„ჩვენ ოკუპანტები ვიყავით“ - კვირის პალიტრა

„ჩვენ ოკუპანტები ვიყავით“

მექსიკის გავლით ამერიკაში მოხვედრას სულ უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი ცდილობს. ყველა მათგანი მიზეზად სამხედრო ნაწილებში­ უსამართლობას, მეთაურობისგან დაკისრებულ დანაშაულებრივ დავალებებსა­ და პროტესტის შემთხვევაში მუქარას ასახელებენ. 33 წლის რუსი ოფიცერი კონსტანტინ ეფრემოვი ახლა ამერიკაში პოლიტიკური თავშესაფრის მოლოდინშია. როგორც ამბობს, თითქმის ყოველდღე უკავშირდებიან ნაცნობი­ თუ უცნობი სამხედროები და სთხოვენ ასწავლონ გზა, თუ როგორ დატოვონ შეიარაღებული ძალები ისე, რომ მეთაურობას ეჭვი არ გაუჩნდეს და შემდეგ აშშ-ს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართონ.

lali2-1684066152.jpg

- ვინც პირველად გაბედა არმიიდან წასვლა და შემდეგ იქაურ მდგომარეობაზე საჯაროდ საუბარი, ის არის ჩემთვის გმირი. არ შეუშინდნენ სახელისუფლებო­ პროპაგანდის ტალახს, ოჯახების შევიწროებას და მაინც წავიდნენ. ეფ-ეს-ბეს აგენტები ან გადაბირებულები, რომლებიც ხელისუფლებისთვის "მიუღებელ პერსონებზე" ინფორმაციას აგროვებენ, თითქმის ყველა ქვეყანაში არიან. ამიტომ სხვა ქვეყანაში ჩასული უპირველესად რუსებს უნდა ერიდოს­. ერთხელ ჩემი დაუდევრობით კინაღამ საფრთხე შემექმნა. გადაბირებულებს შორის არიან ის სამხედროები, რომლებიც სამშობლოდან ვითომ დასახმარებლად გირეკავს, ძალიან მარტივ კითხვებს გისვამს, ახლა სად ხარ, რა საბუთები მოგთხოვეს, შენნაირი ბევრია?..

ომამდე ჩეჩნეთში დისლოცირებულ 42-ე მოტომსროლელთა დივიზიაში კონტრაქტით ვმსახურობდი. ჩვენ ჩეჩნეთის ორივე ომში რუსული ნაწილების დანატოვარი სამხედრო ნარჩენების, ნაღმებისა და სხვა საბრძოლო მასალისგან იქაურობის გასუფთავება გვევალებოდა. მოსახლეობას არ ვუყვარდით, მაგრამ შიშით აშკარად არავინ გამოხატავდა. ის, რაც რუსეთის სამხედრო ნაწილებმა ჩეჩნეთში ჩაიდინეს, არ ვიცოდი. ჩვენ სულ სხვა ინფორმაციას გვაწვდიდნენ - თითქოს ჩეჩენი სეპარატისტები აჯანყდნენ და თავიანთ ხალხს, რომელსაც რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა სურდა, იარაღით დაუპირისპირდნენ. ვითომ მათ დასაცავად შევიდნენ ჩეჩნეთში რუსეთის სამხედრო ნაწილები.

სამხედრო გზა გაჭირვების გამო ავირჩიე­ - მე და დედაჩემი, რომელსაც თანდაყოლილი დაავადება აქვს, ძალიან პატარა ბინაში ვცხოვრობდით. იმ სიღარიბეში ცხოვრება აუტანელი იყო და შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტორად დავიწყე სამსახური. ჩემი თანატოლები, უფროსები შეიარაღებულ ძალებში სამხედრო კონტრაქტს სტაბილური შემოსავლის გამო აწერდნენ ხელს. იქ მოსახვედრად ქრთამსაც კი აძლევდნენ. ჩემი ახლობელი 5 თვის განმავლობაში თავის ხელფასის ნახევარს უხდიდა იმ სამხედროს, რომელმაც კონტრაქტორობა მოუხერხა. კორუფცია რუსი ჯარისთვის ძალიან "მშობლიურია". თუ კარგი სანაცნობო წრე გყავს, ყველაფერი­ შეიძლება გააკეთო - აიმაღლო წოდება, გააცდინო ცვლა, ჩააგდო ვარჯიშები, არ გამოცხადდე წვრთნე­ბზე, გაყიდო იარაღი და საბრძოლო მასალები, საკვები, მედიკამენტები. ცდუნება მრავალფეროვანია, გააჩნია, რამდენად ძლიერი და გავლენიანი მფარველები გყავს მეთაურობაში.პირველი კონტრაქტის დროს დაახლოებით 16 ათას რუბლს მიხდიდნენ, ჩემნაირისთვის,­ რომელსაც შინ 2010 წლამდე ტელევიზორი­ და მაცივარიც კი არ ჰქონდა, შვება იყო - რამდენიმე თვეში საცხოვრებელი შევიცვალე, ბინის გადასახადს ჩემი სამსახური ფარავდა. არმია ღარიბების თავშესაფარია. ელიტა თავის შვილებს შეიარაღებულ ძალებში არ უშვებს. ჯარი ღარიბებისთვისაა, ასეთი კი, რუსეთში არც ისე ცოტაა.

უმაღლესი განათლება არა მაქვს. სკოლის დამთავრების შემდეგ, ფიზიკურად ვმუშაობდი, რომ შინ პურის ფული მიმეტანა. შემდეგ უმცროსი ოფიცრის კურსები გავიარე. უკრაინაში ომის დაწყებისთვის შეიარაღებულ ძალებში მსახურების თითქმის შვიდწლიანი სტაჟი მქონდა.

2022 წლის თებერვლის ბოლოს ჩვენი მოტომსროლელი ბრიგადა ზაპოროჟიეს მხარეს გადაისროლეს. უცებ გამოჩეკილი "პატრიოტები", რომლებიც ორი კვირის ან თვის წინ სწავლებებსა და წვრთნებსაც კი თავს არიდებდნენ და შემდეგ მეთაურობასთან ქრთამებით დარბოდნენ, უცებ "ძლევამოსილი არმიის" "შვილები" გახდნენ და ახალბედა კონტრაქტორებთან დემაგოგობას მოჰყვნენ, უხსნიდნენ რას ნიშნავდა "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უკრაინისთვის, რომლის ხალხსაც ყელში ჰქონდა ამოსული პროდასავლური ხელისუფლების მოღალატური მმართველობა. მაგალითად ყირიმი მოჰყავდათ, სადაც ხალხმა ამოისუნთქა, მშენებლობების ბუმი დაიწყო, იქაურობა დუღდა და ასე შემდეგ...

ვიცოდი, ჩემი ნაცნობი­ სამხედროები რამხელა ფულს იხდიდნენ ყირიმში, სირიაში ან ლიბიაში მოსახვედრად, რადგან იქ დაახლოებით ხუთჯერ მეტს უხდიდნენ, ვიდრე კონტრაქტორებს. არმიაში ყველა მეორეს ბანკის ვალი ჰქონდა, არაერთხელ მომისმენია, წავალ რამდენიმე თვით, ვალის მეოთხედს მაინც დავფარავო.

იმ ღამეს, როდესაც რუსეთმა სამხედრო იერიში დაიწყო, ყირიმში ვიყავით და იქაურობას აშენებულისა და აყვავებულის არაფერი ეტყობოდა. პირველი იერიშის შემდეგ მივხვდი, რომ შემდგომ ეტაპზე ჩვენ ჩაგვრთავდნენ "ოპერაციაში" და სამსახურიდან დათხოვნის, კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ განცხადება დავწერე. დივიზიის შტაბის პოლკოვნიკმა უშვერი სიტყვებით გამლანძღა, რამდენიმე წლის წინანდელი კანონმდებლობა რომ მოქმედებდეს, ოფიცერი, რომელიც ბრძოლაზე უარს ამბობს, დახვრეტას იმსახურებსო.

ყირიმის შსს სამმართველოს განყოფილებაში წამიყვანეს და გზად შევნიშნე, რომ ხიდზე სამხედრო ბლოკპოსტები ჰქონდათ მოწყობილი, რაც მანამდე არ ყოფილა. მაშინ დავრწმუნდი, რომ მართლა ომისთვის ემზადებოდნენ. ყირიმის პოლიციის განყოფილებაში სამხედრო პოლიცია გამოიძახეს. ერთი სიტყვით, ჩემი მოთხოვნა არავინ გაითვალისწინა. ნაწილში დაბრუნებულს ასეთი სურათი დამხვდა: სამხედროები სამხედრო ტექნიკას თეთრი ასოებით აწერდნენ ძ-ს. მეთაურობა ბრძანებას ელოდებოდა. ჯერ ამბობდნენ, რომ მელიტოპოლის "გათავისუფლების" შემდეგ, იქ ბლოკპოსტის შექმნა და გამაგრება გვევალებოდა. იყო ვერსია, თითქოს იმ ბატალიონებში გადაგვანაწილებდნენ, სადაც ბრძოლისუნარიანი რესურსის დეფიციტი ექნებოდათ. ბოლოს ათეულებად დაგვყვეს. მე, ჩემს ათეულთან ერთად, არტილერისტები ჩამაბარეს. მელიტოპოლში 20 დღის განმავლობაში მომიწია ყოფნამ და სულ დაპირისპირება გვქონდა - ისინი ჩემს ბრძანებებს არ ასრულებდნენ, შესაბამის პირობებსა და აღჭურვილობას ითხოვდნენ. იყო დღეები, როდესაც მხოლოდ დილის საჭმელი მოჰქონდათ. ამის გამო ჯარისკაცები მაროდიორობდნენ. პოსტებს თავს ანებებდნენ და ნაწილისთვის წყლისა და საკვების­ მოსატანად დაძრწოდნენ. მეთაურობას ვაცნობე, რომ მათზე პასუხისმგებლობას ვიხსნიდი, რაზეც ისევ მუქარა მივიღე - შენს წინააღმდეგ საქმე არ შეწყვეტილა, კეთილინებე და ვითარება გააკონტროლეო. თოვლი და ყინვა იყო, მოუმზადებელი და მშიერ-მწყურვალი სამხედროებისთვის რა უნდა მექნა?! კურდღლებს­ ვიჭერდით და ვწვავდით, თოვლს ვადნობდით, დასალევი წყალი რომ გვქონოდა, ღამით რომ არ გავყინულიყავით, მანქანებში გვეძინა. ჩვენი ფუნქცია, ფაქტობრივად, ადგილობრივი მოსახლეობის ძარცვა იყო. ჩვენი სამხედროები ართმევდნენ ყველაფერს: პროდუქტის მარაგს, საქონელს, მანქანებს, რომლებითაც პროდუქტსა და სახლებიდან გამოზიდულ საყოფაცხოვრებო ტექნიკას ეზიდებოდნენ. დროდადრო იქაურობის განაღმვა გვევალებოდა. ერთხელ ჩემთან სულ რაღაც ნახევარ კილომეტრში უკრაინული სამხედრო ნაწილი აღმოვაჩინე. ბინოკლით მათ იმდენად ახლოს ვხედავდი, რომ აღჭურვილობის დათვალიერებაც კი შევძელი. ჩვენი ბიჭები მათთან შედარებით ვაგზლის მაწანწალებს ჰგავდნენ... ჩვენ შორის არსებული ტერიტორია უნდა დაგვენაღმა. ამ საქმეს რამდენიმე ჩემიანი შეეწირა, რადგან უკრაინელები ბევრად თანამედროვე ხედვის საშუალებებით გვაკონტროლებდნენ. მერე დავინახე, როგორ მარტივად ამოიღეს ჩვენების სიცოცხლის ფასად დამონტაჟებული ნაღმები.

ადამიანი არასდროს მომიკლავს და არც მოვკლავ, მით უფრო, ჯარისკაცს თავის ქვეყანაში, რომელიც თავის მიწას იცავს. ჩვენ ოკუპანტები ვიყავით და ამას უკრაინის საზღვრის გადაკვეთისთანავე უფრო მწვავედ ვგრძნობდი. მოსახლეობა ყველა ნაბიჯზე ცდილობდა ჩვენს დაზიანებას. მაღაზიის სარდაფში ჩასულ ჩვენს ბიჭებს კარი ჩაუკეტეს და რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ ყველანი დახოცილი ვიპოვეთ. "მოლოტოვის კოქტეილებს" გვესროდნენ, ჩვენს სამხედრო ტექნიკასა და მანქანებს წინ შიშველი ხელებით უდგებოდნენ. ერთხელ მოხუცმა ქალმა მითხრა, აქ დაიხოცებით, ჩვენს მიწაზე, და კი არ დაგმარხავთ, თქვენივე დანაღმულ მიწაზე დავყრით თქვენს ცხედრებს, პატრონებს მაინც არაფერში სჭირდებითო... სიმართლე იყო. დამკრძალავ ჯგუფს ბრძანება ჰქონდა, მძიმედ დაჭრილებისთვის იქვე ესროლათ, რათა "საქმე არ გაერთულებინათ". როდესაც ჩემი ათეულიდან ექვსი­ ჯარისკაცი პირველივე დღეებში­ დაიღუპა, გადავწყვიტე ეს მათი ოჯახებისთვის მეცნობებინა, თუმცა,­ როდესაც ეს პატაკში დავწერე, მეთაურმა მითხრა, როდესაც ამის დრო მოვა, თავად ვაცნობებ მათ ოჯახებსო. ასე მალავდნენ დანაკარგს. ამას რომ იგებდნენ ბიჭები, თვითდაზიანება დაიწყეს იმ იმედით, სამკურნალოდ გაგვიშვებენო, თუმცა მეთაურობა მათ სამხედრო ტრიბუნალით ემუქრებოდა და მკურნალობაზე უარს ეუბნებოდა. მე დავესწარი უკრაინელი სამხედროების დაკითხვას. ორი მათგანი სასტიკად აწამეს. პისტოლეტის ლულას შუბლზე ადებდნენ, სახეში ურტყამდნენ, აშიმშილებდნენ. მესამე სნაიპერი იყო. ყველას თვალწინ ტანსაცმელი გახადეს, იატაკზე დააგდეს და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.

ჩვენგან, როგორც სამოქალაქო, ასევე­ სამხედრო პირებისგან განსხვავებით, უკრაინელები ზომბირებული არ არიან. მე დედას გაჭირვებით ნაყიდი ტელევიზორი აივნიდან გადავუგდე, იმიტომ, რომ დილიდან საღამომდე ხელისუფლების გულისამრევ პროპაგანდას უსმენდა. შემდეგ კომპიუტერი ვუყიდე და იუთუბარხებზე შესვლა ვასწავლე, რომ სიმართლე გაეგო, რის შემდეგაც ძველ მეგობრებს, რომლებთან ერთადაც პუტინს ადიდებდა, დაშორდა.

- იმ ტყვეებს რა ბედი ეწიათ?

- ციხეში გადაიყვანეს, შემდეგ არ ვიცი... ის სნაიპერი მარიუპოლის დაცვაში­ მონაწილეობდა. ერთ ღამეს გალეშილი პოლკოვნიკი, რომელიც მის დაკითხვას ხელმძღვანელობდა, მთვრალი შევარდა მასთან, ხელ-ფეხში ესროლა. თუმცა მალევე დაეძინა, ჩვენ შევიპარეთ, ჭრილობა გადავუხვიეთ, რუსული სამხედრო ფორმა ჩავაცვით და სამხედრო ჰოსპიტალში გადავიყვანეთ. პოლკოვნიკი შოპაგი მაინც არ მოეშვა და თაბაშირიანს ჰკითხავდა. 16 წლის ბიჭი მახსოვს, სასტიკად სცემეს, ჩვენზე კოორდინატებს აძლევდა უკრაინულ ძალებს. შემდეგ მისი მშობლები მოვიდნენ და ისინიც დაიტოვეს.

ვიცოდი, თუ ეს გაგრძელდებოდა, თავს მოვიკლავდი. ორმხრივ ცეცხლში, ალბათ, ჩემგან ნასროლი ტყვია ვიღაცას მოხვედრია, მაგრამ ადამიანი არასდროს მომიკლავს.

- როგორ დატოვეთ სამხედრო ნაწილი?

- რამდენიმე კვირაში ჩემი განცხადების პასუხი მოვიდა - სამსახურიდან მიშვებდნენ. კიდევ კარგი, განაცხადის შეტანა მობილიზაციამდე მოვასწარი, მერე არავინ გამიშვებდა. პირველივე ცდაზე არ გამომივიდა რუსეთიდან წასვლა, მხოლოდ მეორედ გამიმართლა. ახლა მთავარია დედაც წამოვიყვანო და ის ჭაობი დავტოვო. ჯერ სხვა ოცნება არა მაქვს.