რას წერენ მამაკაცზე, რომლის შესახებ დაწერილმა პოსტმა ინტერნეტი მოიცვა
გუშინ სოციალურ ქსელში მოქალაქემ პოსტი გაავრცელა ხანში შესულ მამაკაცზე, რომელსაც აფთიაქში შეხვდა. როგორც ნინო კვაჭანტირაძე წერდა, მამაკაცი აფთიაქში წამლის შესაძენად იყო შესული.
"აფთიაქში, ვიდრე კონსულტანტი ჩემს წამლებს აგროვებდა, გვერდით ფანჯარასთან მამაკაცი მოვიდა, ქუდი მოიხადა და რაღაც წამალი ითხოვა 5 ფირფიტა.- სულ ხუთი გვაქვს, ახლავე მოგართმევთო, უთხრა კონსულტანტმა.-აა, თუ ხუთი გაქვთ, მაშინ სამი მომეცით, იქნებ დღეს სხვასაც დასჭირდეს, მე მერე შევიძენ...უცებ გული ამომიდუღდა, გავთბი, როგორ ვიგრძენი რომ მარტო არა ვარ... ერთი, რაც მოვახერხე, ტელეფონი გავაჩხაკუნე" - წერდა ნინო კვაჭანტირაძე.
მის პოსტს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, სადაც ხანში შესული ადამიანის მიმართ თბილ კომენტარებს არ იშურებდნენ. როგორც გაირკვა პირი, რომელმაც უამრავი ადამიანის გული მოიგო, ფიზიკოსი, პროფესორი, კომპანია MBC -ს თანამშრომელი ალექსანდრე ჯავრიშვილია.
"დღევანდელი დღე ასე დასრულდა, პოსტი, რომელიც ჩემს კედელზე დავდე, ყველა ჩემი პოსტის რეკორდი მოხსნა - ასობით გაზიარება და კომენტარი ჰქონდა და ეეეერთიც არ იყო განსხვავებული, წერდნენ, ლოცავდნენ ადამიანს, რომელმაც აფთიაქში 5 კოლოფი კლოფაზოლინი ითხოვა. რაკიღა აფთიაქს ზუსტად 5 კოლოფი აღმოაჩნდა, სამი წაიღო და ორი დატოვა- იქნებ დღეს სხვასაც დასჭირდეს, ვისაც ჩემსავით სხვა წამალი არ შველისო.
ეს ბატონი ფიზიკოსი, პროფესორი, კომპანია MBC -ს თანამშრომელი ალექსანდრე ჯავრიშვილი აღმოჩნდა. ბატონო ალექსანდრე," სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი," "ადამიანი ადამიანისთვის დღეა" ჰოდა, დღეს თქვენ ბედნიერებით ამავსეთ და ჩემთან ერთად ათასობით ადამიანი. მე მიხარია იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ალექსანდრე ჯავრიშვილები ცხოვრობენ, ბატონო ალექსანდრე!
თქვენ დღევანდელი დღის კი არა, თქვენი მაგალითით ჩვენი ყოფის გმირი ხართ, მე ამ ამბავს ისევ ბევრჯერ მოვყვები, რომ გაიგონ, როგორ უნდა იფიქრო სხვებზეც, რომ მთავარია ჩვენ და არა მე, რომ ჩვენ მარტოები არა ვართ ამ სამყაროში და გზები ერთმანეთით უნდა გავიგნოთ, რომ სიკეთე და სიყვარული გვაერთიანებს... მადლობა ამ პატარა დიიიიდი მაგალითისთვის !პ.ს. როგორც ახლა შევიტყვე, ბატონი ალექსანდრე კომპანია MBC - ს პროექტების მენეჯერია და ამჯერად უსინათლოების პროექტზე მუშაობს!" - წერს ნინო კვაჭანტირაძე.