რა ბედი ეწევათ ოკუპირებულ რეგიონებში დატყვევებულ ქართველებს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძეს, რომელსაც ბრალი "ჯაშუშობაში" ედება, 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ადგილობრივი სააგენტო აპსნყპრესს.ინფო-ს ცნობით, "უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, თაკალანძე სასჯელს საერთო რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში მოიხდის. ქრისტინე თაკალანძეს აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე "ჯაშუშობის" მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არ უღიარებია".
თაკალანძეს აფხაზეთის ე.წ. პროკურატურა 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის ივლისამდე საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებაში, შეგროვებასა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გადაცემაში ადანაშაულებდა. ე.წ. უშიშროების სამსახურის საიტზე 25 ივლისს გამოქვეყნებულია ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს დაკავებული ახალგაზრდა ქალი და მისთვის ჩხრეკისას ჩამორთმეული მობილური ტელეფონი, პირადობის მოწმობა და საბანკო ბარათები. ასევე ქართულად დაწერილი ბარათი, რომელზეც მკაფიოდ იკითხება სიტყვები: "თუ წახვედი გალში ან ზუგდიდში, ეს წამალი მომიტანე" და წამლის სახელწოდება. ვიდეოში ჩანს კიდევ ერთი, ნაწილობრივ დამწვარი ფურცელი ხელით ქართულად დაწერილი, არცთუ გამართული ტექსტით, რომელიც იწყება სიტყვებით: "თქვენ უნდა შეხვიდეთ ნდობაში", რაც აფხაზურმა ე.წ. მილიციამ მტკიცებულებად წარმოადგინა.
2020 წელს დაკავებულ 28 წლის ირაკლი ბებუას, გალის ე.წ. საქალაქო სასამართლომ ცხრაწლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა მიუსაჯა. "ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფასა და სხვისი ქონების განზრახ განადგურებაში", თუმცა საბრძოლო მასალის შენახვა არ უღიარებია.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ცენტრალური ხელისუფლება, ისევე როგორც საერთაშორისო პარტნიორები, ყველაფერს აკეთებენ ქრისტინეს თაკალანძისა და ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად.
თაკალანძის ადვოკატის ავთანდილ ჭკადუას თქმით, თაკალანძე ჯერ კიდევ ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. "თაკალანძეს მშობლებთან, ნათესავებთან, ახლობლებთან ურთიერთობას არ უზღუდავენ. ერთხანს პაემნის უფლება არ მისცეს, მაგრამ ახლა უკვე მათთან შეხვედრისა და ტანსაცმლის, საკვების მიღების უფლებითაც სარგებლობს".
2023 წლის იანვრის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაშია საქართველოს 4 მოქალაქე: გალის რაიონში ე.წ. აფხაზეთის დროშის გამოსახულებიანი ბანერის დაწვის მცდელობისთვის დაკავებული ირაკლი ბებუა, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ქრისტინე თაკალანძე, ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული გალის მცხოვრები ა.თ. და ასევე ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირი, რომლის ვინაობაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გაუმხელია.
ზურაბ ბენდიანიშვილი, კონფლიქტოლოგი: - ქართულ მხარეს ქრისტინე თაკალანძის, ირაკლი ბებუასა და კიდევ ერთი, ე.წ. ნარკოტიკებით ვაჭრობაში "ბრალდებული" მოქალაქის გასათავისუფლებლად ბერკეტები შეზღუდული აქვს, მაგრამ როდესაც ამბობენ, ყველაფერს ვაკეთებთო, ერთი ან ნახევარი ნაბიჯი მაინც უნდა ჰქონდეთ გადადგმული.
2020 წლის 30 სექტემბერს აფხაზური დროშის დაწვისთვის დაკავებული ირაკლი ბებუას საქმეში ძვრაც არ არის. განცხადებები, ყველაფერს ვაკეთებთო, საკმარისი არ არის, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და ტრიბუნა უნდა გამოიყენონ, რასაც არ აკეთებენ. გვქონდა შემთხვევები, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ე.წ. ცხინვალის რეგიონის ტერორში ბრალდებული "მოქალაქეებიც" კი შეიწყალა იმისთვის, რომ სეპარატისტული ციხეებიდან ჩვენი მოქალაქეები გამოეყვანა. ეს იყო სამმაგი გაცვლა აფხაზეთიდან - ანუ გამოსავალი არის.
- როგორ ფიქრობთ, თაკალანძეს გრძელვადიან პატიმრობაში დატოვებენ?
- არა მგონია, მთლიანად მოხდამ მოუწიოს, თუნდაც იმიტომ, რომ რეგიონში ძალიან სწრაფად იცვლება პროცესები. ბევრი რამ დამოკიდებულია უკრაინის ომზე. ასეც რომ არ იყოს, განსაზღვრული პერიოდის შემდეგ ასეთი საქმეები გაცვლით მთავრდება, ოღონდ თუ ხელისუფლება იაქტიურებს. აფხაზეთში დიდი ხანია კლანებს შორის დაპირისპირებაა - ხელმძღვანელობის ერთი ნაწილისთვის ენგურის გავლით სავაჭრო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ეწინააღმდეგება. რუსეთის ზეწოლა მათზე ძალიან ძლიერია და ეს ყველა "უწყებაზე", მათ შორის ე.წ. უზენაეს სასამართლოზეც ვრცელდება. ასეთი გადაწყვეტილებით რუსეთს ეუბნებიან, ჩვენ შეუვალი ვართ ქართველებთან დაკავშირებითო. მათ აქვთ ინფორმაცია, რომ აფხაზი პოლიტელიტა და საზოგადოების ნაწილი ქართულ მხარესთან ურთიერთობის ფორმებს ეძებს და ასეთი სასტიკი გადაწყვეტილებებით ამ "გარღვევების" ერთგვარად კომპენსაციას ცდილობენ, რადგან იციან, რომ ასეთი ქმედებებით რუსეთი ძალიან ღიზიანდება, რადგან მისი პრინციპია - სადაც მე არა ვარ, იქ ყველაფერი ცუდად უნდა იყოს. ამიტომ ცდილობენ ყველაფერი ქართული, დასავლური დაბლოკონ და შეაფერხონ ერთმანეთთან დაახლოებისა და თანამშრომლობის გზები.
გალის რაიონის სოფელში მცხოვრები ქრისტინე თაკალანძის აგენტობის არ სჯერა აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილს.
ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი სოციალურ ქსელებში წერს, რომ "ყველა, ვინც მათი ქვეყნის წინააღმდეგ სასჯელს ჩაიდენს, უნდა დაისაჯოს, მაგრამ საჭიროა საქმე დადასტურებული იყოს, გალელი თაკალანძის შემთხვევაში კი ძალიან ბევრი კითხვაა, რადგან რაშიც მას ბრალს სდებენ, მარტო ვერ ჩაიდენდა".
ირაკლი ლოგუა, სოხუმელი აქტივისტი: "ვინ გამოიძია ამ გოგონას საქმე, ექსტრასენსებმა?.. არც ერთი გამომძიებელი არ ჩანს. თუ ასეთ უბრალო ადამიანს, გალის რაიონში მცხოვრებ გოგოს მიუწვდებოდა ჩვენს სამხედრო და სახელმწიფო საიდუმლოებაზე ხელი, ან რუსეთის ბაზებს აკვირდებოდა, როგორ აკეთებდა ამას, მაშინ როდესაც იმხელა გალავანი აქვთ შემოვლებული, რამდენიმე კმ რადიუსზე ვერ ვუახლოვდებით. ბიჭვინთაშიც გვაქვს მათი ბაზები და ვიცით, რაც ხდება, ისეთი შეზღუდვა აქვთ... ეს რამდენიმე დღის წინ გამოსული ახალგაზრდების პროტესტზე "პასუხი" ხომ არ არის, ამხელა საფრთხის წინაშე დგახართ, თქვენ კი ბიჭვინთის აგარაკებსა და მიწების გადაცემას აპროტესტებთო? ჩვენს ხელისუფლებას უნდა ვკითხო, თუ გალელ გოგოს ჩვენს სახელმწიფო საიდუმლოებებზე ხელი ასე მარტივად მიუწვდება, ღამე მშვიდად როგორ გძინავთ?!".
ეთერ გულია, აქტივისტი: "მართლა ვინმეს ჰგონია, რომ ქართული სპეცსამსახურები ასეთ მოუმზადებელ კადრს გამოგზავნიდნენ, რომელიც ფურცელზე დაწერილი წერილებით ხელმძღვანელობს?.. ტელეფონი ყველგან იჭერს, ქართული მობილური ოპერატორები თითქმის მთელი გალის რაიონს ფარავენ და რაღა ამ გოგოს გამოატანეს ქაღალდზე დაწერილი სამოქმედო გეგმა. ჩვენი უზენაესი სასამართლო, შემთხვევით ინალ არძინბასა და გვაზავას მითითებით ხომ არ მოქმედებენ, ყველგან უცხოური სპეცსამსახურები რომ ელანდებათ?".