„წარსულის“ სახლი გუდიაშვილის მოედანზე
თბილისში, გუდიაშვილის მოედანზე უძველესი სახლი დგას, სადაც ახლახან XVI-XVII საუკუნეების საქართველოში ყველაზე დიდი თონე და უამრავი არტეფაქტი აღმოაჩინეს. მეც ამ სახლი-რესტორნის მეპატრონეს, არქეოლოგსა და ისტორიკოს ლაშა მამაგეიშვილს გავესაუბრე:
- ამ სახლში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი დიდი ოჯახით აქ ვცხოვრობ. 2012 წელს, სანამ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია დაიწყებოდა, მანამდე აქაურობას უამრავმა ადამიანმა, კომპანიამ თუ ინვესტორმა დაადგა თვალი. სრულიად აპირებდნენ აქაურობის იერის შეცვლას. მოსახლეობამ, ხელოვნებათმცოდნეებმა და მთლიანად ქალაქმა გადაარჩინა გუდიაშვილის მოედანი. ამის შემდეგ გაკეთდა რეაბილიტაცია, რომელიც 7 წელს გაგრძელდა.
აღდგენითი სამუშაოები ბოლოსკენ რომ მიდიოდა, გადავწყვიტეთ პატარა საოჯახო რესტორანი გაგვეხსნა. ეს იყო უზარმაზარი რისკი, რადგან ამ საქმეში გამოცდილება არ გვქონდა. მამა ქირურგია, დედა - პედაგოგი, მე ისტორიკოსი ვარ, თან პანდემიის დროს მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, როცა ყველა და ყველაფერი გაჩერებული იყო. "აწარმოე საქართველოს" გრანტის მოპოვებამ უფრო მეტი სტიმული მოგვცა.
რემონტის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, როცა სარდაფიდან მიწა გაიტანეს, მაშინ გამოჩნდა პირველი კონტურები და ჩემმა ძმამ დამირეკა, სასწრაფოდ მოდიო. იმ დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ვმუშაობდი, მაშინვე წამოვედი ჩემს კოლეგა-არქეოლოგებსა და ისტორიკოსებთან ერთად. შემდეგ პროფესიონალებმა გააგრძელეს გათხრები და პირველი, რაც აღმოაჩინეს, იყო XVI-XVII საუკუნების თონე. თონეშივე აღმოჩნდა IX საუკუნიდან გვიანი შუა საუკუნეების არქეოლოგიური ნივთები. სავარაუდოდ, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევამდე აქ საცხობი იყო. ეს თონე ფართობით ყველაზე დიდია თბილისში, რომლებიც კი ოდესმე აღმოჩენილა, და აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს დაინგრა. XIX საუკუნის დამდეგს, როდესაც მოედნის მშენებლობა დაიწყო, ყველაფერი მიწით გადაასწორეს. ამიტომაც მოიხსნა არქეოლოგიური ფენები და ამოივსო ეს თონეც.
ეს სახლი XIX საუკუნეში აშენდა, ოღონდ სულ სხვა ფორმის, 1915 წელს კი საბოლოო სახე მიიღო. XX საუკუნის დასაწყისის მოდერნის სტილის სახლი თბილისში მხოლოდ ორია: ერთი - ავლაბარში, რომელიც ნახევრად დანგრეულია, და მეორე - ჩვენი სახლი.
- თონის გარდა, კიდევ რა იპოვეთ?
- პირველი იყო თონე, შემდეგ ეს კედელი აღმოვაჩინეთ და როცა ბათქაში მოაცილეს, კედელი უნიკალური არქიტექტურული სტილის აღმოჩნდა. ფონდს, რომელიც რესტავრაციას აკეთებდა, გაწერილი ჰქონდა ხარჯები და ეს კედელი ახლიდან უნდა გალესილიყო. სამი განცხადების დაწერამ მომიწია, რომ არ გაელესათ და საბოლოოდ თავად დავიწყე კედლის რესტავრაცია. ერთი თვე მოვუნდი, სათითაოდ ყველა აგურმა ჩემს ხელში გაიარა. ამის მერე დერეფანში აღმოვაჩინეთ XVII საუკუნის კედელი ირანული სტილის ნიშებითა და თაღებით. გარდა ამისა, სახლის ეზოში ვნახეთ უნიკალური კედელი, მაგრამ რადგან ეზო უნდა გამოგვეყენებინა, ამიტომ კედელი დაკონსერვდა და ზემოდან გადაიგო ქვაფენილი.
- თონესთან ჩემი ყურადღება არტეფაქტებმა მიიპყრო, ისინი რომელი საუკუნეს მიეკუთვნება?
- არის XII-XIII საუკუნეების მოჭიქული სამარილე და ლამპა; IX საუკუნის დროინდელი ნაკურთხი წყლის შესანახი ჭურჭელი; XI საუკუნის დროინდელი ფირუზისფერი ნივთი. სხვათა შორის, თონის თავზე არის ჯვარი, რომელიც, როგორც მითხრეს, დამღაა. როცა აქ კედელი მოიხსნა, მაშინ ვიპოვეთ ეს უნიკალური აგურები დამღით და სხვადასხვა ადგილას ჩავაყოლე.
- როგორც ვიცი, აქ უძველესი რუკაც ინახება.
- ამ რუკას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. 90-იან წლებში ჩემი მეგობარი მუშაობდა ძველი თბილისის ტერიტორიაზე, სადაც მუშებმა სარდაფში იპოვეს დამტვერილი და დახეული რუკა. ჩემმა მეგობარმა რუკა მე მომიტანა. 1999 წელს ისტორიის ფაკულტეტზე ჩავაბარე და მას შემდეგ ვიკვლევ ამ რუკას. გადაქექილი მაქვს უამრავი არქივი როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში და ვერსად ვნახე. ეს კავკასიის მხარის სამხედრო ტოპოგრაფიული რუკაა და გამოცემულია 1869 წელს. ჩემი მეგობრების დახმარებით გავუკეთე რესტავრაცია და აქ გამოვფინეთ, რათა ყველას მისცემოდა ნახვის საშუალება.
- თქვენთან ინახება ასევე უნიკალური რადიო.
- 1954 წლის გამოშვებაა. როდესაც აქაურობის მოწყობა დავიწყეთ, უძველესი ნივთები მოვიძიეთ ახლობლებში. მაგალითად, ჩემი სიმამრი 90-იან წლებში ციხის უფროსი იყო და პატიმრებმა გაუკეთეს საჩუქრად ეს უნიკალური ჭაღები და შანდლები. ასევე გვაქვს XVIII საუკუნის, ერეკლეს პერიოდის ხმალი, XIX საუკუნის უნიკალური თოფი, რომელიც ჩემი მეგობრის სარდაფში ვიპოვეთ. აქ არის ასევე ორი წიგნი: ერთი ექვთიმე თაყაიშვილის ხელმოწერით, ხოლო მეორე - იოსებ იმედაშვილის ხელმოწერილი და 1929 წელს მისივე გამოცემული უცხო სიტყვათა ლექსიკონი.
ერთ დღესაც ჩემი მეზობელი მიგზავნის ლინკს, სადაც სურათზე ეს რადიოა გამოსახული. სასწრაფოდ იყიდე, კაპიკებად იყიდებაო. დავრეკე და ბავშვმა მიპასუხა, ძლივს გამაგებინა, სად უნდა მივსულიყავი. მოკლედ, სამების ეკლესიის ზევით მივაგენით სახლს. სახლსაც ვერ დავარქმევ, ბარაკივით იყო. რომ შევედით, 10-12 წლის ბავშვი დაგვხვდა, გვეუბნება, ბაბუამ მთხოვა, ეს რადიო გასაყიდად დამედო და მეზობელი მომეხმარა. ჩვენ ძალიან გვიჭირსო. ბაბუასთან მიმიყვანე-მეთქი, ვთხოვე და ჩამიყვანა სარდაფში, სადაც ინვალიდის ეტლში იჯდა მოხუცი, რომელიც თავისთვის ჩხირკედელაობდა და გარშემო უამრავი ძველი ნივთი ეწყო. ისე ცხოვრობდნენ, გული მომიკვდა. აღმოჩნდა, რომ ყველაზე ძვირფასი ნივთი, ეს რადიო ჰქონიათ. რა თქმა უნდა, ბევრად მეტი თანხა დავუტოვეთ და რომ წამოვიღეთ, გასაოცარი ის იყო, რომ გამართულად მუშაობდა.
- აქ როგორც კი შემოდის ადამიანი, ყურადღებას იპყრობს მარცხენა კუთხე...
- აქ ბებიაჩემისა და მისი მშობლების ფოტოებია გამოფენილი. ბებიაჩემის დედა გვარად კალოიანი იყო. კალოიანები XII-XIII საუკუნეებში ბულგარეთის მეფეები იყვნენ - ანუ სამეფო საგვარეულოს შთამომავალი გახლდათ ჩემი დიდი ბებია. ეს სახლი სწორედ ბებიამ და ბაბუამ შეიძინეს. ვინახავთ ჭაღებს, პიანინოს, მაგიდას და სკამებს, ტუმბოებს. ყველაფერი 20-იან წლებშია გამოშვებული და მათი შეძენილია. არისტროკატები იყვნენ, საოცარი ადამიანები. ამ პატარა სახლში ვცხოვრობდით ბებია და ბაბუა, ბიძაჩემი თავისი ოჯახითა და ჩვენი დიდი ოჯახი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, წარმოდგენა არ გვქონდა, აქ რა იყო.
- ამხელა სიმდიდრე ინახება თქვენთან. თუ დაინტერესდნენ ჩვენი არქეოლოგები?
- ვინც მონაწილეობდა გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციაში, ისინი პერიოდულად მოდიან. ასევე სხვებიც. ეს ჯერ ახალი ამბავია და ჯერ ფართო საზოგადოებამ არც იცის. განსაკუთრებით აღფრთოვანებას ვერ მალავენ უცხოელი ტურისტები, როდესაც ვყვები ამ ყველაფრის შესახებ.
საერთოდ, საქართველოში იმხელა სიმდიდრე ინახება, რომელზეც წარმოდგენა კიდევ დიდხანს არ გვექნება. თუნდაც ჩემი სახლის მაგალითზე მინდა ვთქვა - საზოგადოებაში საჭიროა ცნობიერების უფრო მეტად ამაღლება, მეტი განათლება. უფრო მეტი უნდა ვილაპარაკოთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაზე. ამაზე დიდი იარაღი არ არსებობს.
რუსუდან შაიშმელაშვილი