"ოკუპანტი სახელმწიფოდან შემოსული ხალხის დიდი მასა 3-მილიონიან პატარა, სუსტ სახელმწიფოში ნამდვილი "ტროას ცხენია“ - კვირის პალიტრა

"ოკუპანტი სახელმწიფოდან შემოსული ხალხის დიდი მასა 3-მილიონიან პატარა, სუსტ სახელმწიფოში ნამდვილი "ტროას ცხენია“

ოპოზიციონერი დეპუტატები რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე პარლამენტს სთავაზობენ პროექტს, რომელიც საქართველოში ბინადრობის ნებართვის არმქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის დროებით, 2024 წლის 31 დეკემბრამდე უძრავი ქონების შეძენის აკრძალვას გულისხმობს. პროექტის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებს უძრავ ნივთზე ნასყიდობის ან ჩუქების ხელშეკრულებით საკუთრების უფლება შეუწყდებათ. ეს შეზღუდვა მხოლოდ იმ პირებზე არ გავრცელდება, რომლებიც ქონებას მემკვიდრეობით მიიღებენ. პროექტის ინიციატორთა განმარტებით, კანონპროექტი, უსაფრთხოების პრობლემების გარდა, გამიზნულია საქართველოს მოქალაქეების ფასების ზრდისგან დასაცავად. რა საფრთხეებს ხედავენ დეპუტატები რუსების მიერ უძრავი ქონების შეძენაში, როგორ აზღვევენ ასეთი შეზღუდვებით მოსალოდნელ საფრთხეებს, ამ და სხვა საინტერესო თემებზე­ რომან გოცირიძე გვესაუბრა:

- საქართველოში არსებული ლიბერალური სავიზო რეჟიმის პირობებში ქვეყანაში შემოსულია რუსეთის დაახლოებით 120 000 მოქალაქე, რომლებიც საქართველოში დარჩნენ და ბინებსა და სხვა უძრავ ქონებას ინტენსიურად ყიდულობენ. 2022 წელს საქართველოში რეალიზებული უძრავი ქონების თითქმის მეხუთედი უცხოეთის მოქალაქეებმა შეიძინეს. აქედან - 6062 ბინა. მყიდველთა რაოდენობა 4520 კაცს უტოლდება. 2023 წლის პირველ კვარტალში რუსეთის მოქალაქეებმა 2187 ბინა იყიდეს, სადაც მყიდველთა რაოდენობა 1679 კაცს შეადგენს. რუსეთის მოქალაქეთა მიერ საქართველოში უძრავი ქონების შეძენის ასეთი მზარდი­ ტენდენცია საქართველოს მოქალაქეების საკუთრების უფლებას ზღუდავს.­ ამის გამო მნიშვნელოვნად გაზრდილია ბინების ფასი, რის გამოც საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილისათვის გართულე­ბულია როგორც ბინის ყიდვა, ასევე ქირავნობაც. შესაბამისად, კანონპროექტი, გარდა უსაფრთხოების პრობლემებისა, გამიზნულია საქართველოს მოქალაქეების დასაცავად ფასების ზრდისგან. სხვათა შორის, ამ კანონპროექტის ანალოგიური კანონი უკვე მიიღეს ლიეტუვის რესპუბლიკაში - აკრძალეს უძრავი ქონების მიყიდვა რუსეთის მოქალაქეებისთვის. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სამართლებრივად მოწესრიგდება და ახლებურად ჩამოყალიბდება­ საქა­რთველოში ბინადრობის ნება­რთვის არმქონე რუსეთის მოქალა­ქე­თა­ სამართლებრივი მდგომარეობა.კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრების ნასყიდობის ან ჩუქების გზით შეძენის დროებით შეზღუდვა. კანონის მიღების შემდეგ შეჩერდება უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის მკვეთრი ტენდენცია და ბინების ყიდვა-ქირავნობა უფრო ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოქალაქეთათვის. მესმის, რომ სამშენებლო ბიზნესს სასიკეთოდ წაადგება რუსების შემოდინების ასეთი ტენდენცია, ფული შემოდის, მაგრამ ამას უარყოფითი შედეგებიც მოსდევს. ერთია უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა, მეორე კი ის, რომ რუსი, რომელიც საქართველოში ბინას ყიდულობს, მიზნად ისახავს აქ დამკვიდრებას. ბოლო პერიოდში ისედაც ბევრი რუსი ჩამოვიდა და დარჩა საცხოვრებლად. სავიზო რეჟიმის მოხსნის შემდეგ რუსების ახალი ნაკადი წამოვა ჩვენი ქვეყნისკენ. ეს ნიშნავს, რომ აქ გაჩნდება ძალიან დიდი რუსული დიასპორა, რომელსაც დასჭირდება რუსულენოვანი სკოლები, ბაღები და მთელი რიგი დაწესებულებები. არსებობს საფრთხე, რომ ჩვენს პატარა ქვეყანაში შეიქმნას მიკროსოციუმი, რომელიც არ იქნება ინტეგრირებული ქართველ საზოგადოებაში. ოკუპანტი სახელმწიფოდან შემოსული ხალხის დიდი მასა 3-მილიონიან პატარა, სუსტ სახელმწიფოში ნამდვილი "ტროას ცხენია".

- მმართველი გუნდის წევრები ამბობენ­, რომ რუსეთთან უვიზო რეჟიმი იმ ხელისუფ­ლების დროსაც მოქმედებდა, რომელსაც თქვენც წარმოადგენდით.

- კი, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს საქართველოსა და რუსეთს შორის ისეთივე უვიზო რეჟიმი იყო, როგორიც ახლა საქართველოსა და ევროპას შორის არის და რომლის მიხედვ­ითაც, ჩვენს მოქალაქეს ევროპაში ცხოვრება­ შეუძლია 6 თვის განმავლობაში მხოლოდ 90 დღე. ეს ნიშნავს, რომ ამა თუ იმ ევროპულ ქვეყანაში სამთვიანი ცხოვრების შემდეგ ჩვენი მოქალაქე ისევ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და 6 თვის განმავლობაში უკან აღარ გაბრუნდეს. 2015 წელს პრემიერი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს აქ ბინად­რობის სრული უფლება მივეცით. რუსეთის მოქალაქეს საქართველოში ერთთვიანი­ ცხოვრების პერიოდში შეუძლია მხოლოდ ერთი საათით გადავიდეს სომხეთში ან თურქეთში და ისევ უკან დაბრუნდეს. ეს მუდმივი ბინადრობის ტოლფასია. ტურისტი და სტუმარი კარგია, რასაც ვერ ვიტყვი ოჯახში შემოსახლებული იმპერიალისტური ბუნების ოკუპანტებზე. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში რუსეთის ბევრი მოქალაქე­ (ეთნიკურ ქართველებს­ არ ვგულისხმობ) ბინადრობის უფლებასაც იღებს და მოქალაქეობასაც, ვინაიდან ამაში­ დაინტერესებული­ არიან "ოცნებასთან" დაკავშირებული სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლები. იყიდი ბინას? გაძ­ლევენ ბინადრობის უფლებას. არადა, რუსეთში შესაძლოა ხელახალი მობილიზაცია გამოცხადდეს და კაცმა არ იცის, კიდევ რამდენი რუსი გამოიქცევა­ საქართველოში. თუ ხელისუფლებაში კოლა­ბორაციონისტები არ არიან, ჩვენს საკანონმდებლო ინიციატივაზე უარი არ უნდა თქვან.

- რუსეთის მიზანი გასაგებია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების ბრალეულობას რაში ხედავთ? პუტინი საქართველოს ხელისუფლებასთან ხომ არც სავიზო რეჟიმის დაწესებაზე შეთანხმებულა და არც გაუქმებაზე?

- პუტინი სწორედაც შეუთანხმდა "ქართულ ოცნებას". რატომ ერთი ან ორი წლის წინ არ მოხსნა სავიზო რეჟიმი? იმიტომ, რომ სამი კურდღლის დაჭერა მოინდომა ერთდროულად: პირველი - ცივილიზებული სამყაროსგან გარიყულმა საქართველოს ხარჯზე გაზარდა მეგობრების­ წრე; მეორე - საქართველოსა და დასა­ვლეთს შორის დაძაბოს ურთიერთობა და ხელი შეგვიშალოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში; მესამე - უნდა დაეხმაროს საქართველოში მის მართულ ხელისუფლებას და იმ ხალხის გული მოაგებინოს, რომელიც სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების გზას რუსეთში ხედავს. ღარიბაშვილი დემაგოგობს, როდესაც ამბობს, რუსეთში მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობსო. სინამდვილეში, რუსეთში 2020 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით 113 000 ქართველი ცხოვრობს. საქართველოდან წასული არიან სხვადასხვა ერთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებიც, სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები და კიდევ სხვები, ყველანი ერთად სულ 150 000 კაცია.

- მაინტერესებს თქვენი პასუხი პრემიე­რის განცხადებაზე: "2008 წელს, რუსეთთან მომაკვდინებელი ომი რომ იყო, რატომ არ დაიწყეს ან ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ან ჩვენმა ხელისუფლებამ რუსეთთან პოლიტიკის გადახედვის ან სანქციების დაწესების კამპანია? ვინმემ რამე სანქციები დაუწესა რუსეთს?!"

- მაგან ისიც თქვა, თუ ამერიკელებს არ მოსწონთ რუსეთმა რომ მოგვიხსნა­ სავიზო რეჟიმი, თავადაც მოგვიხსნან და ფრენებიც დანიშნონ თბილისსა და ვაშინგტონს შორისო. ეს ანტიდასავლური რიტორიკაა. გაიხსენეთ, რა ილაპარაკა უნგრეთში ვიზიტისას, ორბანთან ერთად პრესკონფერენციაზე? ერთიერთში გაიმეორა პუტინის თეზისები­. როგორც ჩანს, ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხი უკვე მომწიფებულია რუსეთის ბაღში ჩასავარდნად. ყველაფერი, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს,­ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. მოღალატეობა ორგვარია: ერთია იდეური - მაგრამ დღეს წარმოუდგენელია, ადამიანს რამით მოსწონდეს ის წუმპე, რაც რუსეთშია; და მეორეა მოღალატეობა სარგებლით. ჩვენ დღეს მოღალატეობის იმ ფორმასთან გვაქვს საქმე, რასაც გამყიდველობა ჰქვია. გაყიდეს საქართველოს ინტერესები ივანიშვილისა და მათი პირადი ინტერესების სასარგებლოდ.

ხათუნა ბახტურიძე