"ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი სახიფათო ეტაპი დგას...“ - კვირის პალიტრა

"ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი სახიფათო ეტაპი დგას...“

გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორი განკარგულება გამოსცა - გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი და მოხსნა პირდაპირ ფრენებზე 2019 წლიდან დაწესებული აკრძალვა. ეს გადაწყვეტილება საქართველოსა და მის საზღვრებგარეთ დიდი განსჯის საგნად იქცა. რუსეთმა ჩვენს ქვეყანას სავიზო რეჟიმი 2008 წლის ომამდე ბევრად ადრე დაუწესა. იმჟამად საქართველო ჯერ კიდევ დსთ-ის წევრი იყო. ფაქტია, რომ ოკუპანტი ქვეყანა მრავალი წელი "წკეპლითა და თაფლაკვერით" ცდილობდა საქართველოზე ზეწოლას და ამისთვის რას აღარ იყენებდა, მათ შორის ეკონომიკურ ემბარგოსა თუ ავიამიმოსვლის აკრძალვას. გასულ კვირასვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ევროსასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. როგორც იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ექსპრეზიდენტის ადვოკატები აცხადებენ, რომ ეს არ არის სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება. მათი თქმით, დაცვის მხარემ სარჩელის განხილვამდე გამოიყენა ყველა პროცედურული ბერკეტი და წინასწარ მოითხოვა სააკაშვილის გადაყვანა, რაზეც უარი ეთქვათ, თუმცა სარჩელის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა. ამ საკითხით დავიწყეთ საუბარი ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

giaxuxaaaaa.jpg

- სახელისუფლებო პროპაგანდა ცდილობს სტრასბურგის გადაწყვეტილება გამარჯვებად გაასაღოს, თუმცა ეს მთლად ასე არ არის. ამ საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა. კი ბატონო, სააკაშვილის უცხოეთში დაუყოვნებლივ მკურნალობა სტრასბურგში საჭიროდ არ მიიჩნიეს, რაც ნამდვილად არის ხელისუფლების წარმატება, მაგრამ საბოლოო გამარჯვებად ამის გამოცხადება ნაადრევია.

- პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს ახალი რეპუტაციული ზიანი არ მიადგა, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც განიხილება მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი.

- ვიზიარებ პრეზიდენტის პოზიციას. გასაგებია, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ პირებთან ბევრი კითხვა და პრეტენზიაა, მაგრამ კატეგორიულად ვეწინააღმდეგები იმ მოსაზრებას, რომ ამის გამო ქვეყანამ არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი, აუცილებლად უნდა მივიღოთ. შესაბამისად, პრეზიდენტის ნათქვამი ლოგიკური და სწორია. მიმაჩნია, რომ მთავარი ამოცანაა, სააკაშვილის ფაქტორი მოიხსნას ქართული პოლიტიკიდან. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება! ეს უნდა ვთქვათ. ვუსურვოთ მას ჯანმრთელობა და დღეგრძელობა და დავასრულოთ მისი პოლიტიკის ნაწილად ქცევა, მით უფრო ახლა, როდესაც ქვეყანა ამხელა გამოწვევების წინაშეა. დღეს გვაქვს უზარმაზარი, გრძელვადიანი პრობლემები, იმპერია ლამის ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას იწყებს და დღედაღამ ისევ სააკაშვილის ტემპერატურისა და წნევის გაზომვით უნდა დავკავდეთ? ამას ექიმებმა უნდა მიხედონ. ვფიქრობ, თვითონაც უნდა ეცადოს სააკაშვილი, რომ შეეგუოს შექმნილ ვითარებას და იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე. კი ბატონო, იმსჯელონ სტრასბურგში, იურისტებმა იბრძოლონ მისი გათავისუფლებისა თუ ქვეყნიდან გაყვანისთვის, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში აღარ შეიძლება სააკაშვილი იყოს მთავარ თემად. დღეს ქართველ საზოგადოებას ბევრად დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე სააკაშვილია.

- ამ დიდ პრობლემებში, სავარაუდოდ, პუტინის 10 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას გულისხმობთ...

- დიახ, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი სახიფათო ეტაპი დგას. ჩემი აზრით, პუტინმა მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება. ვიცით, რომ კრემლის გეგმაა მოდერნიზებული სახით საბჭოთა კავშირის, უფრო სწორად, რუსეთის იმპერიის, აღდგენა. უკრაინა არ არის მისი ერთადერთი სამიზნე, პუტინს მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე ჰყავს მიზანში ამოღებული. როგორც ჩანს, შეექმნა განცდა, რომ საქართველოში უკვე საკმარისად არის საფუძველი მომზადებული ახალ ეტაპზე გადასასვლელად - ჩვენი ქვეყნის, მისი გაგებით, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის რუსეთთან რეინტეგრაციის გზაზე. დაიწყეს კიდეც ამ მიმართულებით პროცესების ფორსირება - პირველი ნაბიჯები შეეხო სავიზო რეჟიმსა და კომუნიკაციების ინტენსივობის გაზრდას. ეს შეიძლება ითქვას, პროცესის დასაწყისია, თუმცა რბილი ძალით რუსეთი აქამდეც მოქმედებდა. დღეს ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ხელისუფლება მუდმივად ახდენს რუსეთის მიმართ ლოიალურობის დემონსტრირებას, შედეგად, რუსეთს მაქსიმალური კომფორტი აქვს შექმნილი, რათა საქართველოში საკუთარ ავ ზრახვებს შეასხას ხორცი. ამის გამაძლიერებელი ფაქტორია ისიც, რომ კრემლს ახლა ძალიან უჭირს უკრაინაში, ფაქტობრივად, იქ წაგებული ომის ფონზე პუტინისთვის უმნიშვნელოვანესია წარმატებული მაგალითები წარმოადგინოს, აჩვენოს, ესა თუ ის ქვეყანა საბჭოეთში დაბრუნებისკენ როგორ მიისწრაფვის. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებმა პუტინს ეს ილუზია შეუქმნა. უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც იმპერიის მიმართ ლოიალური ხდები, თანაც გლობალური დაპირისპირების დროს, მას მადლიერების განცდა კი არ უჩნდება და კარგად მოქცევას კი არ ცდილობს, არამედ ამას სისუსტედ გითვლის და შენგან უფრო მეტს ითხოვს, ცდილობს დააჩქაროს შენზე გაბატონება. პუტინის ამ გადაწყვეტილებით ზუსტად ეს მოცემულობა მივიღეთ.

ეს ნაბიჯები ცალმხრივად გადაიდგა და ამაში პირდაპირ საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება არ შეგვიძლია, მაგრამ ის დამნაშავეა იმაში, რომ პუტინს ეს ილუზია შეუქმნა. სწორედ მისმა პოლიტიკამ გააჩინა კრემლში განცდა, რომ ამ ეტაპზე საქართველო მათთვის იოლი ლუკმაა.

ამ დამღუპველ პროცესს ჰქონდა პირველი ფაზაც - ეს იყო რბილი ძალით ექსპანსია. ვნახეთ, როგორ მოხდა დემოგრაფიული ექსპანსია - დაახლოებით 150 000 რუსეთის მოქალაქე ჩამოსახლდა საქართველოში. მარტო მათ ლეგალურ ანგარიშებზე მილიარდ დოლარზე მეტია. ეს ფული პირდაპირ საქართველოს ეკონომიკურ ექსპანსიას ხმარდება, ანუ საქართველოს რუსულ ეკონომიკაში ინტეგრაციას. ეს რაც ლეგალურად ხდება, აი, არალეგალურად რა პროცესი მიდის, ეს რომ წარმოვიდგინოთ, ეს მონაცემი დაახლოებით ხუთზე უნდა გავამრავლოთ. ამასთანავე, წლებია საინფორმაციო იერიში მიდის, ანუ პოლიტიკურ-პროპაგანდისტული გავლენების ზრდა. პირდაპირ უნდა ვთქვათ, დღეს პრორუსული პროპაგანდის შესაძლებლობები ბევრად დიდია, ვიდრე პროდასავლურის. ერთგვარი მატრიცაა შექმნილი РТР-ისა და ОРТ-ს პლატფორმაზე, ხდება სპეკულაციური თემების, ომის საფრთხის, დასავლეთის დემონიზების და ა.შ. პედალირება...

ჩვენ ახლა, ფაქტობრივად, ისევ საბჭოთა კავშირში რეინტეგრაციის საფრთხის წინაშე ვართ. ზედაპირულად ეს თითქოს არ ჩანს, რადგან ხელისუფლება ვერბალურად კვლავ გვიმტკიცებს, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ მიდის, მაგრამ ეკონომიკურ-საინფორმაციო-კულტურული თვალსაზრისით თანდათანობით ერთიან რუსულ სივრცეში ვექცევით. სამწუხაროდ, ასეთია მოცემულობა. ვფიქრობ, პუტინმა მარტის მოვლენების შემდეგ ერთგვარი საფრთხეც დაინახა იმისა, რომ შეიძლება ეს პროცესი შეჩერდეს და დაიწყოს მოვლენების სწრაფად ფორსირება, სურს ბევრი რამ მოასწროს, სანამ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მზად არის მისი ნებისმიერი კაპრიზი შეასრულოს. შიშით, სიბრიყვით, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ამის ძიებას აზრიც აღარ აქვს. რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი აგრესორს შიშის და სიმხდალის გამო დაუწვება თუ იმის გამო, რომ მასთან გარიგებაშია.

- ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვისმენთ განცხადებებს, რომ პუტინის გადაწყვეტილება მათი "გონივრული მოქმედების" შედეგია...

- არ ვიცი, რას გულისხმობენ. დღეს ჩვენ, ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირისკენ მივდივართ, ესეც მცოცავი ოკუპაციის ნაწილია. როდესაც დათვისგან თავს არ იცავ, მეტიც, მის მოფერებას ცდილობ, ის ერთ დღეს აუცილებლად შეგახრამუნებს.

- ერთია უვიზო მიმოსვლა, რაც ცალმხრივად ისედაც არსებობდა, მაგრამ გაცილებით დიდ პრობლემად შეიძლება იქცეს პირდაპირი ავიარეისების აღდგენა. "თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა სანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლელი საზოგადოება რუსული რეჟიმისგან დისტანცირდა და ახლა არც ერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს საქმიანობა რუსეთთან", - განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ქმნის საფრთხეს, რომ საქართველო სერიოზულ იზოლაციაში მოექცეს.

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ მთელ ამ პროცესში ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რაზეც უკვე ვილაპარაკეთ. გეთანხმებით, რომ თუნდაც აეროპორტების შესაძლო სანქცირებით, საქართველოს დასავლეთისგან დისტანცირება ემუქრება, მაგრამ ეს პროცესი ისედაც დაწყებულია და ამის ინიციატორი საქართველოს ხელისუფლებაა. ამაზე მეტყველებს სახელმწიფო პროპაგანდა.

რა არის ევროკავშირი, ევროპა? ეს არის ქვეყნების გაერთიანება რაღაც ფასეულობათა სისტემის გარშემო. ეს არ არის მექანიკური ერთობა. ჩვენი ხელისუფლება ამბობს, რომ ეს ფასეულობები არ აინტერესებს, მისთვის უფრო მნიშვნელოვანია მამაპაპურ სუფრაზე მოსამართლეების ქეიფი, ამბავი და გაგება.... ევროპელ პარტნიორებს ეუბნებიან, აი, ეს არის ჩემი სამართალი, მოგწონვარ, მიმიღე ასეთი, არ მოგწონვარ და, კარგად იყავიო. ასეთი მოსაზრებებით რომც მიგიღონ, მაინც უცხო სხეულად დარჩები. ჩვენთვის ხომ ევროპაში მთავარი გეოგრაფია არ არის. ჩვენთვის მთავარია იმ სამყაროს მთავარი ფასეულობები - სამართლიანობა და უსაფრთხოება. ჩვენი ხელისუფლება კი ამბობს, რომ მე რუსული მოდელით ვმართავ ქვეყანას, მაგრამ თან ერთი ადგილის ევროპაში გათბობაც მინდაო. მშვენივრად იციან ევროპული სიკეთეების გემო, საბანკო ანგარიშები იქ აქვთ, შვილებსაც იქ ასწავლიან, კეთილდღეობაც იქ ეგულებათ, მაგრამ ოღონდ კი ძალაუფლება შეინარჩუნონ, ყველაფერზე წავლენ. ამის მთავარ იმედად სწორედ რუსული მოდელით ქვეყნის მართვა მიაჩნიათ. ამ ყველაფერს ფუთავენ ტრადიციებით, რელიგიით და ა.შ. სიტყვასიტყვით იმეორებენ რუსული პროპაგანდის მესიჯებს. დასავლეთი მიუღებელია რუსეთისთვის სწორედ იმ შინაარსით, რასაც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ლაპარაკობენ.

ახლა მთავარ აქტორად ისევ ხალხი უნდა იქცეს. როგორც მარტში მოახერხა საზოგადოებამ ამ მიმართულებით სვლის შეჩერება, უკან დაახევინა ხელისუფლებას და კრემლსაც დაანახა თავისი ნება, ახლაც იგივე უნდა ქნას. მარტში თუ იყო გზავნილი, რომ ჩვენი სახლია ევროპა, მაისის მთავარი გზავნილი უნდა იყოს "არა რუსეთს!" - და ეს იმდენად ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ გაიგონონ კრემლშიც და დაემსხვრეთ ილუზია, რომ ადვილად ჩაგვახრამუნებენ. ეს იქნება ჩვენი ხელისუფლებისადმი გზავნილიც. გვჭირდება ერთი დიდი მანიფესტაცია, მით უფრო 26 მაისი მოდის. იქ ამ ერთი გზავნილის გარდა არ უნდა იყოს არანაირი პოლიტიკური განცხადება, არც ვინმეს გადადგომის მოთხოვნა. შიდაპოლიტიკური განზომილება ამას საერთოდ არ უნდა მიეცეს.…

საზოგადოების იმით შეშინება, რომ რუსეთი გაბრაზდება და მეორე ფრონტს გახსნის, აბსურდია, ამის თავი რუსეთს ახლა არა აქვს. დღეს სწორედ ამით აშინებს ხელისუფლება საზოგადოებას და "აპრავებს" თავის კოლაბორაციონისტულ ქმედებებს. ეს სპეკულაციაა და სხვა არაფერი. ომი არ გვინდა და არც საბჭოთა კავშირში დაბრუნება უნდა ვინმეს! ეს უნდა ითქვას ხმამაღლა, ისე, რომ შევაზანზაროთ კრემლიც და საქართველოს ხელისუფლებაში ჩაბუდებული რუსული აგენტურაც, მე ამ აგენტურაში მთელ ხელისუფლებას არ ვგულისხმობ. მე ვლაპარაკობ იმათზე, ვინც მიზანმიმართულად მოქმედებს. ხელისუფლებაში გაბრიყვებულიც ბევრია, რაც ცალკე საუბრის თემაა. მოსკოვს ეს გეგმები უნდა ჩავუშალოთ, ახლა ყველაფერი საზოგადოებაზეა.

"ქართული ოცნების" დიდი მეცადინეობის შედეგად, დღეს ქვეყანაში ოპოზიციური განწყობა დაქუცმაცებული და სამზარეულოებშია გამომწყვდეული. ამის კაპიტალიზაციას სჭირდება ლიდერი, რომელიც პოლიტიკოსი უნდა იყოს. სამწუხაროდ, დღეს ასეთი ლიდერი არ ჩანს. ხელისუფლება ამით სარგებლობს - მისი კოზირი ეს არის. ალტერნატიული ლიდერი რომ არსებობდეს, "ქართული ოცნებისთვის" უკვე ყველაფერი დასრულებული იქნებოდა.

- ოპოზიცია ახსენეთ და, გასულ კვირას მეტად საინტერესო განცხადებები მოვისმინეთ ნიკა მელიასგან - მან "ნაციონალური მოძრაობის" ჩრდილოვან მმართველებს შორის პირველად დაასახელა ზურაბ ადეიშვილი.

- "ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტიკური კრიზისია, რომლიდანაც პოზიტიური გამოსავალი უკვე აღარ არსებობს. ის, ფაქტობრივად, უკვე ორად არის გაყოფილი. პარტიას არ წარმოადგენენ მხოლოდ ლიდერები, რომელთა პოლემიკასაც ვადევნებთ თვალს. მას ასევე წარმოადგენენ მხარდამჭერები, ელექტორატი, რომელიც ასევე ორ ნაწილად გაიყო. არ ვიცით, რა პროპორციით, მაგრამ მათი გაერთიანება უკვე შეუძლებელია. ახლა მთავარია ეს დროულად გაფორმდეს და ორი პოლიტიკური ჯგუფი ჩამოყალიბდეს.

ეს, ჩემი აზრით, პოზიტიური პროცესია. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" მენეჯმენტს, სასწაული ხდება, ფაქტობრივად, ანგრევენ ყველაფერს. ოპოზიციის მთავარი საპროტესტო გზავნილი რა არის? ის, რომ ქვეყანა არაფორმალურად იმართება. დიდი ბოდიში და, თავის პარტიაში იგივე რატომ დაამკვიდრეს? რა მორალური უფლება აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" ილაპარაკოს ქვეყანაში ჩრდილოვან მმართველობაზე, როდესაც მათ პარტიაში იგივე ხდება? ღმერთმა არ ქნას და, ეგენი ხელისუფლებაში მოვიდნენ. რა გამოდის, ივანიშვილი ჩანაცვლდება კეზერაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილით? მელია ამ აბსურდზე აპელირებს და სწორადაც იქცევა.