"დიახ, რუსეთის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გამიზნული იყოს საიმისოდ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა დაიძაბოს" - კვირის პალიტრა

"დიახ, რუსეთის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გამიზნული იყოს საიმისოდ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა დაიძაბოს"

"რუსეთის გადაწყვეტილების მოტივი შეიძლება იყოს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის დაძაბვა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანების ჰუმანიტარული­ მდგომარეობის შემსუბუქებაც. საპასუხოდ არაფერი არ უნდა მოვიმოქმედოთ", - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ­ სარჯველაძე რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებას ავიარეისების აღდგენისა და ვიზების გაუქმების შესახებ. 15 მაისიდან რუსეთი გააუქმებს სავიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის, ბრძანებას ხელი პუტინმა უკვე მოაწერა. სარჯველაძის თქმით, როცა შეფასებები კეთდება, თუ ვის რა მოტივი შეიძლება ჰქონოდა ასეთი­ გადაწყვეტილების მიღების დროს, შეიძლება ("ქართულ ოცნებაში") სხვადასხვა ვერსია გამოთქვან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე დისონანსი არსებობს.

- დიახ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მართალია, რომ რუსეთის ფედერაციის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გამიზნული იყოს საიმისოდ, რომ ხელი შეეშალოს საქართველოსა და ევროკავშირს, ჩვენი ურთიერთობა დაიძაბოს და ა.შ. ამას დამაჯერებლად ვერ დავამტკიცებთ, მაგრამ შეიძლება ასეც იყოს. ამიტომ ეს გვავალდებულებს ვიყოთ ფრთხილად, როცა ასეთ საკითხებს ვეხებით, და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული პრობლემა­ - მათ, ვისაც თავის დროზე შეექმნა პრობლემა, რუსეთის გადაწყვეტილების გამო მდგომარეობა უუმჯობესდებათ. ეს არის კარგი ამბავი. აქედან გამომდინარე, ეს ორი დებულება ერთმანეთს არამც და არამც არ გამორიცხავს. რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ, მგონი, მოცემულ ვითარებაში ამის საპასუხოდ არავითარი გადაწყვეტილება არ არის აუცილებელი. ამის მიზეზს პირადად მე ვერ ვხედავ. საქართველომ უნდა გააგრძელოს იმ გეზით სვლა, რომლითაც მიდიოდა.­ ეს გულისხმობს ერთადერთს - განვაგრძობთ სვლას ევროკავშირისკენ. პუტინმა საქართველოს სანქციები 2019 წელს დაუწესა. გული მეტკინა, ჩვენს მოქალაქეებს ყოფითი, ოჯახებთან დაკავშირების პრობლემა რომ შეექმნათ. სხვათა შორის, ამერიკამ და ევროკავშირმა, სწორედ ჰუმანიტარული მოტივებიდან გამომდინარე, მოუწოდეს პუტინს ამ გადაწყვეტილების შეცვლა. ახლა, როდესაც გადაწყვეტილება შეიცვალა ჩვენგან დამოუკიდებლად, ამაში რატომ ვერ ვხედავთ პოზიტივს?

- დღეს ხომ 2019 წლისგან განსხვავებული ვითარებაა? შესაბამისად, სავიზო რეჟიმის გაუქმების კონტექსტიც სხვა არის.

- ქართველები დღესაც ცხოვრობენ რუსეთში და მშობლები ან შვილები საქართველოში ჰყავთ. მათ ოჯახების სანახავად ბაქოში ჩაფრენა­ და მერე იქიდან აქეთ გადმოფრენა უწევდათ. მაშინაც ოკუპირებული იყო საქართველოს ტერიტორიის 20%. როგორც მაშინ არ შეიძლებოდა შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება რუსული სანქციების შესახებ და წმინდა ჰუმანიტარული საკითხი იყო, ახლაც ზუსტად ასეა.

- მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები, მით უმეტეს, არასანქცირებული თვითმფრინავებით, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შემადგენელი ნაწილია.

- სამწუხარო მოცემულობა გვაქვს - ცალკეულ პირებს უწევთ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა. მე, მაგალითად, მირჩევნია ევროკავშირთან უფრო აქტიური სავაჭრო ურთიერთობა გვქონდეს, ვიდრე რუსეთთან, მაგრამ რას ვიზამთ, ჩვენი ბაზარი არ არის იმდენად დივერსიფიცირებული, რომ ქართველ გლეხს რუსეთში სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობა ავუკრძალოთ. ბიზნესურთიერთობები პირად ურთიერთობებსაც მოითხოვს. მთავარი პრობლემა ის არის, საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, რომელსაც გადაწყვეტილების მიღების დროს სრულიად სხვა მოტივები ჰქონდა და არა ის, რომ (როგორც ოპოზიცია ამბობს) ჯილდო მიეცა "ქართული ოცნებისთვის". რა უნდა გაგვეკეთებინა პუტინის ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ, ომი გამოგვეცხადებინა რუსეთისთვის? ზოგი გვეუბნება, საერთოდ არ უნდა გაგეკეთებინათ განცხადებებიო. ესე იგი, მედიას უნდა დავმალოდით? თქვენ გახსოვთ, რა დღეში ჩაგვაგდო ოპოზიციამ 2019 წელს, როდესაც რუსეთმა სანქციები დაგვიწესა? ახლა რადიკალურად სხვა გადაწყვეტილებაა და ისევ ჩვენ გვლანძღავენ. რა გამოდის? თუ ახლა დაგვაჯილდოვა პუტინმა სანქციების მოხსნით, 2019 წელს რატომ დაგვიწესა, დაგვსაჯა? ძალიან მაინტერესებს ამ კითხვაზე იმ ოპოზიციონერების პასუხები, რომლებიც ჩვენს მოსახლეობასა და უცხოელ პარტნიორებს დღენიადაგ ატყუებენ, "ქართულმა ოცნებამ" საგარეო კურსი შეცვალაო! იქნებ ჯერ თავად ჩამოყალიბდნენ და მერე ილაპარაკონ?!

- რას იტყვით რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ინიციატივაზე,­ რომელიც საქართველოში ბინადრობის ნება­რთვის არმქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის დროებით, 2024 წლის 31 დეკემბრამდე უძრავი ქონების შეძენის აკრძალვას გულისხმობს. ასევე საინტერესოა, რას ფიქრობთ ევროკავშირის მოწოდებაზე, რომ საქართველო შეუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში და ყურადღებით იყოს სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ შესაძლო ცდაზე?

- ვიტყვი იმას, რომ ეს არის პირდაპირი მოწოდება, ჩავიტაროთ ხარაკირი. ვინც საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე საუბრობს, რატომ არ ეუბნება საქართველოს მოსახლეობას, რომ ეს მათ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის?

- ამას არა, მაგრამ იმას კი ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებას" შეეძლო ამ ათი წლის განმავლობაში სავაჭრო ბაზრის დივერსიფიცირება და ქართული ეკონომიკა რუსეთზე დამოკიდებულებისგან ეხსნა.

- ჩვენი ეკონომიკა მხოლოდ რუსეთზე­ არ არის დამოკიდებული. ამასთან, ეს არის საკითხი, რომლის მოგვარებაც ერთ და ორ წელიწადშია შესაძლებელი. ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ ხელი შეგვეწყო ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციისთვის, სხვა ბაზრების გახსნისთვის, მათ შორის ამერიკის­ ბაზრის მიმართულებითაც, მაგრამ, სამწუ­ხაროდ, ყველაფერი პოლიტიკურ ნებაზე­ არ არის დამოკიდებული. ბევრი ფაქტორი გვიქმნის დაბრკოლებას, მათ შორის მანძილი, პროდუქტის ხარისხი და ა.შ.

- თქვენ საუბრობთ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე, რომლებიც შესაძლოა იმ შემთხვევაში შეგვექმნას, თუ საქართველო შეუერთდება სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ის გამოწვევები თუ გაქვთ გაანალიზებული, რაც შესაძლოა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გაფრთხილების უგულებელყოფას­ მოჰყვეს? როგორც, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე ვედანტ პატელმა­ განაცხადა, თუ ფრენები აღდგება, კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენო.

- ვერ დაგეთანხმებით, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა. უფრო სწორი ვიქნები, თუ ვიტყვი, ოპოზიციამ სრულიად გაუმართლებლად ატეხა აჟიოტაჟი და პატელმაც ამ აჟიოტაჟის კვალდაკვალ განაცხადა, რომ საქართველოში სანქცირებული ბორტის ჩამოსვლა პრობლემას გამოიწვევს. თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ საქართველოს ხელისუფლება სანქცირებული ბორტების მიღებას აპირებს? ჩვენ უკვე ვთქვით, რომ აქ სანქცირებული ბორტები არ ჩამოვლენ. ისე, მაინტერესებს, ისრაელს აქვს სანქცირებული ბორტების მიღების უფლება? მგონი, არა. არადა, რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა აქვს. ალბათ, ისრაელის ხელისუფლებაზეც უნდა ბრაზობდნენ ვიღაცები შეერთებულ შტატებში ან ევროპაში... საქმე ის არის, ისრაელის ოპოზიცია იმას არ კადრულობს, რასაც ჩვენი ოპოზიცია კადრულობს. ჩვენ ვდგავართ ასეთი რეალობის წინაშე - გვყავს ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენის გამო ჩვენ გვაკრიტიკებენ, არადა, როდესაც თავად იყვნენ ხელისუფლებაში, ცალმხრივად გაუუქმეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან. ამ ხალხისთვის დაბრკოლება არ აღმოჩნდა 2008 წლის აგვისტოს ომი და ქართული მიწების ოკუპაცია, მაგრამ ფაქტორია რუსეთ-უკრაინის ომი. ეს ორმაგი სტანდარტია თუ საქართველოს ოკუპაცია არ ანაღვლებთ? თუ უკრაინაზე უფრო მეტად შესტკივათ გული?

ხათუნა ბახტურიძე