად, რუსეთის თავდაცვის მინისტრი და მისი გენშტაბის უფროსი ყველაფერს აკეთებენ, რომ პრიგოჟინის „ვაგნერმა“ ბახმუტი ვერ აიღოს და ამასთან სისხლისმღვრელ ბრძოლებში რაც შეიძლება მეტი „ვაგნერელი“ დაიღუპოს...
სწორედ ამაზე გაჰყვირის პრიგოჟინი დღე და ღამე-რუსეთის გენშტაბი სპეციალურად არ გვაწვდის საჭირო რაოდენობის საარტილერიო ჭურვებს, რადგან მოსკოველ „პარკეტის“ გენერლებს „ვაგნერის“ ბახმუტში ჩახოცვა სურთო...
გამოდის, რომ შოიგუ-გერასიმოვის რუსული დუეტი გარკვეულწილად რეზნიკოვი-ზალუჟნის უკრაინულ ინტერესებს ემსახურება, რითაც ნაწილობრივ აიხსნება ის ფაქტიც, რომ ცხრათვიანი მუდმივი შეტევების მიუხედავად, რუსმა ოკუპანტებმა ვერ მოახერხეს ამ პატარა უკრაინული ქალაქის სრული დაპყრობა.
ფაქტია, რომ ბახმუტისთვის ბრძოლის ცხრათვიანმა ეპოპეამ დიდი გავლენა მოახდინა რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობაზე,რადგან ორივე დაპირისპირებულმა მხარემ დამატებითი ძალები და რესურსები ფრონტის სწორედ ამ მონაკვეთზე გადაისროლა-რუსებმა ბახმუტის საბოლოოდ დასაპყრობად, უკრაინელებმა ბახმუტის რაც შეიძლება დიდხანს შესანარჩუნებლად...
ამასთან, ბახმუტი არ წარმოადგენს განსაკუთრებული, სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართულებას, რომლის დაპყრობა რუსეთს ამ ომში გაამარჯვებინებს, ან უკრაინელებს დაამარცხებს მისი დათმობის შემთხვევაში.
აქ უფრო მეტად, პოლიტიკურმა ამბიციებმა იმარჯვა წმინდა სამხედრო გათვლებზე - მოსკოვს პროპაგანდისთვის სჭირდებოდა ბახმუტის რაც შეიძლება მალე დაპყრობა, ხოლო კიევს იმავე პროპაგანდისთვის, რომ ის მორიგ უკრაინულ ქალაქს აღარ თმობს...
შედეგად, თვეებით მიმდინარე მაღალი ინტენსივობის საბრძოლო შეტაკებებში ორივე მხრიდან დიდი რაოდენობით მეომარი დაიღუპა, თავად ბახმუტი, როგორც ქალაქი კი აღარ არსებობს...