"ნახევარიც თუ მართალია. რაც მელიამ ილაპარაკა, მაშინ არც ვიცი, რა ვთქვა!“
რა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იძლევა ბოლო პერიოდის კვლევები, როგორია რეალურად მმართველი პარტიის რეიტინგი, რა რესურსი აქვს ოპოზიციას 2024-ის არჩევნებში გამარჯვებისთვის და იქნება თუ არა მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული, ამის შესახებ ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრა:
- პრემიერ ღარიბაშვილის თქმით, "ოცნების" მაღალი რეიტინგი იმით არის განპირობებული, რომ ხალხი ობიექტურად აფასებს რეალობას. "უპასუხისმგებლო ნეოფაშისტებისა და რადიკალებისგან შექმნილ აჟიოტაჟში გვავიწყდება გამოწვევა, რომელშიც დღეს მთელი მსოფლიოა. უკრაინა ინგრევა, 20% ოკუპირებულია, პოლიგონადაა გადაქცეული და არავინ არ იცის, როდის დასრულდება ეს ომი. ამ დროს თურმე ვიღაცები პროვოკაციების მოწყობას, დესტაბილიზაციას ცდილობენ, მეორე ფრონტებზე ლაპარაკობენ. ხალხი ამას ხედავს, აფასებს", - ამბობს პრემიერი.
- მე მაინტერესებს, ღარიბაშვილის აზრით, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში თუ უკრაინა რუსეთში?! ქვეყანამ საკუთარი ტერიტორიების დასაცავად უნდა იბრძოლოს თუ არა?!
- ომის თავიდან არიდება უნდა შეძლოს, როგორც ეს "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა.
- საქმე ის არის, რუსეთმა რომელ რეგიონებშიც შეეძლო კონფლიქტის გაჩაღება, გააჩაღა კიდეც. ააფეთქა აფხაზეთი, ცხინვალი და ამით ამოწურა თავისი რესურსი. რუსეთმა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩაიდო ამ რეგიონებში ნაღმები. შესაბამისად, "ოცნების" დამსახურება სულაც არ არის, რომ დღეს საქართველოში ომი არ არის.
- ხელისუფლების თეორიით, ამჯერად დასავლეთს სურდა ჩვენი ჩართვა ომში.
- ეს ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული თეორიაა. ამ საკითხზე მსჯელობაც კი სისულელედ მიმაჩნია. ძალიან არადამაჯერებელია ღარიბაშვილი, როდესაც ამბობს, რომ "ქართული ოცნების" გამარჯვებაში დარწმუნებულია. თუ მართლა ასე გალაღებული არიან, მაშინ რატომ შეაქვთ ცვლილებები საარჩევნო კოდექსში? თუ აქამდე შეიძლებოდა ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით არჩეულიყო, 2024 წლამდე რატომ არ შეიძლებოდა ამ წესის ძალაში დატოვება? ცესკოს დაკომპლექტების 2021 წელს მიღებული წესის უგულებელყოფით "ქართული ოცნება" უარს აცხადებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რითაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესს, ევროინტეგრაციის პროცესს და იმ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლებსაც საქართველოსა და მისი სტრატეგიული პარტნიორების ურთიერთობა ეფუძნება. რისთვის აკეთებს ამას?! სიმართლე ის არის, რომ "ოცნების" რეიტინგი დღეს ისეთი დაბალია, როგორიც არასდროს არ ყოფილა და ეს კარგად იციან. ამიტომ გადავიდნენ ახალ სტრატეგიაზე, დაიწყეს საუბარი ოჯახურ სიწმინდეებსა და ტრადიციებზე. ახლა ამით დაიწყეს ხალხის დაშინება, ვითომ ქართველების იდენტობას ემუქრება ვინმე. ღარიბაშვილსა და კობახიძეს რომ უსმინო, გეგონება, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ლგბტ თემის წარმომადგენლები არიან და სხვა ღირებულებები არ გააჩნიათ. საქართველოში ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი და ღრმად მორწმუნეა, დასავლეთში კი მხოლოდ ათეისტები და მწვალებლები ცხოვრობენ. უკვე წარმოუდგენელ რაღაცებს ამბობენ. როდესაც ხელისუფლება ასეთი თემებით მანიპულირებას იწყებს, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე სათქმელი არაფერი აქვს.ან კი რა უნდა თქვან, მთელი ქვეყანა გაქცევაზე ფიქრობს! ხალხი ვალებს იღებს, ბინებს ყიდის, რომ როგორმე გააღწიონ აქედან. კვლევის როგორი შედეგიც არ უნდა დადოს "გორბიმ" და რაც არ უნდა თქვან ღარიბაშვილმა და კობახიძემ, ხალხმა ხომ იცის, რა ვითარებაშიც უწევს ცხოვრება?! ასე ლაპარაკობდნენ თავის დროზე სააკაშვილის, უფრო ადრე კი შევარდნაძის ხელისუფლების წევრები და კი ვიცით, როგორც დაასრულეს მოღვაწეობა. ასე დაასრულებს "ქართული ოცნებაც". ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად და ამისთვის მხოლოდ სახელისუფლებო რესურსს კი არა, ყველა შესაძლებლობას იყენებს. სათავისოდ კარგად მუშაობს, ოპოზიციისგან განსხვავებით. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვება გარანტირებული აქვს.
- კიდევ რა რესურსს შეიძლება იყენებდეს "ქართული ოცნება"?
- მათ მოახერხეს და მთავარი ოპოზიციური ძალა დაშლის პირას მიიყვანეს. დანარჩენი ოპოზიცია "ნაციონალების" ფრთის ქვეშ მიდენეს და ამით იდენტობა დაუკარგეს. შესაბამისად, ამომრჩეველს ნდობა დააკარგვინეს - მიუმხრობელმა ელექტორატმა, რომელსაც არც "ოცნება" მოსწონს და არც "ნაცმოძრაობა", არ იცის, რა ქნას. მმართველმა გუნდმა პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და სხვა საზოგადო მოღვაწეებს შორის ყველა მოისყიდა, ვისი მოსყიდვაც შეიძლება. ვისი გადაბირებაც შეიძლებოდა, გადაიბირა, დააშინა. ყველანაირი ხერხი გამოიყენა, რომ საზოგადოებაში შეექმნა ილუზია, თითქოს არსებობენ მხოლოდ "ოცნება" და "ნაცმოძრაობა". "ოცნება" თავისი რიტორიკით ისე დაემსგავსა "ხალხის ძალას", არ გამოვრიცხავ, ამ ძალის ბაზაზე შეიქმნას კიდევ ერთი პარტია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში პროდასავლურ იმიჯს მოირგებს. ასე თუ ისე, ეს გუნდი მუშაობს, ოპოზიციას კი სძინავს. ამ ფლანგზე ჯერ ისიც კი არ არის გარკვეული, საბოლოოდ რა სახეს მიიღებს "ნაციონალური მოძრაობა". პრობლემა ისიც არის, რომ ამ ფლანგზე არიან ლიდერები, რომლებიც, მათზე შექმნილი სტერეოტიპიდან გამომდინარე, ვერასდროს ვერ მოიპოვებენ ხალხის მხარდაჭერას. თუმცა მაინც დიდი ამბიციები აქვთ, ნაბიჯითაც არ უნდათ უკან დახევა და კულუარებში მუშაობა. ამასთან, პოზიტიური პროგრამა არა აქვთ. მათი ერთადერთი გზავნილია, რომ ევროპა სურთ, ეს კი საკმარისი არ არის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ოპოზიციონერი ლიდერები ვერა და ვერ მიხვდნენ, რომ სოციალურ და ეკონომიკურ თემებზე საუბარი და გამოსავლის გზის ჩვენებაა საჭირო. წარსულია სწორად შესაფასებელი, კრიტიკულებიც უნდა იყვნენ და თვითკრიტიკულებიც. სხვაგვარად, ვერც შიდა ელექტორატის და ვერც დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ... ვიღაცამ როგორღაც ინტელექტუალური ჯგუფი უნდა შეკრიბოს, რომელსაც არჩევნებში პირადი ინტერესები არ ექნება.
- დღეს ასეთი ადამიანების მოძებნას შესაძლებლად მიიჩნევთ?
- ადვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ უნდა ეცადონ. მხოლოდ იმის ძახილი, რომ ხელისუფლებაში რუსები არიან, საქმეს არ შველის.
- თქვენთვის თუ მოუმართავს კონსულტაციისთვის რომელიმე ოპოზიციონერ ლიდერს?
- რასაც მე ვლაპარაკობ ჯერ მარტო თქვენი გაზეთის ფურცლებიდან, იმაზე მეტი რაღა უნდა ვთქვა?! სხვებსაც მოუსმინონ და სწორი დასკვნა გამოიტანონ. ხომ გაგიგონიათ,„სხვა სხვის ომში ბრძენიაო, ოპოზიცია თავადვე უნდა იყოს დაინტერესებული ნეიტრალურად განწყობილი პირის თვალით შეხედოს საკუთარ თავს. ესენი ვერც ობიექტურად აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს და ვერც სწორ ანალიზს აკეთებენ. ბოლო დროს კარდაკარ სიარული დაიწყეს. ეს კარგია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სათქმელი გაქვს. მაგათი ლამაზი თვალების ნახვა ნამდვილად არ აინტერესებს ხალხს. ამ რამდენიმე ხნის წინ მელია გამოვიდა ტელევიზიით და საოცარი რაღაცები თქვა. ნახევარიც თუ მართალია, მაშინ არც ვიცი, რაღა ვთქვა!
- რას გულისხმობთ?
- თურმე ადეიშვილის, მერაბიშვილისა და კეზერაშვილის ტრიუმვირატი განაგებენ პარტიას და "ნაციონალური მოძრაობა" გადასარჩენია. ხაბეიშვილმა სასიკეთოდ მართლაც ვერაფერი შეცვალა პარტიაში, მით უფრო სააკაშვილის სასარგებლოდ არაფერი გააკეთა. პირიქით, სტრასბურგმა მთლად დაუსვა წერტილი სააკაშვილის იმედს. ჯერ ის რა სავალალოა, რასაც გარედან ვხედავთ და ღმერთმა უწყის, პარტიის კულუარებში რა ხდება.
ყველაფერი, რაც ხდება ოპოზიციასა თუ ხელისუფლებაში, ცუდიც და კარგიც, ობიექტურად უნდა გაანალიზდეს. გასარკვევი და გასაანალიზებელია ისიც, თუ ოპოზიცია 5%-იან ბარიერს გადალახავს და პარლამენტში შევა, რატომ უნდა შექმნას კოალიცია "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებასთან"?! არ არის სწორი, როდესაც ამბობ, კოალიციას შევქმნი "ნაციონალებთან", მაგრამ არ შევქმნი "ქართულ ოცნებასთანო". ჩემთვის ორივე მიუღებელია, მაგრამ ისიც ვიცი, რომ კოალიციის გარეშე მთავრობის ფორმირება შეუძლებელია. ამიტომ შენ უნდა თქვა, რომ კოალიციას შექმნი იმ ძალასთან, რომელთან ერთადაც შენი პროგრამების განხორციელება იქნება შესაძლებელი. ამაზე ლაპარაკი ახლავე უნდა დაიწყონ პატარა პარტიებმა. ახლავე უნდა დაიწყონ იმის გაანალიზება, რას წარმოადგენდა "ნაცმოძრაობა" და რას წარმოადგენს "ქართული ოცნება". რომ დაუჩემებიათ "ნაციონალებს", სახელმწიფო შევქმენითო, რა სახელმწიფო შექმნეს?! სახელმწიფო, სადაც სამართალი არ არის?! ასეთ სახელმწიფოში ადრეც ხომ ვცხოვრობდით? ან რა პროევროპულობას იჩემებენ?! პროევროპულობა სამართლის გარეშე პროლეტარიატია, რომელზეც ლენინი ამბობდა, ნებისმიერ დემოკრატიას სჯობსო. პროევროპულობა სამართლებრივი სახელმწიფოა, ჩვენ კი სამართლებრივ ქვეყანაში ერთი წუთითაც არ გვიცხოვრია ამ 30-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში.
- ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ პატარა ოპოზიციური პარტიებისთვის კოალიციის შექმნა ან თუნდაც არჩევნებამდე რაიმე ტიპის თანამშრომლობა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, გახარიასა და ხაზარაძის პარტიებმა თეორიულად იციან, რომ წინასაარჩევნოდ ერთიანი სტრატეგიის შექმნა ორივეს სასიკეთოდ წაადგება, მაგრამ ერთ მაგიდასთან დასხდომას ვერ ახერხებენ.
- იცით, რატომ? ოპოზიციაში ლიდერი უფრო მეტია, ვიდრე მხარდამჭერი. არის კიდევ ერთი პრობლემა - დღეს ოპოზიციაში დამოუკიდებლად შექმნილ პარტიებთან ერთად არიან "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" ანასხლეტი პარტიები - ანუ პოლიტიკური სპექტრი სამი კომპონენტისგან შედგება. ვიღაცები კრიტიკულ მომენტში ისევ "ნაციონალების" ან "ქართული ოცნების" მხარეს დადგებიან. ამ საკითხზეც ბევრი სამუშაოა. უნდა გამოიკვეთოს, რა არ გვინდა არავითარ შემთხვევაში, რა გვინდა აუცილებლად და რაზე შეიძლება თვალის დახუჭვა. ამაზე თუ დაიწყება მსჯელობა, პოლიტიკოსებს ამომრჩეველთან სალაპარაკოც გაუჩნდებათ. ახლა ყველა ოპოზიციონერი მხოლოდ იმაზე ლაპარაკობს, რომ "ქართული ოცნება" პრორუსულია და მათი ერთმანეთისგან გამორჩევა უჭირს ამომრჩეველს, ყველა ერთნაირი ჰგონია.
- ამასობაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიც ახლოვდება. როგორ გგონიათ, გვექნება მრავალპარტიული პარლამენტი?
- ძნელი სათქმელია, ოპოზიციაზეა დამოკიდებული. ერთი რამ დაზუსტებით შემიძლია გითხრათ - თუ პარლამენტი ორპარტიული იქნება, ხელისუფლებაში ისევ "ქართული ოცნება" დარჩება. ისე კი არ გამოვრიცხავ, რომ შემოდგომისკენ ახალი პარტიები და ახალი პოლიტიკური მოთამაშეები გამოჩნდნენ პოლიტიკურ ველზე.
- ახალი მოთამაშეები საიდან უნდა მოვიდნენ?
- საზოგადოებიდან. ასპარეზი არის, მიუმხრობელი ამომრჩეველი ბევრია. რატომაც არ უნდა სცადონ ბედი?
ხათუნა ბახტურიძე