„ეს არის ჟესტი, რომლითაც ხაფანგს გვიგებენ“ - კვირის პალიტრა

„ეს არის ჟესტი, რომლითაც ხაფანგს გვიგებენ“

"პუტინის გადაწყვეტილება ვერ მიაყენებს ჩრდილს ჩვენს კავშირს დასავლეთთან, მაგრამ ჩვენმა გადაწყვეტილებამ შეიძლება მიაყენოს. ჩვენ ვერ დაგვბრალდება პუტინის ქმედებები, ჩვენ ჩვენი დაგვბრალდება", - ამბობს "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერი იაგო ხვიჩია:

- საქართველოს კავშირი ევროკავშირსა და დასავლეთთან, რომელიც ჩვენ ბოლო წლებში დავამყარეთ, ძალიან მნიშვნელოვანია და არ შეიძლება ჩრდილის მიყენება ან საფრთხის შექმნა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ არის ის საფრთხე, რომლის გაკონტროლებაც საქართველოს შეუძლია, ამიტომ მის ქმედებებზე ოფიციალურ თბილისს პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება. პრობლემა ის არის, რომ დასავლეთთან ჩვენს კავშირს შეიძლება ჩრდილი მიაყენოს ჩვენმა იმ გადაწყვეტილებამ, რომელიც შეიძლება პუტინის გადაწყვეტილებით იყოს განპირობებული. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი იყო რუსული კანონის მხარდაჭერა 78 ხმით. სავიზო რეჟიმის გაუქმებაც არის შეშფოთების საგანი. არ ვიცი, ეს სადამდე მივა. დარწმუნებული ვარ, არასაჯარო მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მთავარი შიში და სიფრთხილე დასავლეთიდან მომდინარეობს, რომ აკრძალული ტვირთები რუსეთში საქართველოდან არ მოხვდეს. თუ ფრენების აღდგენა ქვეყნის დასავლურ მომავალს საფრთხეს უქმნის და ამაზე ჩვენი პარტნიორები გვაფრთხილებდნენ, ისევე როგორც რუსულ კანონზე, ჩემი აზრით, ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ.

- ხელისუფლება ამბობს, რომ მისი პოზიცია არც მაშინ გაითვალისწინა პუტინმა, როდესაც სავიზო რეჟიმი ცალმხრივად დაგვიწესა, და არც ახლა, როდესაც ასევე ცალმხრივად გააუქმა. თქვენი შეფასებით, როგორი უნდა ყოფილიყო ხელისუფლების პოზიცია?

- მე არ მჯერა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად მიიღო სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება.

"ქართულმა ოცნებამ" ის კი არ უნდა თქვას, ამით ქართველები ისარგებლებენ, რა კარგია, რომ ამას მივაღწიეთ, ეს ჩვენი დიპლომატიური გამარჯვებააო, არამედ ხალხი საფრთხის შესახებ უნდა გააფრთხილოს. ასევე უნდა გაითვალისწინოს მეგობრების წუხილი და მათთან ერთად განიხილოს, რუსეთმა სანქციების გვერდის ავლის მიზნით ხომ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება. დიახ, სინამდვილეში ეს არის მტრის ნაბიჯი ქართველების შესაცდენად და შეგვიძლია ამ პრივილეგიით ვისარგებლოთ, მაგრამ არ უნდა შევიცდინოთ თავი.ჩვენ ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ რუსეთი ჩვენი მეგობარი არ არის. ეს არის ჟესტი, რომლითაც ხაფანგს გვიგებენ, გვეუბნებიან, აგერ, ყველი მოგაწოდეთო. გასაგებია, რომ ყველის წინააღმდეგი ვერ იქნები, მით უფრო მაშინ, როდესაც გშია. უბრალოდ, უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველი ხაფანგშია. პუტინიზმი ჰაერით არ გადადის, მაგრამ პუტინს ცეკვაში არ უნდა აჰყვე - ხელისუფლებამ ეს უნდა გათვალისწინოს.

- თქვენ არც ის გჯერათ, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და კონკრეტულად პრემიერი ღარიბაშვილი კონსერვატიული იდეების მატარებელია. რატომ?

- იმიტომ, რომ მართლა არ არიან, ეგენი არც ლიბერალები არიან. "ქართული ოცნება" იდეოლოგიზებული პარტია არ არის. ამ ხალხს შეუძლია ნებისმიერი ვინმე გახდეს. შეიძლება ლგბტ უფლებების დაცვაც დაიწყონ და პრაიდზეც დადგნენ, თუ ხელისუფლების შენარჩუნებას დასჭირდება. წავიდა ღარიბაშვილი უნგრეთში და ათასგვარი სისულელე და ტყუილი ილაპარაკა. მანამდე აქ კვოტირების კანონზე იმსჯელა, ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო და მერე იძახა, კონსერვატორი ვარო. ქალი არის დედა და კაცი - მამაო რომ იტყვი, კონსერვატორობა მაგას არ ნიშნავს. სინამდვილეში კონსერვატორობა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ძველ წესებს, რომლებითაც ვცხოვრობდით. მათ კომუნისტური წესები ერქვა და ჩვენს დამონებას ითვალისწინებდა. როცა ვამბობთ, რომ კონსერვატორები ვართ, ნიშნავს, რომ ან კომუნისტურ წესებს ვცემთ პატივს, ან მანამდე ცარისტულს, რაც მონობაში გვაცხოვრებდა. ამიტომ საქართველოში კონსერვატორიზმი სულ სასაცილოდ გამოიყურებოდა. სინამდვილეში ახლა უნდა შევქმნათ ტრადიციები, რომელთაც მომავალში ვიღაც დაეყრდნობა და ჩაითვლება ტრადიციებად და კონსერვატორობად, თორემ, როცა მონობიდან გამოდიხარ, რა კონსერვატორიზმზე ვსაუბრობთ.

- "ქართული ოცნების" შეცდომები აძლევს ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების შანსს?

- არა, იმიტომ, რომ ოპოზიციის პრობლემების გასაღები ხელისუფლებაში არ არის. გასაღები ისევ ოპოზიციაშია და ეს არის თვითგამორკვევა. ოპოზიციაში ჯერ ის უნდა გაირკვეს, ვის რა უნდა.

ხათუნა ბახტურიძე