"სულ ამბობდა, აქ, უკრაინის მიწაზე, ჩემს საქართველოს, ჩემი ოჯახის სიმშვიდეს ვიცავო“
ის ორი ქვეყნის ჯარისკაცი იყო - უკრაინაში იბრძოდა იმისთვის, რომ საქართველოში მშვიდობა ყოფილიყო. დავით შარტავა 2003 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების "კომანდოსის" რიგებში ირიცხებოდა. პირველი საბრძოლო დავალება 2004 წელს ცხინვალის მისადგომებთან შეასრულა. შემდეგ, 2006 წელს, საზღვარგარეთ მოუხდა წასვლა, მაგრამ 2008 წელს, როგორც კი რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა, სასწრაფოდ დაბრუნდა. 2014 წლიდან უკრაინაში გააგრძელა რუს ოკუპანტებთან ბრძოლა. "ჩვენ გამო ბევრი უკრაინელი დაიღუპა, აფხაზეთისთვის, საქართველოსთვის... მუდამ გვეხმარებოდნენ. ჩვენი ძმები არიან და ძმებს მხარში უნდა ვედგეთ. მთავარია, აქ მშვიდობა იყოს. ამიტომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ", - ასეთი იყო დავითის უკრაინაში ბრძოლის მოტივი. ის 2021 წლის 18 აპრილს აღმოსავლეთ უკრაინაში, მარიუპოლთან მდებარე უკრაინის არმიის პოზიციების დაბომბვისას დაიღუპა. უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით ქართველი ჯარისკაცი გმირული მამაცობისთვის მესამე ხარისხის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
თანამებრძოლების ცნობით, დავითმა თავისი სიკვდილით ახალბედა უკრაინელი მებრძოლი გადაარჩინა. "დათო უშიშარი იყო. ყოველთვის წინა ხაზზე იყო. სხვათა შორის, თანამებრძოლებმა მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ გავიგეთ, რომ დათო მაგარი მსახიობიც ყოფილა", - იხსენებს "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი. დავით შარტავა თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ახმეტელისა და რუსთავის თეატრებში მუშაობდა. გარდა ამისა, ხატავდა, კვეთდა ხეზე, ცეკვავდა, მღეროდა... დარჩა მეუღლე და ორი შვილი.
მარინა ჟღენტი, დედა: - წესრიგი უყვარდა. საოცრად მოსიყვარულე და ალალი იყო. ვეუბნებოდი კიდეც, არ შეიძლება კაცი ასეთი ალალი და მიმნდობი იყოს-მეთქი. ადრე დაოჯახდა: დათო 22 წლის იყო, ჩემი რძალი - 17-ის. შვილიც ერთ წელიწადში შეეძინათ. იმ პერიოდში მუსკომედიის თეატრშიც სთავაზობდნენ როლს, მაგრამ მსახიობებს მაშინ იმდენად დაბალი ხელფასი ჰქონდათ, წუხდა, ამით ოჯახი როგორ ვარჩინოო. მოულოდნელად მიატოვა მსახიობობა და ჯარში წავიდა. 2004 წელს "კომანდოსთან" ერთად ცხინვალში შეასრულა პირველი საბრძოლო დავალება. წინა ხაზზე იბრძოდა. იქ შესანიშნავი ბიჭები დავკარგეთ. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ სათანადოდ არ დააფასა. ისევ თანამებრძოლებმა შეაგროვეს მათი ოჯახების დასახმარებლად ფული. როგორც მოგვიანებით გავიგე, ჩემი შვილი ყოფილა ამ ამბის ორგანიზატორი. თურმე ცხინვალთან ბრძოლისას ფეხში დაჭრილი გაჰკიდებია რუსების თუ ოსების ტანკს. სნაიპერიც მოუკლავს.
რამდენჯერმე ჰოსპიტალში იწვა, კონტუზიაც მიუღია, დაჭრილიც ყოფილა, მაგრამ ჩვენ არაფერი ვიცოდით. ცხინვალის ომში გადამირჩა, მაგრამ შინ ძალიან გამწარებული დაბრუნდა. მისი მეგობრები იყვნენ მოსული და მთელი ღამე ლაპარაკში გაათენეს, ბრაზობდნენ, გაყიდულია საქართველოო. კონტრაქტი რომ დაუმთავრდა, მერე აღარ გააგრძელა. ამბობდა, ჯარში ბევრი უსამართლობის ნახვამ მომიწიაო. შემდეგ უკრაინაში, მეგობართან წავიდა სამუშაოდ. 2008 წელს აგვისტოს ომი რომ დაიწყო, მაშინვე ჩამოვიდა, მაგრამ ომი უკვე დამთავრებული იყო. უკრაინაში აღარ გავუშვით. დარჩა, მაგრამ მოგვიანებით, როგორც კი გაიგო, რომ უკრაინაში "ქართული ლეგიონი" ჩამოყალიბდა, წავიდა. არადა, როგორ არ მინდოდა... ყველაფერი გამოსდიოდა ხელიდან, ხეზე მუშაობდა, საოცარ ნაკეთობებს ქმნიდა, ხატავდა, ფორტეპიანოზე უკრავდა, ცეკვავდა, ბავშვებისთვის კავეენის სცენარებს წერდა, დადგმაშიც ეხმარებოდა. ვთხოვე, თეატრში აღიდგინე თავი-მეთქი. არ მომისმინა, ანგელოზივით ცოლ-შვილი დატოვა და წავიდა. ერთი წლის შემდეგ შვებულებით ჩამოვიდა. ისევ ვთხოვე, აღარ გაბრუნებულიყო, მაგრამ შემპირდა, რომ ერთ წელში დაბრუნდებოდა. ვეღარ შეასრულა პირობა. ბოლოს რომ დავრეკე, სრულ სიბნელეში იყო. ვკითხე, რა ხდება, სად ხარ-მეთქი. თურმე წინა ხაზზე იყო. მითხრა, დედი, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო, და სამ დღეში დაიღუპა. ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი უსვრიათ... ჩემი შვილი ახალბედა, შვილის ტოლ ჯარისკაცს გადაჰფარებია. ის ბიჭი დაიჭრა, მაგრამ დათოს წყალობით გადარჩა. როგორც კი გონზე მოსულა, მაშინვე მოუკითხავს ჩემი შვილი.
თანამებრძოლებმა პატივით გამოაცილეს კიევიდან. უკრაინის ელჩი პირადად მოვიდა ჩემთან, მადლობა გადამიხადა გმირი შვილის გაზრდისთვის. ჩემი შვილის შესახებ მისი სიკვდილის მერე ისეთი ამბები მომდიოდა, გაოცებული ვიყავი. ერთ უკრაინელ გენერალს უთქვამს, შარტავა რომ უკან მეგულება, იმედიანად ვარო. უკრაინელი ჟურნალისტები ხშირად იღებდნენ მისგან ინტერვიუს. გამუდმებით იმის შესახებ საუბრობდა, რომ რუსეთი საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერია და ერთობლივად უნდა ებრძოლათ. ერთ ინტერვიუში ამბობდა, აქ, უკრაინის მიწაზე, ჩემს საქართველოს, ჩემი ოჯახის სიმშვიდეს ვიცავო.
გიორგი შარტავა, შვილი: - რაც დრო გადის, მით უფრო ვხვდები, რა დავკარგე მამას გარდაცვალებით. ის მხოლოდ კარგი მამა კი არა, სამაგალითო ადამიანი იყო. ყველაზე მეტად იმას ვაფასებ, რომ სამართლიანი და მებრძოლი ადამიანი იყო. იმის გამო, რომ ხშირად იყო უცხოეთში, პირისპირ საუბარი იშვიათად გვიწევდა. ჩემთვის თავისი ცხოვრების წესით ყოველთვის მაგალითი იყო. ერთხელ მამას თანამებრძოლი შემხვდა და ბევრი რამ მიამბო მის შესახებ. მითხრა, რომ დათო მხოლოდ ძალიან მაგარი მებრძოლი კი არა, სამართლიანი კაციც იყოო. ბედნიერი ვიყავი, ამას რომ ვისმენდი. მამაზე როგორც გმირზე, ისე ვფიქრობ, სიკვდილის შემდეგაც ახდენს ჩემს ცხოვრებაზე გავლენას. ვალდებულად ვგრძნობ თავს, ჩემს არჩეულ გზას არ გადავუხვიო - ვემსახურო სამშობლოს. ბოლოს რომ ვესაუბრე, მითხრა, საქართველო მენატრება და შვებულებით მინდა ჩამოსვლაო. მეორე დღეს დაიღუპა.
- ყველაზე მეტად რაზე გწყდებათ გული?
- გული მწყდება, როდესაც უკრაინაში მებრძოლი ქართველების დისკრედიტაციას ცდილობენ. მე ხომ ვიცი, მამაჩემი ვინ იყო და რა იდეალებით ცხოვრობდა. ძალიან ცდება ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ქართველები იქ ფულის სანაცვლოდ მიდიან. მამას ბოლოს სულ რაღაც 200 დოლარი ჰქონდა ხელფასი. ამ თანხის სანაცვლოდ ვინ დადებს საკუთარ სიცოცხლეს სასწორზე? 2008 წელს საქართველოში რომ შემოიჭრნენ რუსები, მამა მაშინ უკრაინაში იყო. ყოველდღე რეკავდა, ადგილს ვერ პოულობდა, ერთი სული ჰქონდა, როდის ჩამოვიდოდა, სურდა საქართველოს რითიმე დახმარებოდა. გაერთიანებულ, ძლევამოსილ საქართველოზე ოცნებობდა. 2014 წელს უკრაინაში ომი რომ დაიწყო, მაშინაც ცეცხლზე იჯდა. ამბობდა, რუსეთთან ბრძოლის შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვაო..
- თქვენც ხომ არ გაგჩენიათ წასვლის სურვილი?
- იმ წუთიდან, როდესაც გავიგე, რომ რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინაში, სულ მინდა წასვლა, მაგრამ ჩემი ოჯახის წინაშე მაქვს ვალდებულება, ჩემს ოჯახს ასეთ გასაჭირში ვეღარ ჩავაგდებ. ამასთან, აქაც ხომ უნდა დარჩეს ვინმე, რამე რომ მოხდეს. ბევრი ქართველი იბრძვის უკრაინაში, ყველა უცხოელს ერთად აღებულს აღემატებიან. ამ ომს უკრაინელების შემდეგ, ყველაზე მეტმა ქართველმა შეწირა თავი.
ხათუნა ბახტურიძე