კანის დაავადებებისთვის დამახასიათებელია სეზონურობა - კვირის პალიტრა

კანის დაავადებებისთვის დამახასიათებელია სეზონურობა

ზაფხულის მოახლოებასა და ტემპერატურის მატებასთან ერთად, თავს იჩენს კანის სეზონური დაავადებებიც. `კვირის პალიტრის~ მკითხველების კითხვებს დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი თამარ ებანოიძე უპასუხებს.

- კანი ადამიანის ორგანიზმის ყველაზე დიდი და ფუნქციურად მრავალმხრივი ორგანოა. ის ორგანიზმის გარეგანი საფარველია და იცავს მექანიკური, ფიზიკური, ქიმიური ფაქტორების, მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისაგან. ამიტომაც მოვლა და გაფრთხილება სჭირდება თითქმის ყველა სეზონზე, განსაკუთრებით ტემპერატურის მატებასთან ერთად, ზაფხულში.

- კანის რომელი სეზონური დაავადებები იჩენს ამ დროს თავს?

- კანის დაავადებებისთვის დამახასიათებელია სეზონურობა. აქტიურდება ბევრი ქრონიკული დერმატოზი (წითელი ბრტყელი ლიქენი, ფსორიაზი, ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმიტი, დისკოიდური წითელი მგლურა და სხვა) და ჩნდება ახალი ინფექციების გაჩენის საშიშროება, როგორიცაა კანის ვირუსული, სტრეპტო-სტაფილოკოკური, სოკოვანი ინფექციები, ფოტოდერმატიტები, ფოტო-ფიტოდერმატიტები, ჭინჭრის ციება მზეზე და სხვა.

- როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ამ დაავადებასთან(ებთან) გვაქვს საქმე?

- გაზაფხულზე კანი, ასე ვთქვათ, ნაზამთრალია, გამომშრალი, და იოლად იღებს მიკრობებსა და სხვადასხვა ინფექციას. გარდა ამისა, ხშირდება გარემო ფაქტორებთან კონტაქტი, როგორიცაა მზე, ბალახი, მცენარეები, რის გამოც აქტიურდება ალერგიული დერმატიტები, ჭინჭრის ციება, ფოტო-ფიტოდერმატიტი და სხვა. თუ ეს პროცესი ქრონიკული არ არის ანუ თუნდაც ერთი ეპიზოდი არ ჰქონია ადამიანს, მას დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება. ამიტომ კანზე ნებისმიერი გამოვლინების დროს უნდა მივმართოთ სპეციალისტს, კერძოდ, დერმატოლოგს, კანის ექიმს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივმართოთ თვითმკურნალობას, ან მეზობლის, მეგობრის რჩევით სხვადასხვა საშუალების გამოყენებას, რამეთუ თითოეული ადამიანი დამოუკიდებელი ინდივიდია და ნებისმიერი დაავადება ინდივიდუალურად მიმდინარეობს.

- რამდენად გავრცელებულია კანის დაავადებები?

- საკმაოდ გავრცელებულია, რადგან შეიცვალა ეკოლოგიური გარემო, საკვები, ყოფა-ცხოვრების პირობები, რასაც კანი მყისიერად აღიქვამს და გვაძლევს პასუხს ყველა გამაღიზიანებელ ფაქტორზე.

პრევენციის ყველაზე საუკეთესო პირობაა, რომ კანი მუდმივად დატენიანებული გვქონდეს, განსაკუთრებით მას, ვისაც ბუნებრივად მშრალი კანი აქვს. გამომშრალ კანზე უფრო იოლად ვითარდება და აქტიურდება სხვადასხვა დერმატიტი.

- ჭინჭრის ციებაზე გვიამბეთ.

- ჭინჭრის ციება ერთ-ერთი რთული პრობლემაა და უფრო ხშირად თავს იჩენს გაზაფხულობით, როდესაც იზრდება გარემოში ალერგიული ფონი, როდესაც შეხება გვაქვს ბალახებთან, ხშირად გვიხდება მზეში ყოფნა (ფიტო-ფოტოდერმატიტი). ამ დროს შეიძლება დაგვეწყოს ალერგიული სურდო (ალერგიული რინიტი), ალერგიული ცრემლდენა (ალერგიული კონიუქტივიტი) ან კანზე ჭინჭრის ნასუსხივით გამონაყარი ქავილით, რომელიც 15-20 წუთში ქრება. ასეთი ნიშნების შემჩნევისას უნდა მივმართოთ ექიმს და არ დავიწყოთ თვითმკურნალობა, რადგან ეს სერიოზული პრობლემაა და უექიმოდ ვერ მოერევით, მით უმეტეს, არსებობს ჭინჭრის ციების ქრონიკული ფორმებიც.

- ჭინჭრის ციების პრევენცია არ შეიძლება სეზონის დადგომამდე?

- რა თქმა უნდა, შეიძლება გამოკვლევა ალერგიული ტესტების საშუალებით, რომლის შემდეგ პაციენტი უფრო მომზადებულია ალერგენ მცენარესთან გასამკლავებლად. თუ ეს პრობლემა ქრონიკულია და პაციენტის მდგომარეობა გაუსაძლისი, საჭიროა ალერგენსპეციფიკური მკურნალობა. მართალია, ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ შედეგიანი - ადამიანი შედარებით უკეთ გრძნობს თავს ბუნებაში.

- ხალის მოვლაზეც გკითხავთ. როგორც ვიცი, მასაც ახასიათებს სეზონურობა.

- დიახ, მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების გამო ძლიერდება პიგმენტაცია, ვითარდება ჰიპერმელანოზი: ლენტიგო, მელაზმა, აქტინური მელანოდერმია, აქტიურდება სხვადასხვა სახის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები ან ჩნდება ახალი.

- მართალია, რომ ხალი იგივე სიმსივნური წარმონაქმნია?

- დერმატოლოგიური კლასიფიკაციით ყველა პიგმენტური წარმონაქმნი კანზე მოიაზრება კანის ახალწარმონაქმნებად, პრეკანცერად. ამიტომ არა აქვს მნიშვნელობა, რომელ ასაკში გაჩნდება პიგმენტური წარმონაქმნი ან გააქტიურდება უკვე არსებული, ის სწორ დიაგნოსტირებასა და ექიმის ჩარევას საჭიროებს.

- ზოგი ხალს ტონალურით იფარავს, ზოგი თმას იშორებს ხალიდან.

- ნებისმიერი მექანიკური დაზიანება: გაპარსვის დროს გაჭრა, თმის მოცილება ან სხვა დასაშვები არ არის და საშიშროების შემცველია. რაც შეეხება ტონალურით ხალის დაფარვას, თუ ტონალური შეიცავს მზისგან დამცავ ფაქტორს, დასაშვებია.

- სავალდებულოა თუ არა ლაზერული ეპილაციის დროს ხალის დაფარვა?

- ლაზერით ეპილაციის დროს ხდება ძლიერი სინათლის სხივით ზემოქმედება პიგმენტზე და ამ დროს შესაძლებელია მელანინის უჯრედები გააქტიურდეს და ერთი შეხედვით უპრობლემო, მშვიდი პიგმენტური წარმონაქმნი შეიცვალოს. ამიტომ ლაზერული ეპილაციის დროს ხალი დაფარული უნდა იყოს სპეციალური სტიკით ან დამცავი კრემით, მით უმეტეს, თუ პიგმენტური წარმონაქმნი თმიანია.

- რა ტიპის ხალი არსებობს? რომელია საშიში, გასაფრთხილებელი?

- არსებობს კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პიგმენტური წარმონაქმნები, ე.წ. ხალები, სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა ზომის, რომელთა დიფერენცირება რთულია და ექიმის საქმეა. ყურადღება კი ყველანაირ ხალს უნდა მივაქციოთ, განსაკუთრებით მას, რომელზეც ექიმი მიგვითითებს.

- აქვს თუ არა მნიშვნელობა რა ასაკში გაჩნდება ხალი?

- არსებობს თანდაყოლილი პიგმენტური წარმონაქმნები, რომლებიც განსაკუთრებულ ჩარევას და მკურნალობას არ საჭიროებს, ყურადღებას კი, რა თქმა უნდა, საჭიროებს ნებისმიერ ასაკში გაჩენილი.

- როდისაა საჭირო ხალის მოცილება და რამდენად რთული პროცედურაა?

- ხალის მოცილება საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ განსაკუთრებული საფრთხის შემცველია. ამას ექიმი გადაწყვეტს და შეარჩევს მოცილების მეთოდებს: ელექტროკუაგულაციით, კრიოდესტრუქციით თუ ქირურგიული კვეთით.

ზაფხულში ხშირად გვიწევს ყოფნა მზეზე, შვებულების დროს ზღვაზე, მთაში... ნუ დავტოვებთ კანს ყურადღების გარეშე, თუ გვსურს ვიყოთ ჯანმრთელები და ლამაზები.