"არ არსებობს საქართველოს სუვერენიტეტი ევროპული ინტეგრაციის გარეშე“ - კვირის პალიტრა

"არ არსებობს საქართველოს სუვერენიტეტი ევროპული ინტეგრაციის გარეშე“

რა საფრთხის შემცველია საქართველოს ხელისუფლების თანხმობა ავიაფრენების აღდგენაზე და როგორ იმოქმედებს ეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, ამ საკითხებზე საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს კახა გოგოლაშვილს ვესაუბრეთ.

- ეს კარგს არაფერს მოგვიტანს. აშკარაა, რომ პუტინის გადაწყვეტილება მისთვის არის მნიშვნელოვანი, ხოლო რაც მისთვის არის კარგი, ჩვენთვის ცუდი და დამაზიანებელია. ამბობენ, ეს ეკონომიკურად მომგებიანიაო, მაგრამ არის საკითხები, რომელთაც ასე მარტივი არგუმენტებით ვერ შეაფასებ. წარმოიდგინეთ, ომია, რუსეთი და ევროპა ომობენ. მართალია, ევროპის ჯარისკაცები არ იბრძვიან, მაგრამ მთელი რესურსები იქით აქვთ მიმართული, რომ უკრაინამ რუსეთი დაამარცხოს. თითქოს ჩვენ ევროპის მხარეს ვართ, მაგრამ გამოდის­, რუსეთის საქმეს ვაკეთებთ, ვეხმა­რებით დაწესებული შეზღუდვების გადალახვაში და რუსეთს მეგობრულ ხელს ვუწვდით. ეს ეკონომიკურად იმდენად აუცილებელი რომ იყოს, ჩვენი გადარჩენა მხოლოდ ამაზე იყოს დამოკიდებული, შესაძლოა მაშინ ეს გაეგოთ, მაგრამ იმის თქმა, ეს ეკონომიკურად მომგებიანიაო და ა.შ., ამით პრაქტიკულად ეხმარები მოძლიერებაში. ყაზახეთი და სომხეთი არ აპირებენ ევროკავშირში შესვლას, ჩვენ კი ვითხოვთ, მიგვიღეთო, და ცხადია, ეს ერთმანეთთან ძალიან შეუსაბამოა. საბოლოოდ ისე გამო­ვა, რომ ეს არც ეკონომიკურად იქნება მომგებიანი, არც პოლიტიკურად და შეაფერხებს ჩვენს ევროინტეგრაციას. ჩვენ წაგებული დავრჩებით, ამით მხოლოდ რუსეთი მოიგებს.

- ხელისუფლება ამბობს, ფრენები ისე აღდგება, რომ სანქციებს არ დავარღვევთო. რომც არ დაირღვეს, რა პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება და რა შეიძლება მოხდეს?

- ამის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი იქნება: საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ითხოვს ევროკავშირში გაწევრებას და ამავე დროს რუსეთთან აღრმავებს თანამშრომლობასო. ფრენები ჩვენ რომ არ გაგვეუქმებინა, შეიძლებოდა ასეთი მძაფრი რეაქცია არ მოჰყოლოდა.

- ხელისუფლების პოზიციის დამცველებს მოლდოვის მაგალითი მოჰყავს - კიშინოვი-მოსკოვის რეისი დღემდე დაფრინავს და ამას მოლდოვისთვის ხელი არ შეუშლია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიეღოო.

- ვერ წარმომიდგენია, ეს რეისი საიდან დაფრინავს - ევროპის ცა ჩაკეტილია. მნიშვნელოვანი ის არის, რომ არ იყო და ახლა ვაწესებთ. ეს არის არსებითი. ამით ჩვენ რუსეთთან ურთიერთობას ვაუმჯობესებთ. რა შუაშია, ვისთან იყო? სანქციებს­ რომ არ უერთდები, შესაძლოა ეს გაიგონ, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობას რომ იუმჯობესებ, აღრმავებ თანამშრომლობას, მეტ ტურისტს იწვევ, ნახევარი მილიონი არ მყოფნის და მინდა მილიონი ჩამოვიდესო, ასეთი ქმედებები ომის პერიოდში ხომ მტრობად აღიქმება? ამაშია პრობლემა. ეს ერთი და მეორე - რუსეთზე ხდები დამოკიდებული. როგორც ღარიბაშვილმა­ თქვა, ჩვენ დასახული გვაქვს სუვერენული­ სახელმწიფო ვიყოთო. რა სუვერენული უნდა იყო, ხვალვე რომ მოუნდეს მოსკოვს,­ იმ წუთშივე დაგიპყრობს, ევროპა და ამერიკა­ რომ არ იყოს. იმით, რომ მოსკოვს­ კოჭს უგორებ და ამით დისტანცირდები­ ამერიკისა და ევროპისგან, რომლებზეც მართლაც დამოკიდებულია შენი სუვერენიტეტი, შეიძლება არგუმენტად იყოს წარმოდგენილი? არ არსებობს საქართველოს სუვერენიტეტი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარეშე. 2008 წელს ამერიკამ და ევროპამ გადაგვარჩინეს, თორემ რუსეთი გვიპ­ყრობდა. ახლა ჩვენი ხელით­ ვჭრით იმ ტოტს, რომელზეც ვსხედვართ.

- რუსეთის უხარისხო ბაზარზე­ დამო­კიდებულების გაზრდა რა გავლენას იქონიებს ევროკავშირის ბაზარზე ჩვენს ყოფნაში?

- დავრჩებით იმის შემხედვარე, რომ ჩვენმა გლეხებმა რამენაირად გაყიდონ უხარისხო პროდუქტი და არავინ იფიქროს განვითარებაზე. ჩვენს მომავალს ასე ხედავენ­ - ვიყოთ მათხოვრები, ჩამორჩენილი, იმის ნაცვლად, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრები, შევიდეთ ნატოში, მივიღოთ მილიარდობით დახმარება, ავაშენოთ ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორიც ევროპაშია, გვქონდეს ისეთივე განათლება და ცხოვრების დონე. იმის მაგივრად, იფიქრო, ჩვენი ეკონომიკა ისევე განვითარდეს, როგორიც ევროპის ქვეყნებშია, გეგმავ, რომ შენი გლეხები გაუშვა რუსეთში სამუდამოდ და დარჩე გაჭირვებული. თავის დროზე ფოიერბახმა დაწერა "მათხოვრის ფილოსოფია" და რასაც ახლა აკეთებენ, სწორედ მათხოვრის ფილოსოფიაა. როგორ გვინდა ასეთი ფილოსოფიით სუვერენული და ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ?

რუსეთი, რომელიც თან აგრესორია, არის გაჭირვებული, არა აქვს გზები, ინფრასტრუქტურა, მის ხალხს უნიტაზებიც კი არ უნახავს და მისკენ გაქვს მაინც ხელი გაწვდილი, რომ რამე მიიღო, ასეთი სახელმწიფოს იმედი გაქვს? ეს დანაშაულია ჩვენი საზოგადოების წინაშე. ეს არის სწორედ არასუვერენულობის მაჩვენებელი, რომ შენთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს კი არა, აგრესორი რუსეთის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებ. როგორც ჩანს, რუსეთმა აიძულა... რა ბერკეტები და რა მეთოდები გამოიყენეს, არ ვიცი. მაგრამ ვფიქრობ, ძალიან ბევრი კერძო და პირადი ფაქტორია ამაში ჩართული. თუ ევროკავშირში­ ყოფნა გინდა და უკრაინაში ომის პერიოდში ევროკავშირისთვის საზიანო გადაწყვეტილებას იღებ, ფრენებს აღადგენ რუსეთთან, ამან რა მოგება უნდა მოგიტანოს, რომ დანაკარგი გადაწონოს? ამის გათვლა ხომ ძალიან მარტივია? ამიტომაც ვფიქრობ, რომ იძულებით მიღებული გადაწყვეტილება ჩანს. ერთი-ორი წლის შემდეგ ჩვენ ევროკავშირში მაინც გავწევრდებით, მაგრამ მანამდე ამის გულისთვის ეს პროცესი რომ შეფერხდება, რამდენს დავკარგავთ, ხომ წარმოგიდგენიათ? ეს მხოლოდ წელიწად-ნახევარზე გათვლილი პოლიტიკაა, რომელიც ქვეყნის მომავალზე იქონიებს ძალიან ცუდ გავლენას.

- კიდევ რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, ჩვენი საზოგადოების განწყობაზე ეს როგორ აისახება? ხომ შეიძლება გაძლიერდეს პრორუსული განწყობა?

- ჩვენ ევროკავშირის გაფართოების პაკეტში უკვე ვართ. აბა, რისთვის ვართ ჩვენ, ყველანი? მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რომ ჩვენი გრძელვადიანი მიზანი ევროკავშირში გაწევრებაა. რაც მთავარია,­ ევროკავშირმა უკვე თქვა, კი ბატონო, მიგიღებთ, მაგრამ დავალებები უნდა შეასრულოთო. მოსახლეობას უნდა გავაგებინოთ, რომ კანდიდატის სტატუსი თუ არ მოგვცეს, სწორედ ასეთი სისულელეების გამო არ გვაძლევენ. ეს ხელისუფლება ან არ არის დაინტერესებული, ან არ არის სუვერენული თავის გადაწყვეტილებებში. არ არის შორსმჭვრეტელი და მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზე ფიქრობს. ევროსკეპტიციზმი მაშინ უნდა გაუჩნდეთ, ევროკავშირი ისეთი პრიმიტიული საზოგადოება რომ იყოს, რომელიც, დავალებას შეასრულებ თუ არა, მაინც მოგცემს სტატუსს, მაინც დაიწყებს შენთან მოლაპარაკებებს, მაინც გაწევრდები. თუ ასეა, მაშინ ასეთ კავშირში რა გვინდა? ეს იგივეა, სტუდენტმა გამოცდებზე ორიანები რომ მიიღოს და მაინც დატოვონ უნივერსიტეტში. რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს ამ უნივერსიტეტისგან, რას ასწავლიან და რა სპეციალისტი გამოვა? - ანუ რატომ უნდა მიხაროდეს ისეთ ევროკავშირში შესვლა, სადაც სულერთია, შენ დემოკრატიული სახელმწიფო ხარ თუ დიქტატურა, შენთან ადამიანის უფლებები დაცულია თუ არა, ხალხს პერსპექტივა აქვს თუ არა, აშენებ სამართლებრივ სახელმწიფოს თუ არა? ევროკავშირში რომ გინდა გაწევრება, ხომ იცი, რომ იქ სხვა სტანდარტებია, სხვა მოთხოვნები, იცი, რომ ვერავინ დაგჩაგრავს. ამიტომაც არ არის მარტივი ევროკავშირში გაწევრება. სტატუსი იმიტომ არ მოგვცეს, რომ დავალებები არ შევასრულეთ, და ამან არ უნდა გამოიწვიოს სკეპტიციზმი. პირიქით, ხალხი უფრო სერიოზულად უნდა განეწყოს. გაწევრებას ნამდვილად ბევრი მუშაობა სჭირდება და ძალიან მაგარი უნდა იყო, რომ გაწევრდე. ამიტომ ეს თუ ავუხსენით ჩვენს ხალხს, არა მგონია, სკეპტიციზმი გაუჩნდეთ. ერთადერთი, ვისაც შეიძლება გაუჩნდეს, ხელისუფლებაა, რომელმაც ელემენტარული მოთხოვნები ვერ ან არ დააკმაყოფილა. რას ითხოვს ევროკავშირი ისეთს, რომ ვერ გააკეთო? გვეუბნებიან, რომ გვქონდეს სამართლიანი სასამართლო,­ ვებრძოლოთ კორუფციას, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ჩართეთ გადაწყვეტილებების მიღებაშიო. ოდესმე რამეში ჩართეს? რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენას რომ აპირებენ, ვინმეს რამე ჰკითხეს? ევროკავშირი კი ითხოვს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასამთავრობო სექტორი იყოს ჩართული. მეტიც, რაც ეს მოთხოვნა ჩაიწერა, მას შემდეგ რაც მიიღეს, არასამთავრობო სექტორი ფაქტობრივად არაფერში ჩაურთავთ და როგორ უნდა ჩათვალოს ევროკავშირმა ეს დავალება შესრულებულად, ხელისუფლებამ რაც არ უნდა იძახოს, შევასრულეო? ფორმალურადაც არ გაუმართავთ კონსულტაციები, არათუ გაითვალისწინეს. თუკი ევროკავშირი არ მოგვცემს სტატუსს, პასუხი ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ, რადგან არ გააკეთა გასაკეთებელი. სიმართლე გითხრათ, მრცხვენია, როდესაც ამბობენ, ეს მთავრობა მაინც არაფერს გააკეთებს და საბოლოოდ რუსეთისკენ რომ არ წაგვიყვანონ, ევროკავშირმა სტატუსი უნდა მოგვცესო. ეს დამანგრეველი მიდგომაა ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობისთვის, ჩვენთვის, როგორც ერისთვის. 35 წელია, ევროკავშირის საკითხებზე ვმუშაობ და ამიტომ ვაძლევ თავს ამის თქმის უფლებას, რადგან ვიცი, რა როგორ ხდება.

- თუ დავუშვებთ, რომ შემოდგომამდე 12 პუნქტი შეასრულეს, რუსეთთან ფრენების აღდგენა იქნება გადამწყვეტი? მაინც არ მოგვცემენ სტატუსს?

- 12 პუნქტი შესრულებული რომ გვქონოდა და მერე აღგვედგინა ფრენები, შეიძლება ეს ეპატიებინათ. თუმცა დღეს ისე ჩანს, არც სურთ შესრულება. არადა, თუ მოინდომებენ, ორ კვირაშიც შეასრულებენ, მაგრამ რაღაცების დათმობა არ სურთ. თუ გინდა სტატუსის მიღება, რატომ ირთულებ საქმეს? გააჩნია იმასაც, ვინ იფრენს. რუსეთში ჯერჯერობით ერთი კომპანიაა ისეთი, ვინც დასანქცირებულია. მხოლოდ ის იფრენს? აქ რომელიმე ისეთი თვითმფრინავი რომ დაჯდეს, რომელზეც დაპატიმრების ორდერია გაცემული, ხომ იტყვიან, რომ რუსეთი საქართველოს მეშვეობით არიდებს თავს სანქციებს? ეს ძალიან სარისკოა. გარდა ამისა, უსაფრთხოების მხრივაც სარისკოა - დღეში ერთი თვითმფრინავით რამდენიმე რეისის შესრულება ძალიან სახიფათოა. მეორე საკითხია, რუსეთმა ხვალ რომ გადაწყვიტოს, თბილისში აეროპორტში დესანტს იოლად გადმოსხამს. დაიკავებს აეროპორტს და ამას მოჰყვება რუსული სამხედრო თვითმფრინავები, როგორც ავღანეთში ქნეს, როგორც აპირებდნენ კიევის აღებას და ა.შ. ამაზე არავინ ფიქრობს. თითქოს რუსეთი ისეთი დელიკატური პარტნიორი იყოს, რომ ამას არ იკადრებს. ჩვენ ამის უფრო უნდა გვეშინოდეს, ვიდრე იმის, რომ კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ.

რუსა მაჩაიძე