„ამ ადამიანებმა მოგვცეს საშუალება, მადლიანი საქმე ვაკეთოთ“
სიღნაღში, ბოხორის დასახლებაში, ლალი ხანდოლიშვილის ოჯახი ინტელექტუალური პრობლემების მქონე ადამიანებთან ერთად ცხოვრობს. სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირის დამფუძნებელმა და დირექტორმა შშმ პირებთან მუშაობა 25 წლის წინ დაიწყო, უცხოეთში სტაჟირება გაიარა და საქართველოში სრულიად ახალ საქმიანობას ჩაუყარა საფუძველი. მის აშენებულ სახლებში ამჟამად 27 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იქვე მოწყობილ სკოლა-სახელოსნოებში სხვადასხვა ხელობას ეუფლება. ჩვენი ვიზიტის დროს ბოხორელ შშმ პირთა სამზარეულოში დიდი ფუსფუსი იყო, ერთ-ერთი ბენეფიციარი გოგონას დაბადების დღისთვის ემზადებოდნენ. სახელოსნოში ხელნაკეთი ხის სუვენირები და ნახატები ჰქონდათ გამოფენილი. ქალბატონმა ლალიმ სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირის დაარსების საინტერესო ისტორია გაგვაცნო:
- სიღნაღში ჩემს მეზობლად ცხოვრობდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 28 წლის ბიჭი, რომელსაც ერთ დღეს გარდაეცვალა დედა და ბებია. მაშინ გადავწყვიტე, ქვეყნის მასშტაბით მომეძებნა დაწესებულება, რომელიც მარტოდ დარჩენილ შშმ პირებზე იზრუნებდა, მაგრამ ვერ აღმოვაჩინე. გამოდიოდა, რომ მზრუნველის გარეშე დარჩენილი შშმ პირები ღვთის ანაბარად რჩებოდნენ. ბავშვთა სახლებში მყოფ შშმ პირებსაც თუ არ გამოუჩნდებოდათ პატრონი, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ან მოხუცთა თავშესაფრებში ანაწილებდნენ. ის სიღნაღელი ბიჭი შორეულმა ნათესავმა ფერმაში წაიყვანა და დღემდე იქ ცხოვრობს.
მოგვიანებით გავიგე, რომ გერმანიაში არის საცხოვრებლები, ე.წ. ჰაიმები, სადაც მსგავსი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები ცხოვრობენ. შრომით თერაპიას სპეციალურ სახელოსნოებში გადიოდნენ და დროს ნაყოფიერად ატარებდნენ. ამ პერიოდში თბილისში ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ადამიანებისთვის უკვე არსებობდა დღის ცენტრი. ისე მომეწონა იქაურობა, მოხალისედ, მუსიკის პედაგოგად მუშაობა შევთავაზე. კვირაში ერთ დღეს სიღნაღიდან ჩავდიოდი, სიმღერას ვასწავლიდი ბენეფიციარებს.
2000 წელს სოციალური თერაპიის სახლში ბელგიიდან ჩამოვიდა იან ბორკსი. ბელგიაში მას თავადაც ჰქონდა მსგავსი დაწესებულება, სადაც 50-მდე ინტელექტუალურად შეზღუდული პირი ოჯახურად ცხოვრობდა. იანმა ბელგიაში შშმ პირების სახლის გასაცნობად მიმიწვია. რამდენიმე თვე ვიცხოვრე მათთან. იქ მიღებული ცოდნა-გამოცდილებით დავბრუნდი და გადავწყვიტე, მსგავსი დაწესებულება მეც გამეხსნა.
ჩემს ოჯახს სიღნაღის ერთ-ერთ უბანში, ქედელში მიწის ნაკვეთი ჰქონდა, მის მიმდებარედ კი ძველი სახლი იყიდებოდა. ბელგიაში მოგროვილი ფულით ის სახლი და ძროხა ვიყიდე. შემდეგ ფერმის აშენება გადავწყვიტე და ჩემმა პროექტმა გაიმარჯვა - დონორმა ორგანიზაციამ ფერმის ასაშენებლად და 35 ძროხის საყიდლად ფული მოგვცა. რძის ნაწარმს ვყიდდით და ფულს ვაგროვებდით. 2002 წელს კი დაიწყო ჩემი ოცნების ასრულება, რადგან პირველი შშმ პირი მივიღეთ. 2010 წლამდე ყველა ერთად, ძველ შენობაში ვცხოვრობდით. არ გვქონდა შემოყვანილი გაზი, წყალი, ჭერიდან წყალი ჩამოგვდიოდა. მოგვიანებით ავაშენეთ შენობები და კეთილმოვაწყვეთ. ჩვენი დაწესებულება ბორკსების ბელგიური სახლის ანალოგი არ არის, რადგან შერწყმულია ქართულ რეალობასთან. მაგალითად, გვინდოდა ფართოდ გაგვეშალა კამპანია "იცხოვრე უნარშეზღუდული ადამიანების გვერდით". გვეპოვა ოჯახები, რომლებიც შშმ პირებთან ერთად იცხოვრებდნენ ჩვენს აშენებულ კომფორტულ სახლებში და იქვე დასაქმდებოდნენ. დასანანია, რომ მსურველი ჯერ არ გამოჩენილა.
2006 წლიდან სერვისპროვაიდერები ვართ და სახელმწიფო ბენეფიციარებს ბავშვთა სახლებიდან გვიგზავნის. ბელგიური ორგანიზაცია დღემდე გვერდში გვიდგას და გვეხმარება.
ინტელექტუალურად შეზღუდულ ადამიანებთან თანაცხოვრება ადვილი არ არის, მაგრამ მათთან ურთიერთობის გზებს ვეძებთ. ყველა მათგანს ისე ვექცევით, როგორც ჩვენს ტოლსა და სწორს. ყოველ წამს გვახსოვს, რომ ამ ადამიანებმა მოგვცეს საშუალება, მადლიანი საქმე ვაკეთოთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ჩემი და ჩემი მეუღლის ხელითაა აქ გაკეთებული, მაინც ვთვლით, რომ მათი სტუმრები ვართ და მათ სახლში ვცხოვრობთ.
თეა ყარაგოზიშვილი, თანადამფუძნებელი და მენეჯერი:
- ჩვენთან ყველაზე მცირე ასაკის ბენეფიციარი 20 წლისაა, ყველაზე უფროსი - 51-ის. ისინი სამ საცხოვრებელ სახლში არიან გადანაწილებული. თითოეულს საკუთარი ოთახი აქვს. საჭმელს კომფორტულ სასადილო ოთახებში მიირთმევენ, ერთმანეთს კი ერთიან სივრცეებში ხვდებიან, რომელიც ჩვენს დაწესებულებაში მრავლადაა. დილით იღვიძებენ, წესრიგდებიან, ზოგიერთს მომვლელები ეხმარებიან ჩაცმაში, ამის შემდეგ საუზმობენ. 10 საათზე ყველა ერთად ვდგებით წრეზე, რათა დავგეგმოთ დღე და იცოდნენ, რა უნდა გააკეთონ. ზოგს ფერმაში ვასაქმებთ, ზოგს სახელოსნოში, სადაც მუშაობენ ხეზე, ხატავენ, გობელენს ქსოვენ, სამზარეულოში საქმიანობენ და ა.შ. ყველა თავად ირჩევს, რა გააკეთოს. ყველა ჯგუფს ხელმძღვანელად ჩვენი თანამშრომელი ჰყავს და ის უნაწილებს დავალებებს. შემდეგ შესვენებაა, ყველა ვიკრიბებით და მერე კვლავ ვმუშაობთ. პირველ საათზე ვსადილობთ. შემდეგ მუშაობა 5 საათამდე გრძელდება, რასაც სამხარი მოსდევს. 6 საათზე ვაჯამებთ დღის განმავლობაში ნამუშევარს - წარმატებულებს ვაქებთ, დღის გმირად ვაცხადებთ, ტაშს ვუკრავთ, ჩამორჩენილებს კი რჩევებს ვაძლებთ. მსგავსი პრობლემების ადამიანები, თავი სრულფასოვან პიროვნებებად რომ იგრძნონ, სითბოსა და ყურადღებას საჭიროებენ და ჩვენც ყველაფერს ვაკეთებთ ამისათვის. მათ ნაკეთობებს ვყიდით და მათ დაინტერესებას უფრო ვზრდით. ახლახან საბავშვო ბაღებს გადავეცით ჩვენი ბენეფიციარების დამზადებული ხის სათამაშოები. ერთხანს ბოდბის მონასტერში, სიღნაღის კაფეში, თბილისის მაღაზია ,,რუსთველში" ვყიდდით ჩვენს ნივთებს. საშობაო და სააღდგომო გამოფენა-გაყიდვებზეც გვქონდა გატანილი. ჩვენთან მზადდება ხის ნივთებით სავსე სპეციალური ყუთი, რომლითაც პატარები ფერებისა და რიცხვების ცნობას, თვლასა და ანგარიშს ადვილად სწავლობენ.
გვყავს მარიამი და ლაშა, რომლებიც ერთმანეთთან მუსიკამ დააკავშირა და რომანტიკულ წყვილად აქცია. გვერდიგვერდ ჩამოსხდებიან და საათობით უსმენენ მელოდიებს. 18 წლის ლიკა კოჯრის ბავშვთა სახლიდან ჩამოვიყვანეთ. თავდაპირველად არ შემოდიოდა კონტაქტში, არ ლაპარაკობდა. ეტლით მოსარგებლე თამუნა ხშირად ავადმყოფობს და წევს. სურდა მეგობარი ჰყოლოდა და ლიკას ხშირად ეძახდა ხოლმე. თამუნამ იმდენი ქნა, რომ ლიკა აალაპარაკა.
დაუნისსინდრომიან ანდრო პოღოსიანს ხატვა უყვარს. ჩვენთან სტუმრად ცნობილი მხატვრები იყვნენ და გვითხრეს, პიკასოს სტილის მხატვარიაო. მისი რამდენიმე ნახატი კარგ ფასად გაიყიდა. ამას წინათ გვაცნობეს, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციებს ვახატვინებთ და იქნებ ანდრომაც დახატოსო. რამდენიმე ილუსტრაცია დაახატვინეს და ორმა ნახატმა კონკურსში გაიმარჯვა - "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციების წიგნში მოხვდა. ანდრო 1000 ლარით დააჯილდოეს.
ჩვენს ბაღში სამკურნალო მცენარეებს ვახარებთ, ვკრეფთ და ვაშრობთ, ზოგს ჩვენ ვიყენებთ და ზოგსაც მწვანე აფთიაქს ვაბარებთ. ხეხილიც გვიდგას, რომლისგანაც ჩირებს ვამზადებთ და ვყიდით.
ჩვენი მიზანია, ამ ადამიანებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ბიძგი მივცეთ, გამოვუმუშაოთ ყველა ის უნარ-ჩვევა, რომელთა წყალობითაც მუდმივად აღარ დასჭირდებათ მომვლელი - დახმარების გარეშეც შეძლებენ კერძის მომზადებას, სახლის დასუფთავებას, სოციალური პრობლემების მოგვარებას. ამით გვინდა ვუთხრათ შშმ პირთა ოჯახის წევრებსაც, რომელთა ნაწილი უარს ამბობს მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებზე, რომ გონებრივი თუ ფიზიკური პრობლემები არ არის განაჩენი.
ნელი ვარდიაშვილი